მაია კოპალეიშვილი - წარდგინება მიუთითებს, თითქოს პრეზიდენტმა საგარეო ურთიერთობებში განახორციელა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება - ევროპული ვიზიტები სრულიად განსხვავებული ფორმატით ჩატარდა

წარდგინება მიუთითებს, თითქოს პრეზიდენტმა საგარეო ურთიერთობებში განახორციელა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება - ეს გულისხმობს შეხვედრებს, რომელიც მიმართულია პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური აქტის დადებისკენ, რომელზეც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს მთავრობა - მითითებული ევროპული ვიზიტები კი სრულიად განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

კოპალეიშვილმა განმარტა, თუ რა ტიპის ვიზიტებისთვის სჭირდება პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა, ასევე დაასახელა კონსტიტუციის ის მუხლი, რომლითაც სახელმწიფოს მეთაურის ფაქტობრივ სამართლებრივი სტატუსია განსაზღვრული და რომელიც მას ანიჭებს უფლებამოსილებას მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობაში.

მისი შეფასებით, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენტაცია, წარდგინებაში მოყვანილი სამი შეხვედრის კონსტიტუციის დარღვევად მიჩნევისთვის.

„ყურადღება უნდა მიექცეს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუსს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით მისი უფლებამოსილება საკმაოდ შეზღუდულია, გასათვალისწინებელია, რომ კონსტიტუციის თანახმად, ის არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და ბუნებრივია, კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს ანიჭებს გარკვეული სახის უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობებში, სადაც პრეზიდენტს არ სჭირდება მთავრობის თანხმობა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კონსტიტუციის სისტემური წაკითხვა, მათ შორის ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ საგარეო ურთიერთობებს, რომლებზეც საჭიროა მთავრობის მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. მთავრობის თანხმობით, წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელება როდისაა საჭირო, თვით 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მიუთითებს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას. მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს. ამ ნორმიდან წარდგინების შინაარსის გათვალისწინებით ყურადღებას მივაქცევთ პირველ ორს, ვინაიდან წარდგინება მიუთითებს, თითქოს პრეზიდენტმა განახორციელა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში და ეს განახორციელა მთავრობის ნებართვის გარეშე და თითქოს პრეზიდენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ მუხლის ნორმატიული შინაარსის სწორად გასაგებად და პრეზიდენტის ქმედების სამართლიანად შესაფასებლად, საჭიროა განვმარტოთ სიტყვები - ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. კონსტიტუციით გათვალისწინებულ ტერმინებს აქვს ავტონომიური შინაარსი. ასევე, უნდა შეფასდეს, პრეზიდენტის ფაქტობრივი ქმედებები, შეხვედრები, რომელსაც უმრავლესობას ედავება, რამდენად უტოლდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას და საჭიროებდა მთავრობის ნებართვას და აწარმოებდა თუ არა პრეზიდენტი მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. წარმომადგენლობით უფლებამოსილება კონსტიტუციის დასახელებული ნორმის მიზნებისთვის გულისხმობს უფლებამოსილებას, როდესაც საქართველოს მთავრობის თანხმობით საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობას მესამე პირებთან ერთად, საგარეო ურთიერთობაში კონკრეტული პოლიტიკური პროცესის ან/და შედეგის დადგომის მიზნით. წარმომადგენლობით უფლებამოსილება პრეზიდენტს წარმოეშობა მხოლოდ მთავრობის თანხმობის საფუძველზე და მთავრობის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სადაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი იქნება მთავრობა. საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მიერ მთავრობასთან კოორდინაციით და მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობით პოლიტიკური პროცესის წარმართვას, მთავრობასთან შეთანხმებით სპეციალურად შექმნილ ჯგუფთან ერთად სამუშაო პროცესის ჩატარებას, რაც ხანგრძლივი პროცესია და ამ მიზნით გამართული შეხვედრები მიმართულია პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური აქტის დადებისკენ, პოლიტიკურ დოკუმენტზე ხელმოწერისკენ, ახალი პოლიტიკის განხორციელებისკენ, რომელზეც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს მთავრობა. წარდგინებაში მითითებული ევროპული ვიზიტები სრულიად განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სამართლიანად გამოკვლევის შემთხვევაში, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენტაცია წარდგინებაში მოყვანილი სამი შეხვედრის კონსტიტუციის დარღვევად მიჩნევისთვის. წარდგინების ავტორთა მიერ კონსტიტუციის დარღვევად მიჩნეული საქართველოს პრეზიდენტის ევროპული ვიზიტები სრულიად თავსდება პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებაში, რომელთა განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობის თანხმობა არ სჭირდება“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.

მისივე თქმით, წარდგინების ავტორები ტექსტში სპეციალურად უვლიან გვერდს კონსტიტუციის 49-ე მუხლის დასახელებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილება არ საჭიროებს მთავრობის თანხმობას.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის შინაარსი არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს პრეზიდენტი სრულად შებოჭილია მთავრობის ნების გამოვლენით და მის გარეშე ვერ იმოქმედებს საგარეო ურთიერთობებში. კონსტიტუციური წარდგინების ავტორები წარდგინებაში სპეციალურად უვლიან გვერდს კონსტიტუციის 49-ე მუხლის სახელდებით მოხსენიებას. ამ მუხლითაა სწორედ განსაზღვრული პრეზიდენტის ფაქტობრივ სამართლებრივი სტატუსი. საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. პრეზიდენტს, როგორც ჩამოთვლილი სტატუსებისთვის თავსებადი შინაარსის შესაბამისი უფლებამოსილების მატარებელ პირს 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას დამოუკიდებლად, მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობაში დასახელებული დებულების ფარგლებში. პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილება არ საჭიროებს მთავრობის თანხმობას. ამის გამოა ის ცალკე მუხლში და საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად დადგება კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსის გამიჯვნის საჭიროების წინაშე“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო