"ქართული ოცნების" მონაწილეობით პოლიტიკური ფარსი გრძელდება და ამაში ჩართულია საკონსტიტუციო სასამართლო , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ პარლამენტში 100 ადამიანი მოიძებნება, რომელიც იტყვის, რომ პრეზიდენტი ევროპაში ვიზიტების გამო უნდა დაისაჯოს.
"ჩვენ ვამბობდით, რომ 6 საკმარისი ხმა ჰქონდა "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციოში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყოდა, რომ პრეზიდენტს არ დაურღვევია კონსტიტუცია, მაშინ უნდა დაწყებულიყო ირაკლი კობახიძის პოლიტიკური იმპიჩმენტის საკითხი. ეს საკითხი არ და ვერ დადგებოდა "ქართული ოცნების" პირობებში, ჩვენ ვნახეთ ფარსი, რომელიც გადაინაცვლებს პარლამენტში. მე არ მგონია, რომ პარლამენტში იყოს 100 ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ დასავლეთში ვიზიტების გამო უნდა დაისაჯოს პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, პოლიტიკურად ვეთანხმები თუ არა მას", - განაცხადა მანჯგალაძემ.