ირინა იმერლიშვილი - ბოლო ვადა არის 14 ოქტომბერი, როდესაც სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე პარლამენტს დასკვნა უნდა გაუგზავნოს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო საკითხზე სასამართლომ პარლამენტს დასკვნა 14 ოქტომბერს უნდა გაუგზავნოს.

აღნიშნულის შესახებ მოსამართლემ ჟურნალისტებს ბათუმში, სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

„პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინება 12 სექტემბერს გაგზავნა და სასამართლომ 14 სექტემბერს დაარეგისტრირა, შესაბამისად, ბოლო ვადა არის 14 ოქტომბერი, როდესაც სასამართლომ პარლამენტს დასკვნა უნდა გაუგზავნოს. სავარაუდოდ, ეს დრო დასჭირდება, ეს მომხსენებელ მოსამართლეზეა დამოკიდებული, მაგრამ დასჭირდება ეს დრო [გადაწყვეტილებისთვის]“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

კითხვაზე, თუ როგორი არგუმენტები ჰქონდათ სხდომის მონაწილეებს, იმერლიშვილი განმარტავს, რომ ამაზე მოსამართლე ვერ ისაუბრებს, რადგანაც მიმდინარე პროცესია და ამის საშუალება კანონმდებლობით არ აქვთ.

გარდა ამისა, მოსამართლემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ აქვს საზოგადოებას განცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ამიტომ, პროცესს ფორმალურად უყურებენ,

„ვერ გეტყვით. თუ ჩემზე ვისაუბრებთ, მე ნამდვილად გადაწყვეტილებაზე უნდა ვიფიქრო, არგუმენტებს უნდა მოვუსმინო და ვფიქრობ, რომ ჩემი კოლეგებიც მსგავსად მოიქცევიან, ამის იმედი მაქვს“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა დღეს, 11:00 საათზე განახლდება.

თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო