ანა ბუჩუკური - რეფორმების ნაცვლად ხელისუფლება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს მფარველობს - როგორც ჩანს, „ოცნებას“ შიში აქვს, რომ თუ ამ ადამიანებს სააშკარაოზე გამოიყვანს, ისინი მმართველი პარტიის მძიმე გადაწყვეტილებებზე ალაპარაკდებიან

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის, ანა ბუჩუკურის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უარი აქვს გაცხადებული.

მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სასამართლო რეფორმის შესახებ ვენეციის კომისია დასკვნა შეაფასა, სადაც ნათქვამია, რომ რეკომენდაციების ნაწილი შესრულებული არ არის. ანა ბუჩუკურის აზრით, რეფორმების ნაცვლად, ხელისუფლება მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო კლანს მფარველობს.

„ყველაფერი მოსწრებადია, თუკი პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ ამ პოლიტიკურ ნებაზე უარი აქვს გაცხადებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. რატომ? იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ზუსტად ის მმართველი რგოლი, რომლითაც ე.წ. კლანს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, ამ ძალიან ცნობილ გვარებს ხელში უჭირავთ სასამართლო სისტემაში ძალაუფლება. მაშინ, როდესაც მურუსიძე დაასანქცირა ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა მოკავშირე აშშ-მ რამდენიმე თვის წინ, ხელისუფლება გადაეფარა სანდო გირგვლიანის საქმის სანქცირებულ მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს. ფაქტობრივად, ოპოზიციას მოგვისპო ისეთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, როგორიც არის საგამოძიებო კომისია, რაც კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული. ხელისუფლება არათუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე მიდის, არამედ პირდაპირი გაგებით გადაეფარა მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო ჯგუფს მარტივი მიზეზის გამო - თუკი „ოცნება“ ადამიანებს სააშკარაოზე გამოიყვანს, როგორც ჩანს, „ოცნებას“ აქვს შიში, რომ ეს ადამიანები ალაპარაკდებიან „ოცნების“ მძიმე გადაწყვეტილებების შესახებ. სხვანაირად ვერ აიხსნება, რატომ მოუწია „ოცნებას“ ასეთი ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას, მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ კომპრომისზე წასვლა ნიშნავს არა შეთანხმებას და დათმობას, არამედ ფარულ გარიგებებს.

„ვერ გეტყვით სხვა ოპოზიციონერები რას აპირებენ. გახსოვთ წინა შემთხვევა, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით თითქოს ოპოზიციის ერთიანი პოზიცია იყო ის, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ გააძლიერებდნენ, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრებმა მხარი დაუჭირეს „ოცნებისთვის“ სასურველ კანდიდატს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ფარული გარიგება, რაც ამ 2 პარტიას შორის იყო.

კომპრომისი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ის, რომ თანამდებობაზე აირჩიონ „ოცნებასთან“ და მურუსიძე-ჩინჩალაძესთან აფილირებული ადამიანები. ეს კომპრომისი ჩვენი გუნდის მხრიდან ვერ იქნება, ვერაფერში გაიცვლება და ვერ გაიყიდება“,-განაცხადა ბუჩუკურმა. მისი შეფასებით, ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, დაეხმარო ხელისუფლებას, მართლმსაჯულების სისტემა სრულად გაანადგუროს.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინებს, ანა ბუჩუკურის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ანტიდასავლურ პოლიტიკას ახორციელებს, საქართველო კანდიდატის სტატუსს მაინც მიიღებს.

„სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ მოლოდინშია, რომ კანდიდატის სტატუსი რამენაირად მიიღოს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატის სტატუსს ეს ქვეყანა გეოპოლიტიკური მიზეზებიდან და იქიდან გამომდინარე მიიღებს, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიო გზავნილი აჩვენა ევროკავშირს მარტის აქციების დროს. მთავარი არის ის, რომ მაშინ, როდესაც მოლდოვას უკვე თვეების წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და უკვე მზად არის, რომ გაფართოებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველო ძალიან დიდი ნაბიჯებით ჩამორჩება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
„საქკაბელმა“ ენერგეტიკულ გამოფენაზე ახალი პროდუქცია წარადგინა
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო
GM PHARMA-ს მორიგი აღიარება და საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი