საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს და იტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და პროცესი გადავა პარლამენტში, ამაში დარწმუნებული ვარ - მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შემადგენელი არის უფრო მეტი, ვიდრე სამართლებრივი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ წასვლაა.
„პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ ევროინტეგრაცია არის ჩვენი მიმართულება და ამ მიმართულებით მოძრაობდა ის. შეიძლება ვიღაც შეედავოს, რომ ეს დარღვევაა, რომ უნებართვოდ სადღაც წავიდა, მაგრამ სადაც წავიდა, რასაც აკეთებდა, ვისაც შეხვდა ეს ადამიანები ჩვენი მოკავშირეები არიან და ამიტომ, ჩემი აზრით, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ტექნოლოგიიდან გამომდინარე ყურადღების გადატანის მცდელობა, ეს არის „მესიჯი“ რუსეთის მიმართულებით, რომ ვინც ევროინტეგრაციის კუთხით აქტიურობს მას იმპიჩმენტის მოწყობას ვუპირებთო. საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს და იტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და პროცესი გადავა პარლამენტში, ამაში დარწმუნებული ვარ.
მხარეთა პოზიციებს თუ შევადარებთ ერთმანეთს - ძალიან სწორი პოზიცია აქვს პრეზიდენტის წარმომადგენლობას, მათ აქვთ ძალიან სწორი ტექსტები, ხოლო რაც შეეხება იმ პოლიტიკურ ტექსტებს, რომელსაც ვისმენთ მოსარჩელე მხრიდან - ასეთი პროცედურით საკონსტიტუციო სასამართლოს არც უნდა მიჰყავდეს საერთოდ ეს სხდომა, მაგრამ რაკი მიჰყავს, მიმაჩნია, რომ აქ პოლიტიკური შემადგენელი არის უფრო მეტი, ვიდრე სამართლებრივი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ვინც მოაწერს იმ დასკვნას ხელს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია ნახავთ, რომ მათ ყველას ექნება პარტიული წარსული და პარტიული დაინტერესება, სხვანაირად ეს ამბავი შეუძლებელია, რომ წარმოვიდგინოთ.
პირდაპირ გვითხრეს, რომ იმპიჩმენტის პროცესი აზიანებს კანდიდატის მიღების პერსპექტივას. იმპიჩმენტზე მხარდაჭერა ამის წინააღმდეგ წასვლა არის პირდაპირ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ის ასევე გამოეხმაურა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად დასახელების მიზეზებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეგონა, რომ პრეზიდენტობა ბუტაფორიული თანამდებობა იქნებოდა.
ძიძიგურის შეფასებით, გაზრდილრეიტინგიანი პოლიტიკოსი „ქართული ოცნების“ წამყვან პირებს გულზე არ ეხატებათ და არც ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ეხატებოდეს.
„ბუტაფორიად ნიშნავდნენ სალომე ზურაბიშვილს, ამიტომაც იყო დიდი მხარდაჭერა მათი მხრიდან. ფიქრობდნენ, რომ ეს არის სიმბოლური პრეზიდენტი. სიმბოლურ პრეზიდენტებს საყოველთაო კენჭისყრით არ ირჩევენ. დედამიწის ირგვლივ, სადაც პრეზიდენტი არსებობს, არ ირჩევენ პირდაპირი და საყოველთაო კენჭისყრით. როცა პირდაპირი და საყოველთაო კენჭისყრით ირჩევ პრეზიდენტს - კეთილი ინებე და იმის უფლება მიეცი, რომ წავიდეს და ქვეყანას რაღაცაში გამოადგეს. ის, რომ სალომე ზურაბიშვილს დააბრალო, რომ ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის და არა პირიქით, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და ხელს ვინ უშლის ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ.
სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ მან დაიწყო აქტიური ქმედება ევროინტეგრაციის საკითხებთან მიმართებაში და მისი რეიტინგი ამის შედეგად გაიზარდა და გაზრდილრეიტინგიანი პოლიტიკოსი „ქართული ოცნების“ წამყვან პირებს გულზე არ ეხატებათ და არც ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ეხატებოდეს, რადგან გაზრდილი რეიტინგით ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტი მათთვის ნამდვილად თავის ტკივილია.
თუ გადააყენებენ თანამდებობიდან მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო მეტი ხათაბალის წინაშე აღმოჩნდება. წარმოიდგინეთ ისეთი სცენარი, რომ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ მოხდა კონსოლიდაცია და ასეთ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ „ნაციონალებისა“ და სახელისუფლებო ძალის გარდა კიდევ იქნება ერთი დიდი, მსუყე გაერთიანება. სალომე ზურაბიშვილს უჩნდება შესაძლებლობა ლიდერობა გაუწიოს პროცესს და ეს მე მგონი, „ქართული ოცნებისთვის“ არანაკლებ თავის ტკივილია ვიდრე ის, რომ დღეს არ უჯერებს პრეზიდენტი მათ დირექტივებს“, - განაცხადა ძიძიგურმა.
გარდა ამისა, ზვიად ძიძიგური „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც აქციების დროს კარვების, თუ სხვა ტიპის კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვას გულისხმობს. მისი თქმით, თუ ადამიანებს სურთ გამოვიდნენ, პროტესტი დააფიქსირონ და პოზიციები საჯაროდ გამოხატონ, ასეთი შეზღუდვით ხელისუფლება უარეს შედეგს მიიღებს.
ზვიად ძიძიგურის შეფასებით, საზოგადოებაში არანაირი რევოლუციური განწყობა არ არსებობს და ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნებია.
„კარავი რატომ არის გამაღიზიანებელი იცით? კარავი, როცა იდგმება - ესე იგი ეს ხანგრძლივი აქციაა და ხელისუფლებები ამას ძალიან ნერვულად უყურებენ. მინდა გითხრათ, რომ არსად ხელისუფლებას არც ერთი ასეთი ტიპის შეზღუდვის თუ აკრძალვების მიუხედავად ხეირი არ უნახავს და პირიქით მოხდა, უფრო უარესი შედეგი მიიღო. თუ ადამიანებს სურთ გამოვიდნენ, პროტესტი დააფიქსირონ და პოზიციები საჯაროდ გამოხატონ, ასეთი შეზღუდვით პირიქით, უარეს შედეგს მიიღებს ხელისუფლება. ღიმილისმომგვრელია ასეთი ტიპის ნაბიჯების გადადგმა იმდენ ხელისუფლებას აქვს ეს შეცდომა დაშვებული უკვე საქართველოში, რომ შეცდომებზე, რომ ვსწავლობთ იმ თეზას კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ.
საერთოდ აკრძალონ მაშინ ყველანაირი შეკრება კარვით, თუ კარვის გარეშე და თქვან, რომ 10 კაცზე მეტი არ დავინახოთ შეკრებილიო, ეგ არის გამოსავალი?! საზოგადოებაში არ არსებობს არანაირი რევოლუციური განწყობა. ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის არჩევნები. ვინც სხვა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯს მე დარწმუნებული ვარ ქართული ხალხი მას მხარს არ დაუჭერს, იმ მწარე გაკვეთილებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე გავიარეთ“, - განაცხადა ძიძიგურმა.