თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილს - პარლამენტში თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ასე ზიხართ

პარლამენტში თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ასე ზიხართ, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, დართოს ნება დეპუტატებს, რომ შეძლონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულება.

„მე დღეს მოგმართავთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, შევიდეთ პრეზიდენტ სააკაშვილთან, ამგვარი დრაკონული აკრძალვა არც ერთ პარლამენტის თავმჯდომარეს არ მიუღია, როგორ გადაწყვეტილებასაც იღებთ თქვენ და კარგად გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებას თქვენ არ იღებთ, იმიტომ, რომ ამ პარლამენტში თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ასე ზიხართ. ამ პარლამენტის თავმჯდომარეც არ ბრძანდებით და მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი, რომელიც ФСБ-ს დავალებით დევნის პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა სწორედ ФСБ-ში დაიწერა, სწორედ სანქცირებული ფარცხალაძის მიერ, რომელსაც ამერიკელები ამხელენ იმაში, რომ ის რუსულ საქმეს აკეთებს“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნება შეშინებულია, განსაკუთრებით კი მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც „ამერიკელების სანქციების, ქართველების პროტესტის და რუსეთის მხრიდან სიკვდილის ეშინია“.

„დავეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ დღეს უკიდურესად შეშინებულად გამოიყურებით, არა მხოლოდ თქვენ პერსონალურად, ბატონო შალვა, როდესაც სარგებლობთ ბოროტად თქვენი დისკრეციული უფლებამოსილებით, რომ არ შეუშვათ დეპუტატები პრეზიდენტ სააკაშვილთან, არამედ უკიდურესად შეშინებულად გამოიყურება ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ამერიკელების სანქციების ეშინია, ქართველი ხალხის პროტესტის ეშინია და რუსეთისგან მას სიკვდილის ეშინია იმიტომ, რომ მან პუტინის მთავარი დავალება ვერ შეასრულა და ვერ მოახერხა საქართველოს რუსიფიკაცია, ამას ის ვერასოდეს მოახერხებს!“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა: „საიდან ამდენი სიძულვილი?!“

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო