ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, რომ მისგან საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ველოდებოდით, არამედ იმიტომ, რომ ის იყო დიასპორის წარმომადგენელი, დიდი წინაპრების შთამომავალი

რეალურად, ასეთ ერთგვარ ჩიხში, რა თქმა უნდა, შესული ვართ, ძალიან დიდი ხანია. 2012 წლიდან ვართ შესული იმიტომ, რომ მთავრობაა პასუხისმგებელი საშინაო-საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე. მთავრობას მიაჩნია და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ამაში ხელი ეშლება საქართველოს პრეზიდენტისგან, განსაკუთრებით ეს ეხებოდა 2021-22 წლებში და მიმდინარე წელს. ეს პოლიტიკური სირთულე უკვე სახეზეა, როგორც არ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, როდესაც უპასუხა პლენუმის ერთ-ერთი წევრი მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის შეკითხვას, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა არ განხორციელდა, ერთგვარ ჩიხში ხომ არ შედის სახელმწიფო.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტს, კონსტიტუციის დარღვევის დროს, ოპოზიციის იმედი ჰქონდა.

„ჩვენ, კიდევ ერთხელ, შეგვიძლია აქაც ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი პოლიტიკური კუთხით არ არის ის, რომ ეს იმპიჩმენტში შეიძლება წარმატებით დასრულდეს, იმიტომ, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, პრეზიდენტს ჰქონდა ოპოზიციის იმედი, როდესაც კონსტიტუციას არღვევდა, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. ამიტომ, რა თქმა უნდა,ეს მოცემულობა დარჩება. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომც არ დაადგინოს, ჩვენ, ჩვენი პოზიცია უკვე გვაქვს დაფიქსირებული, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ჩვენი პოზიციით არ არის პრეზიდენტობის ღირსი. არის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოები, მთავრობა, პარლამენტი, ჩვენ წარმოვადგენთ საპარალამენტო უმრავლესობას, არა პარლამენტს, ანუ ჩვენ ხელშია გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ წარმოვადგენთ პარლამენტის 80 წევრს და აქაც საინტერესო რა არის - ჩვენ გვაქვს შესაბამისი მანდატი მინიჭებული და სწორედ ამ მანდატის გამო ირჩევენ დეპუტატებს“-განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ 2018 წელს, როდესაც პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩეს კონკრეტული კრიტერიუმებით გამოუცხადეს მას მხარდაჭერა.

„კრიტერიუმი რა იყო - ჩვენ რომ გვქონოდა იმის რწმენა, რომ პრეზიდენტი წარმატებით განახორციელებდა საგარეო და საშინაო პოლიტიკას, მას მხარს დავუჭერდით არა პრეზიდენტის, არამედ, პრემიერის პოზიციაზე. ამიტომ, ეს არის პრემიერის პრეროგატივა, მაგრამ მხარი იმიტომ დავუჭირეთ პრეზიდენტის პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა შეზღუდული მანდატი. მთავარი კრიტერიუმები საჯაროდაც იყო ნათქვამი, ის იყო დიასპორის წარმომადგენელი, დიდი წინაპრების შთამომავალი, რომ მას ჰქონდა რაღაც ევროპული ცხოვრებისეული გამოცდილება, ქალბატონი, ეს ჩვენი ისტორიული ტრადიცია და .ა.შ. ანუ პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა და შესაბამისად, ხალხმაც იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ მისგან ელოდებოდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, მას მხარი დაუჭირა არსებული მანდატის გათვალისწინებით, რაც კონსტიტუციაში იყო გაწერილი. დღეს პრეზიდენტი ცდილობს, რომ ამ მანდატს გასცდეს, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა. მთავარი ხომ არ არის როგორია ამ მანდატის ჩემი აღქმა, როგორც თანამდებობის პირის, მთავარია კონსტიტუცია რა მანდატს განიჭებს და შენ ხალხმა აგირჩია არა იმისთვის, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკა განახორციელო, რაში ჩაჭრასაც ცდილობს დღეს, პრეზიდენტი, არამედ შენ აგირჩია იმისთვის, რომ იყო სახელმწიფოს არსებითად სიმბოლური წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, მხოლოდ სიმბოლური არ არის პრეზიდენტის კომპეტენციები, მაგრამ პრეზიდენტი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არ არის. ხალხს მისთვის მინიჭებული აქვს შესაბამისი მანდატი, თუმცა ის ცდილობს, რომ ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს გასცდეს“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ქვეყნის საშინაო-საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის მანდატი პარლამენტს აქვს მინიჭებული.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს