ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტს რომ ჰქონოდა რწმენა, ვიზიტებს თანხმობა არ სჭირდებოდა, არც მიმართავდა მთავრობას - ასევე, თუ ვიზიტები ლეგიტიმური იყო, რატომ არ დააფინანსა ბიუჯეტიდან? - კაზუსი უმარტივესად ამოხსნადია

ძალიან მარტივი კაზუსია - საჭირო იყო ვიზიტზე თანხმობა, ეს თანხმობა არ მიუღია, მაინც წავიდა, დაირღვა კონსტიტუცია - ამასთან, სალომე ზურაბიშვილს სამი სხვადასხვა ფორმით პირდაპირ აქვს აღიარებული, რომ ის არაკონსტიტუციურ ვიზიტებს ახორციელებდა და ეს შეგნებული და გაცნობიერებული ჰქონდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთი ავტორის სახით წარდგა.

კობახიძემ დაასახელა რამდენიმე არგუმენტი, რაც მისი აზრით, პრეზიდენტის ვიზიტების არაკონსტიტუციურობას ადასტურებს, მათ შორის ის, რომ პრეზიდენტმა აღნიშნული ვიზიტები პირადი ხარჯებით განახორციელა.

„ეს არის ძალიან მარტივი კაზუსი. მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში. ამ მუხლში წერია, რომ პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის სახელით შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და ასევე, მოლაპარაკებების წარმოება. პრეზიდენტმა ითხოვა თანხმობა, არ მიუღია, მაინც განახორციელა ვიზიტი - დაირღვა კონსტიტუციაა. რამდენად მარტივია ეს კაზუსი თავისი შინაარსით, ამაზე მსჯელობაც არაა საჭირო. გერმანიაში მაქვს დამთავრებული იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრატურა, დოქტორანტურა და ვიცი, როგორაა შედგენილი პირველი კურსის სახელმძღვანელოები - მოცემულია ასეთი კაზუსები, სადაც ასეთ მარტივ თემებზეა საუბარი. საჭირო იყო თანხმობა, არ მიუღია, მაინც წავიდა, დაირღვა კონსტიტუცია - უმარტივესი კაზუსია სინამდვილეში. მით უფრო მარტივადაა საქმე, რომ პრეზიდენტმა თავადვე აღიარა ვიზიტების არაკონსტიტუციურობა. კერძოდ, მან თავად ითხოვა თანხმობა ვიზიტზე. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ შესაბამისი ვიზიტის განხორციელება საჭიროებდა თანხმობას, შეგნებული ჰქონდა და მას შემდეგ, რაც თანხმობა ვერ მიიღო, მაინც განახორციელა ვიზიტი. მას რომ ჰქონოდა იმის რწმენა, რომ შესაბამის ვიზიტს თანხმობა არ სჭირდებოდა, არც მიმართავდა მთავრობას თანხმობის თხოვნით. გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მისი ვიზიტი თანხმობას საჭიროებდა. ასევე, მან მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი ვიზიტები ბიუჯეტიდან არ იყო დაფინანსებული და კერძო თანხებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, რაც მორიგი აღიარებაა. თუ ვიზიტი ლეგიტიმური იყო, რატომ არ დააფინანსა ბიუჯეტიდან? ეს იყო პირდაპირი აღიარება, რომ ვიზიტები იყო არალეგიტიმური და ამიტომ მოუწია მას არა ბიუჯეტის, არამედ საკუთარი ჯიბის ფულის დახარჯვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას რომ ბიუჯეტის ფული დაეხარჯა, ეს კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად, სისხლის სამართლის დანაშაულიც იქნებოდა, რადგან ეს კანონმდებლობით, არამიზნობრივი ხარჯია. როდესაც იმპიჩმენტზეა საუბარი, შესაძლოა, კონკრეტული დეპუტატების იმედი გქონდეს, რომ მხარს არ დაუჭერენ შენს გადაყენებას, მაგრამ თუ დანაშაულს ჩადიხარ, პოლიტიკოსების იმედზე ვერ იქნები. ამიტომ, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ არალეგიტიმურ ვიზიტში მიდიოდა, ამიტომ არა ბიუჯეტის, არამედ საკუთარი ფული დახარჯა. რაც არის იმის აღიარება, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა, მისი ვიზიტების არაკონსტიტუციური ბუნება. ასევე, კონკრეტული განცხადებები მინდა გავიხსენო - რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა ინტერვიუ, სადაც გააკეთა განცხადებები: ოფიციალურად არ ვარ უფლებამოსილი, ეს ვიზიტი განეხორციელებინა, მაგრამ ვმოქმედებ რწმენით და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. ამაზე მეტი აღიარება არ ვიცი. სამი სხვადასხვა ფორმით პირდაპირ აქვს აღიარებული, რომ ის არაკონსტიტუციურ ვიზიტებს ახორციელებდა და შეგნებული და გაცნობიერებული ჰქონდა. ეს კაზუსი ერთუცნობიანი განტოლების სირთულისაა. უმარტივესად ამოხსნადი. გარდა ამისა, სახეზე გვაქვს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აღიარებაც, რომ შეგნებულად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

თავად პრეზიდენტი სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო