გიორგი კალანდარიშვილი - საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, 2024 წელს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს - ცესკო ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს, როგორ მივცეთ ხმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით

საარჩევნო ადმინისტრაცია 9 ოქტომბრიდან იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას - როგორ მივცეთ ხმა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, 2024 წლის 26 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მაღალ პროფესიულ დონეზე ჩაატაროს.

„ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად გაიმართება ხალხმრავალ ადგილებში - მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, სავაჭრო ცენტრებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში - მოქალაქეებს პირადად შეეძლებათ ნახონ და პრაქტიკაში გამოცადონ, როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამავე მიზნით უკვე მომზადდა და საარჩევნო სიახლეების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება როგორც მედიაში, ასევე კინოთეატრებში და იუსტიციის სახლებში. დარიგდება საინფორმაციო ბროშურები. ამომრჩეველთა ინფორმირება იქნება ცესკოსა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტების ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამ მიზნით შესაბამისი გადამზადება ტრენერებს უკვე გავლილი აქვთ. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია გთავაზობთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს - უკვე შეიქმნა და ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსდა ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც ნებისმიერ პირს შეუძლია ონლაინ მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს, როგორ უნდა მისცეს ხმა ელექტრონული აპარატების გამოყენებით.

გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს - გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა - მიიღეთ მონაწილეობა ხალხმრავალ ადგილებში გამართულ იმიტირებულ კენჭისყრაში, გაეცანით საარჩევნო სიახლეებსა და პროცედურებს. არჩევნები საერთო საქმეა და ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამომრჩევლების ინფორმირებას.

საარჩევნო ადმინისტრაცია, თავის მხრივ, სრულად არის მზად 2024 წლის 26 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მაღალ პროფესიულ დონეზე ჩაატაროს. ის, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო პროცესებში წარმატებულია, 16 მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა სხვადასხვა მასშტაბის 8 პილოტმა, ამომრჩეველთა გამოკითხვამ, მიღებულმა გამოცდილებამ და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების დადებითმა შეფასებებმა დაადასტურა“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო