„შავი დღე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში“ - როდესაც ამას პარლამენტის თავმჯდომარის პირით ვისმენთ, რომელიც არის გამეორება შეერთებული შტატების განცხადების რუსულ კანონთან მიმართებაში და ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ საქართველო ჩამოშორდეს დასავლეთს და გაძლიერდეს რუსეთის გავლენა - შემდეგ არავის უკვირს, რომ საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ფარცხალაძის მავნე გავლენების გამოძიება არ ხდება, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ყველას ეღიმება იმ გამოძიებებზე, რომლებიც საბოლოო ჯამში ანტი-ამერიკული განწყობებისთვის აქვთ გამოგონილი.
„აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი, რომელიც სოჭში რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ხვდება, საუბრობს, რომ თუ მხედველობაში არ მივიღებთ პრეზიდენტს, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან და აქვე მოგიწოდებთ თქვენ, რომ აღიაროს საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხიც დალაგდებაო. მე გაგახსენებთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებლობიანი მიდგომებით გამორჩეული და მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას. რატომ გიკვირთ კოლეგებო, როდესაც საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ინტერესებს ატარებთ თქვენ პირდაპირ თუ ირიბად. მე ხელში მიჭირავს რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციის ამონარიდი, ისევე როგორც საგარეო პოლიტიკის კონცეფციის და იცით რა წერია აქ?! აქ პირდაპირ წერია, რომ რუსეთის ფედერაცია უპირატესობას ანიჭებს ახლოსაზღვარგარეთში, მათ შორის, ფერადი რევოლუციების და რუსეთის მოკავშირეებისა და პარტნიორების საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობების აღკვეთას, ხოლო უსაფრთხოების კონცეფციაში პირდაპირ დადანაშაულებულია დასავლეთი. რატომ მიიჩნევს იცით ამ ფერად რევოლუციებს რუსეთი საფრთხედ?! ერთის მხრივ, მის გავლენას ასუსტებს სამეზობლოში, სადაც დემოკრატიული იყო ეს ფერადი, არაძალადობრივი რევოლუციები და მეორეს მხრივ, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების შიშით განპირობებული. ამ შიშთან მინდა პარალელები გავავლო, რომელსაც თქვენ ავლენთ, როდესაც გეშინიათ ტრენინგების, როდესაც გეშინიათ ახალგაზრდების, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებენ იმ კანონს, რითაც საქართველო შორდებოდა დასავლეთს. როდესაც სუს-ი რაღაც შეთითხნილ ბრალდებებს აქვეყნებს და ფარცხალაძეზე შესწავლაა დაწყებული, რომელიც არასდროს არ დასრულდება, ნუ გეწყინებათ, როდესაც ყველას ეღიმება იმ გამოძიებებზე, რომლებიც საბოლოო ჯამში ანტი-ამერიკული განწყობებისთვის გაქვთ გამოგონილი.
„შავი დღე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში“ - როდესაც ამას პარლამენტის თავმჯდომარის პირით ვისმენთ, რომელიც არის გამეორება შეერთებული შტატების განცხადების რუსულ კანონთან მიმართებაში და ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ საქართველო ჩამოშორდეს დასავლეთს და გაძლიერდეს რუსეთის გავლენა - შემდეგ არავის არ უკვირს, რომ არ ხდება გამოძიება ფარცხალაძის მავნე გავლენების საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე“, - განაცხადა აქუბარდიამ.
თავის მხრივ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული განცხადება ნიშანდობლივი ტყუილია.
„ქალბატონო თეონა, თქვენ თუ კონცეფცია ისეთივე სიზუსტით გესმით, როგორც ჩემი სიტყვები, ვერ ყოფილა საქმე კარგად. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა სად ვთქვი საერთოდ. ეს ძალიან ნიშანდობლივი ტყუილია, რომელსაც ავრცელებთ ახლა. თუკი უსაფრთხოების ექსპერტობა გსურთ, მე მგონი თქვენ უნდა იყოთ ამ საქმეში და თუ ასე ქარაფშუტულად უყურებთ ამ საკითხებს და მხოლოდ კონცეფციების კითხვა არის თქვენი უსაფრთხოების სტანდარტი, კი ბატონო“, - უპასუხა პაპუაშვილმა.