ნიკოლოზ სამხარაძე - ისრაელის ელჩი წარდგება საჯარო მოხსენებით და შემდეგ, როგორც ჩვენი პრაქტიკა არის ხოლმე, დავხურავთ სხდომას კითხვა-პასუხის რეჟიმისთვის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ისრაელის ელჩს უნდა მოუსმინონ, ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ისრაელზე თავდასხმას ტერორისტული თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი ცნობებით, მას 1300-მდე მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ჩვენ ვაგრძელებთ პრაქტიკას, როდესაც უცხო ქვეყნების ელჩები მოდიან საგარეო ურთიერთობა კომიტეტში, რათა წარმოადგინონ მათი ხედვა მათი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებზე. დღეს ჩვენი სტუმარია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ელჩი, ჰადას მეიცადი და, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იყო და იქნებოდა, რომ ეს მოსმენა წარმართულიყო მშვიდობიან გარემოში, როდესაც ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში იქნებოდა მშვიდობა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ ბარბაროსული თავდასხმა ისრაელზე. ტერორისტული თავდასხმა, რამაც შეიწირა, უკანასკნელი ინფორმაციით, დაახლოებით, 1300-მდე მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე და მინდა გთხოვოთ, რომ ფეხზე წამოვდგეთ და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ელჩის მოხსენების შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლისას კომიტეტი დაიხურება, რათა მეტად თავისუფლად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა ისრაელში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ.

„ქალბატონი ელჩი წარდგება საჯარო მოხსენებით და შემდეგ, როგორც ჩვენი პრაქტიკა არის ხოლმე, დავხურავთ სხდომას კითხვა-პასუხის რეჟიმისთვის, რათა უფრო თავისუფლად შევძლოთ იმ კითხვების დასმა, რომლებიც გვაინტერესებს და ქალბატონ ელჩსაც მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ ღიად გვიპასუხოს იმაზე თუ რა ხდება დღეს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში, რა მოლოდინებია და რა გამოწვევები არსებობს.

აქვე მინდა ყველა თქვენგანის სახელით დავუდასტურო მხარდაჭერა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე, დავუდასტურო ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ ისრაელის სახელმწიფოსთან გვქონდეს ძალიან მაღალი დონის პარტნიორული ურთიერთობა“,- განაცხადა სამხარაძემ.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს