რა სიტუაციაა ყარაბაღში და ვისი მედიატორობით შეიძლება შედგეს სამშვიდობო მოლაპარაკებები - ინტერვიუ საქართველოში სომხეთის ელჩთან

სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი მიიჩნევს, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სრული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით და თანაზომიერი განვითარების გზით. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორ აფასებს ელჩი უკანასკნელ შეიარაღებულ დაპირისპირებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, როგორ და ვისი ჩართულობით ხედავს სამშვიდობო მოლაპარაკებები და როგორ წარმოუდგენია ევროკავშირის თანამონაწილეობა რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესში, უფრო ვრცლად იხილეთ ინტერვიუში.

- მსურს რამდენიმე კვირის წინ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შესახებ გკითხოთ. ინტენსიურმა შეიარაღებულმა თავდასხმებმა ისიც გამოიწვია, რომ ეროვნებით სომხებმა მთიანი ყარაბაღის დატოვება დაიწყეს. როგორია ვითარება ახლა კონფლიქტის ზონაში ?

- 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა განახორციელა, რომლის დროსაც სამიზნე გახდა მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. ასობით ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო მოსახლეობა, ქალები და ბავშვები, მთიან ყარაბაღში ორდღიანი აგრესიის მსხვერპლი გახდა. 10 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და მათ ჩამოერთვა ყველანაირი საარსებო წყარო. მთიან ყარაბაღში განლაგებულმა რუსმა სამშვიდობოებმა, ფაქტობრივად, ვერ შეძლეს ამ აგრესიის შეჩერება მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მეტიც, რუსი სამშვიდობოებიც გახდნენ აზერბაიჯანული აგრესიის მსხვერპლი. და ეს აგრესია მოხდა ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების გზით მთიანი ყარაბაღის 10-თვიანი ბლოკადის შემდეგ, რამაც გამოიწვია საკვების, სამედიცინო საშუალებების, საწვავისა და პირველადი მოხმარების სხვა ნივთების ნაკლებობა მთიან ყარაბაღში, რამაც ამოწურვის პირას მიიყვანა მოსახლეობის გადარჩენისთვის საჭირო ყველა რესურსი. ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე მყოფი მთიანი ყარაბაღის მშვიდობიან მოსახლეობას სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა, გარდა მშობლიური მიწის დატოვებისა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ ათეულობით საუკუნის განმავლობაში. აგრესიიდან 3-4 დღის განმავლობაში 100 ათასზე მეტი ადამიანი, მთიანი ყარაბაღის თითქმის მთელი მოსახლეობა, იძულებით იქნა გადასახლებული, მათ თავშესაფარი იპოვეს სომხეთში.

- ჩვენ ვნახეთ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანს არავითარი კავშირი არ აქვს ყარაბაღის რეგიონის ადგილობრივი სომხების გადაწყვეტილებასთან, გადავიდნენ სომხეთში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში და რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მზადაა, მათი რეინტეგრაციის მიზნით შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. რა ვითარებაა ამ მხრივ? ვიცით, რომ რამდენიმე ათეულმა ათასმა სომეხმა დატოვა მთიანი ყარაბაღი, სომხეთის პრემიერმა კი ეს ფაქტი ეთნიკურ წმენდას დაუკავშირა. ხომ არ არის შესაძლებელი მათი უკან მთიან ყარაბაღში დაბრუნება და თავად თუ აქვთ ამის სურვილი ?

- ერთი ძველი და ბრძნული გამონათქვამია - „ადამიანების ზრახვები განისჯება არა მათი სიტყვებით, არამედ მათი მოქმედებებით“. გასული ერთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის პოლიტიკა და ქმედებები ნათლად წარმოაჩენს ამ მასობრივი დანაშაულის წინასწარ დაგეგმილ და ორგანიზებულ ხასიათს. მოსახლეობის შიმშილობის ზღვარზე მიყვანა და ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მეშვეობით სამშობლოს დატოვების იძულება - ყველა საერთაშორისო ნორმის უგულებელყოფით, აზერბაიჯანი წავიდა მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის განხორციელებაზე.

რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის სომხების დაბრუნების სურვილს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სურვილი ძალიან დიდია, რადგან ეს არის მშობლიური მიწა, სადაც ეს ხალხი და მათი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. თუმცა დღეს, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის დანაშაულებრივი ქცევის შემსწრე გავხდით, ამ ხალხის დაბრუნება მთიან ყარაბაღში, ამ უკანასკნელის მიერ წამოყენებული პირობებით, სახელმწიფოს სპონსორობით არმენოფობიისა და გენოციდის მუდმივ საფრთხის ქვეშ ცხოვრებას ნიშნავს.

- სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადების თანახმად, ბაქოსთან მოლაპარაკებები ბრიუსელის ფორმატში უნდა მიმდინარეობდეს. თუ შეგიძლიათ ცოტა მეტი დეტალი გვითხრათ ზოგადად მოლაპარაკებების პროცესის შესახებ?

- სომხეთმა არაერთხელ გამოაცხადა მზადყოფნა დადოს სამშვიდობო ხელშეკრულება აზერბაიჯანთან, რაც ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე და აქტიურად იყო ჩართული შესაბამისი მოლაპარაკებების პროცესში სხვადასხვა ფორმატში. სამწუხაროდ, აზერბაიჯანის ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აზერბაიჯანი უარყოფს შუამავლების ძალისხმევებს - მოლაპარაკებების გზით რეალური მშვიდობის მისაღწევად. აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ რჩება 2021 წლის მაისში და 2022 წლის სექტემბერში სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიები. უმაღლეს დონეზე აზერბაიჯანი რეგულარულად აცხადებს პრეტენზიას სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ. აზერბაიჯანი დღემდე უარს ამბობს აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე.

ფაქტობრივად, 2020 წლის ომის და შემდგომი აგრესიების, მთიანი ყარაბაღის თითქმის ერთწლიანი ბლოკადისა და განხორციელებული ეთნიკური წმენდის მიმართ ძირითადი საერთაშორისო აქტორებისა და შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან არსებითი ქმედებების არარსებობამ, აზერბაიჯანის მხრიდან დაუსჯელობის აღქმა გამოიწვია და ეს უკანასკნელი აგრძელებს პრობლემების ძალის გამოყენებით გადაჭრის ლოგიკით ხელმძღვანელობას. აზერბაიჯანის მოქმედების ასეთი სტილი ჩანს ამ უკანასკნელის კონტაქტებში საერთაშორისო აქტორებთან, რისი თვალსაჩინო მაგალითია გრანადაში ევროკავშირის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე აზერბაიჯანის მხრიდან ბოლო მომენტში უარის თქმა.

- კონფლიქტის უკანასკნელი გამწვავებისას, პირველად 30 წლის განმავლობაში გაეროს მისიამ მოიპოვა წვდომა მთიანი ყარაბაღის რეგიონში, ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვნად გესახებათ საერთაშორისო ორგანიზაციების მათ შორის ევროკავშირის როლი და ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე?

- დღეს ევროკავშირი, როგორც შუამავალი, ჩართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის მოლაპარაკებებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის ძალისხმევას ამ მიმართულებით, კერძოდ, გრანადაში შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, ისევე როგორც 2022 წლის სექტემბერში სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის შემდეგ, მოკლე დროში სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შექმნას, რაც მიზნად ისახავს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას.

გაუგებარია ევროკავშირის გარკვეული შებოჭილობა აზერბაიჯანთან ურთიერთობაში. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა აფიქსირებს მოსაზრებას, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია ენერგომატარებლების თვალსაზრისით და მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე აზერბაიჯანთან მიმართებით. მიუხედავად ამისა, საკითხი უნდა განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ და ღირებულებითი სისტემის დონეზე. გარდა ამისა, ექსპერტთა წრეების აზრით, აზერბაიჯანი უფრო მეტად არის დამოკიდებული ევროკავშირზე საკუთარი ენერგომატარებლების რეალიზების თვალსაზრისით, ვიდრე პირიქით. ეს არგუმენტი დომინანტური უნდა იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკაში.

მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ პირობებშიც კი, ევროკავშირი მისი აღიარებული ღირებულებების ერთგული დარჩეს და კვლავაც განაგრძოს მათი გავრცელების საქმეში მოწინავედ ყოფნა, რადგან მხოლოდ რეალური დემოკრატიული პროცესები შეიძლება იყოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისა და მდგრადი განვითარების საფუძველი.

- დაბოლოს, როგორ შეაფასებთ ზოგადად რეგიონში არსებულ ვითარებას, გამოწვევებსა და პერსპექტივებს ?

- დღეს მსოფლიოში მიმდინარე მთელ რიგ პროცესებს დამანგრეველი შედეგები აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ამჟამინდელი ლოგიკის შენარჩუნებისთვის და გლობალური მსოფლიო წესრიგის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფისთვის. აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ 2020 წელს გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომიც ასეთი პროცესების თვალსაჩინო მაგალითებს შორის უნდა იყოს. ამ ხნის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაფიო რეაგირების არარსებობა, მომხდარზე ზოგიერთი ქვეყნის მდუმარე თანხმობა, მორიგი დარტყმა და განგაში იყო, რომლის სამიზნეში, ჩვენი რეგიონის გარდა, აღმოჩნდა მთელი საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა.

ნათქვამში არაფერია გაზვიადებული. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დარღვევით, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა „ყველა საკითხი მოეგვარებინა“ უხეში ძალის გამოყენებით, რომელსაც თან ახლდა სამხედრო დანაშაულები. აზერბაიჯანის ამ ავანტიურამ არა მხოლოდ დაანგრია ათიათასობით ადამიანის ბედი, შეარყია რეგიონის მთელი უსაფრთხოების სისტემა, არამედ გახდა საკითხების ძალისმიერი გზით და იძულებით გადაწყვეტის მორიგი დაუსჯელი მაგალითი.

მეტიც, დაუსჯელობის შედეგია ის, რომ მთიანი ყარაბაღის, დაახლოებით, 100 000 მცხოვრები იძულებით გადაადგილდა და იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სამშობლო, ხოლო აზერბაიჯანი კვლავ ცდილობს ძალისა და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას, რათა რეგიონში პირობებს კარნახობდეს, თუმცა მას ავიწყდება, რომ, მაგალითად, ენერგომატარებლების ექსპორტთან დაკავშირებით ის დიდად არის დამოკიდებული ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე - საქართველოზე. მოვლენების მსგავსი განვითარება მთელ რიგ ქვეყნებში უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სერიოზული საფრთხის განცდას იწვევს და ხდება მათი მოგვარების ახალი მიდგომების ძიების საფუძველი.

ვფიქრობ, ჩვენი რეგიონი იმდენად პატარაა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სრული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით და თანაზომიერი განვითარებით. სწორედ ამ გაცნობიერებით, მიუხედავად მრავალი სირთულისა, სომხეთი ჩაერთო თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში, გულწრფელი მისწრაფებით და კონსტრუქციული განწყობით პრობლემების გადასაჭრელად.

ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთის პოზიციები ბევრ საკითხში იდენტურია აზერბაიჯანის შეხედულებებისა, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ რეგიონული მშვიდობა მოითხოვს კოლექტიურ პასუხისმგებლობას. სომხეთი მზადაა აიღოს თავისი წილი ამ საერთო პასუხისმგებლობაში და იმედოვნებს, რომ სხვებიც გამოიჩენენ იგივე ნებას. მეტიც, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების რაც შეიძლება მალე დარეგულირებას მნიშვნელოვანი წვლილი ექნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რეალური მშვიდობის დამყარების საქმეში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო