თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო - პროცესს მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო, რომელზეც ბრალდებულები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.

სხდომა სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც დისტანციურად ესწრება მიხეილ სააკაშვილიც.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას დაიწყებენ, ვინაიდან გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ აღნიშნულის მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატები ითხოვდნენ, საქმის მასალები დეტალურად სცოდნოდა მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთს - ლაშა კლდიაშვილს, ვინაიდან ის საქმეში ახლახან ჩაერთო.

სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რამდენიმეწლიანი სასამართლო განხილვებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, პროცესები ისევ თავიდან ჩატარდება.

არსებული ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ვიდეომტკიცებულებებს გამოიკვლევენ, რომელიც 7 ნოემბრის დარბევას ასახავს.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - ხელისუფლებამ იცის, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების კუთხით ჩიხშია, ახლა მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ - არჩევნები მოიგონ და შემდეგ თქვან: ხალხმა ჩვენ აგვირჩია და დაანებეთ თავი ამ ქვეყანას
ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო