საპროტესტო აქციებზე დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვის საკითხზე კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიღებულია.

კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საპროტესტო აქციების დროს დროებითი კონსტრუქციების განთავსებასთან დაკავშირებით ახალი ამკრძალავი ნორმები შემოდის, უმრავლესობის 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პროექტის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 20-მა წევრმა მისცა.

კენჭისყრას რამდენიმესაათიანი მუხლობრივი განხილვა და დებატები უძღოდა წინ.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, “საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო