„საერთაშორისო გამჭვირვალობა" - პარლამენტი დახურული უწყება ხდება - დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა პარლამენტის წევრებს დისკომფორტს უქმნის

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, პარლამენტმა 4 სექტემბერს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის განახლებული წესები დაამტკიცა, რომელიც პარლამენტის ღიაობასა და გამჭვირვალობას მნიშვნელოვნად აუარესებს.

მათივე განცხადებით, უსაფრთხოების მოტივით პარლამენტმა საზოგადოების მის საქმიანობაში ჩართულობა შეზღუდა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი წესები ასევე წინააღმდეგობაშია გამოხატვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს პარლამენტის დახურულ უწყებად ქცევის იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომელსაც უკანასკნელი წლებია ქვეყნის წარმომადგენლობითი ორგანო ატარებს.

„პარლამენტის უსაფრთხოების დაცვის განახლებული წესები მნიშვნელოვნად ზღუდავს საპარლამენტო საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, რაც საბოლოოდ პარლამენტს დახურულ უწყებად აქცევს.

განახლებული წესები, რომლის თანახმადაც, ვიზიტორს პარლამენტის აპარატის თანხმობის გარეშე ბრიფინგის ჩასატარებელ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია ეკრძალება და პარლამენტის შენობაში სადემონსტრაციო ბანერების და პოსტერების შეტანა იკრძალება, გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაშია. პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა იყოს დაცული. მისი შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც საფრთხე სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სხვა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს ემუქრება. დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა პარლამენტის წევრებს დისკომფორტს უქმნის.

2023 წლის 5 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტის შინაგანაწესის ცვლილებების პროექტი მომზადდა, რომლის თანახმადაც, პარლამენტის აპარატის თანამშრომელს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა დეპარტამენტის თანხმობის გარეშე ბრიფინგის ჩასატარებელ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალებათ.

საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის გადამწყვეტია. პარლამენტი საზოგადოების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულობას ხელს უნდა უწყობდეს. ახალი წესებით პარლამენტის შენობაში საშვის დაშვების პროცედურები მკაცრდება და პარლამენტში შესვლის კონკრეტული მიზნის აღრიცხვა აუცილებელი ხდება. აღნიშნული შეზღუდვა გაუმართლებელია, ვინაიდან შეზღუდვები მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით უნდა მოქმედებდეს და თუკი ამ მიზანს არ ემუქრება საფრთხე, მოქალაქეს თავისუფლად უნდა შეეძლოს კომიტეტის სხდომებსა და პარლამენტში გამართულ ღია ღონისძიებებზე დასწრება.

მე-10 მოწვევის პარლამენტმა პარლამენტის დახურულ და გაუმჭვირვალე უწყებად ქცევის პოლიტიკის განხორციელება უკანასკნელი წლებია აქტიურად დაიწყო და ახალი წესებიც ამის გაგრძელებაა.

პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში შესვლა არაერთხელ დაუსაბუთებლად შეეზღუდათ. საკანონმდებლო ორგანოში წესად დამკვიდრდა უსაფრთხოების რეჟიმის გამოცხადება და საშვების დაშვების შეზღუდვა, როდესაც პარლამენტში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხი განიხილება და კრიტიკული შეფასებებია მოსალოდნელი. ამასთან ერთად, სხვადასხვა პერიოდში პარლამენტის შენობის შესასვლელში რკინის ჯებირი იყო განთავსებული.

2022 წლიდან პარლამენტის დახურულ უწყებად ქცევის პოლიტიკა პარლამენტის მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებსაც შეეხოთ. პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარლამენტის მონიტორინგს ახორციელებენ, რაც პარლამენტის საქმიანობაზე დაკვირვების პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. პარლამენტის შენობაში წლებია სამუშაო სივრცით სარგებლობდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2022 წელს 5 საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციას პარლამენტში სამუშაო სივრცის დატოვება მოსთხოვეს რემონტის მოტივით, რასაც მათთვის საშვების გაუქმება მალევე მოჰყვა.

2023 წელს ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის განახლებული რეგულაციები, რომელმაც პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა, რაც თავის მხრივ, აისახება მოსახლეობის ინფორმირების ხარისხზე და საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისათვის.

2023 წელს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ყოფილ წევრს საშვის გარეშე პარლამენტის შენობაში შესვლა აღარ შეუძლია“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, „საკანონმდებლო ორგანოს დახურულ უწყებად ქცევა განსაკუთრებით საგანგაშო და სამწუხაროა იმ მიღწევების ფონზე, რაც საქართველოს პარლამენტს ღია მმართველობის სფეროში ჰქონდა“.

„2015 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც შეიმუშავა და მიიღო ღია პარლამენტის პირველი სამოქმედო გეგმა (2015-2016) და ასევე ხელი მოაწერა „დეკლარაციას ღია პარლამენტის შესახებ”. დეკლარაციის თანახმად, პარლამენტი ვალდებულია მოქალაქეები და სამოქალაქო საზოგადოება, დისკრიმინაციის გარეშე, საკანონმდებლო და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში აქტიურად ჩართოს, რათა მოქალაქეების ინტერესები ეფექტიანად წარმოადგინოს. ამავე წელს „ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს“ (OGP Government Champions Award) გამარჯვებულად OGP-ის წევრ 65 ქვეყანას შორის საქართველო დასახელდა.

პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო, რომლის ძირითადი ფუნქცია პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, არსებულ გამოწვევებზე არ რეაგირებს.

საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს საქმიანობის გამჭვირვალობა, ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა და დაიცვას დემოკრატიული მმართველობის პრინციპები“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა