ირაკლი ღარიბაშვილი - ჯარის ქალაქი დასრულებულია და ჩვენ დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს ბინებს

ჯარის ქალაქი დასრულებულია და ჩვენ დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს ამ ლამაზ ბინებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მახათას მთაზე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის „ჯარის ქალაქში“ ბინების გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ იქნება ერთადერთი პროექტი და ანალოგიური პროექტი მალე შეიქმნება.

„მინდა ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება. ჯარის ქალაქი დასრულებულია და ჩვენ დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს ამ ლამაზ ბინებს. მინდა გითხრათ, რომ ვარ უზომოდ ბედნიერი და გახარებული, რომ კიდევ ერთი ჩვენ მიერ დაწყებული საქმე და პროექტი არის დასრულებული. იცით, ჩემი მინისტრობის დროს, მე გამოვაცხადე, რომ ჯარს ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის. დავიწყეთ ეტაპობრივად ყველა საკითხის მოგვარება და მოწესრიგება. იქნებოდა ეს ბაზების რეაბილიტაცია, აღჭურვილობის შეძენა. ნებისმიერი საკითხის მოგვარება და რაც მთავარია, ერთ-ერთი მთავარი პროექტი იყო სწორედ ჯარის ქალაქის რეალიზება. იცით, რომ ეს პროექტი ძალიან მოკლე ვადებში შესრულდა. მე მინდა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობას, მშენებლებს მადლობა გადავუხადო. იცით, რომ ჩვენ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს უპრეცედენტო პირობები შევთავაზეთ. მიხარია, რომ დღეს ეს პროექტი დასრულდა, მაგრამ მინდ გამოვაცხადო, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ეს პროექტი გაგრძელდება და ასეთივე ანალოგიური პროექტი შეიქმნება ძალიან მალე.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენი, სახელმწიფოს ვალია თქვენი სამსახური, თავდადება დავაფასოთ მაქსიმალურად. სამხედროების სამსახური არის ფასდაუდებელი და ყველანი, მთავრობა, ხელისუფლება ვალდებულები ვართ მაქსიმუმი გავაკეთოთ თქვენთვის, რომ დაფასდეს თქვენი სამსახური ჩვენი ქვეყნის წინაშე, თქვენი თავდადება, გმირობა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, გმირობის წინაშე. თქვენს ოჯახებს მინდა მადლობა გადავუხადო, თქვენს მეუღლეებს, თქვენს შვილებს. მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ მშვიდობა და გამარჯვება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბინების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით ასევე, გამოვიდა თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე. ცერემონიას თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.

სამხედრო მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი ბინების განაწილება ლოტოტრონის პრინციპზე დაყრდნობით განხორციელდა.

მახათას მთაზე უპრეცედენტო, მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა.

მახათას მთაზე სამხედროებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდა, რომლებშიც 1092 ბინა განთავსდა. სამხედროებმა 50მ2 (2-3 წევრი), 80მ2 (4 წევრი) და 110მ2-იანი (5 და მეტი წევრი) საცხოვრებელი ფართის შეძენა, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ − შეღავათიანი პირობებით − შეძლეს.

საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწიათ. ამ თანხის გადასახდელად მათ საშუალება ჰქონდათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ესარგებლათ.

პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება. ამ მიზნით „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგადაც მაიორი და ზევით ოფიცერთა შემადგენლობა, მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია ბინას მიიღებს, რაც იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა