ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინება, არასრულწლოვანთა ორსულობა-მშობიარობა, ფემინიციდი და შეწყვეტილი განათლება - რა სიტუაციაა ქვეყანაში?

ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინება და ნიშნობა, შეწყვეტილი განათლება, არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა, ფემინიციდი - ეს გამოწვევები ქვეყანაში ჯერ კიდევ მწვავედ დგას. რა არის აღნიშნული პრობლემების მიზეზი, ძალოვანი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება, საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა, თუ ნაადრევი ქორწინების ტრადიცია? - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სოფო რუსეცკი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინებისა და ორსულობის შემთხვევების საკმაოდ მძიმე სტატისტიკაზე საუბრობს.

რუსეცკის თქმით, 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით 815 არასრულწლოვანი ორსული იყო. როგორც ის განმარტავს, ამავე წელს 434-მა არასრულწლოვანმა იმშობიარა.

- არასრულწლოვანთა ქორწინება ქვეყანაში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. აღნიშნული დანაშაული ძირითადად, სხვადასხვა ეთნიკური, თუ რელიგიური კუთვნილების თემებში ხდება. რა არის ამის მიზეზი, შესაბამისი კანონმდებლობის არ არსებობა, თუ პრევენციული ზომების არ ქონა?

- ეს საზიანო პრაქტიკა - ბავშვობის ასაკში ქორწინება ჩვენს ქვეყანაში მართლაც დგას მწვავედ და წლიდან წლამდე, ეს ციფრები არ იცვლება, ამ მიმართულებით ისევ საგანგაშო მდგომარეობაა. რაც შეეხება მიზეზებს, სახალხო დამცველის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ბავშვთა უფლებებია, მუშაობის პროცესში ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ადრეულ ასაკში ქორწინებაზე ვაკეთებთ. ძირითადად, გენდერულ უთანასწორობასთან მივდივართ - ქალები, გოგოები რეპროდუქციის კუთხით არიან აღქმულები, მათ მხოლოდ ოჯახის შექმნაში ხედავენ, ეს მყარად გადგმული სტერეოტიპები, გენდერული როლები, ნორმები, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ძირითადი პირობაა ალბათ იმისა, რომ საზოგადოება ქალსა და კაცს სხვადასხვა როლებს ანიჭებს. რა თქმა უნდა, ამის გამო ხდება ხშირად ადრეულ ასაკში ქორწინება, იძულებითი ნიშნობა, იძულებითი ქორწინების შემთხვევები.

- როგორია სტატისტიკა, ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანთა ქორწინება ნებაყოფლობით ხდება, თუ იძულებით?

- ვინაიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ჩაშლილ სტატისტიკურ მონაცემებს არ აწარმოებს, კონკრეტულად ვერ გეტყვით, ადრეულ ასაკში რა სახის ქორწინებებია ხშირად. სახალხო დამცველის აპარატი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეისწავლის, ბოლო წლებში მომართვიანობა გაზრდილია იძულებით ნიშნობის და იძულებით ქორწინების შემთხვევებზე. ძირითადად, მესამე პირები მოგვმართავენ ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, როცა მეზობლებს, ბავშვის კლასელებს, ან უბრალოდ თანასოფლელებს მოუმართავთ, ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ მომართვა ანონიმური იყოს. სამწუხაროდ, სტერეოტიპების გამო, შესაძლოა, თავად მომმართველი გახდეს სხვადასხვა პირისგან ძალადობის მსხვერპლი. სტატისტიკური მონაცემები, რასაც სახალხო დამცველი ყოველწლიურად ითხოვს, შემიძლია მოგახსენოთ. მაგალითად, 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით 815 არასრულწლოვანი ორსული იყო, აქედან მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს. წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს როგორი მასშტაბურია. როცა ადრეულ ასაკში ქორწინება ხდება, გოგოები განათლების მიღებას წყვეტენ. სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს 47-მა გოგომ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა.

- სისხლის სამართლის კოდექსში ქორწინების იძულების სპეციალური ნორმის შემოტანამ და კრიმინალიზებამ თუ გამოიღო შედეგი და რა ხარვეზებს ხედავთ ამ კუთხით კანონმდებლობაში?

- აღნიშნულთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი არ მაქვს, რადგან სრულყოფილი სტატისტიკა არ გვაქვს. 2017 წელს შევცვალეთ კანონმდებლობა, 18-წლამდე პირთა ქორწინება აიკრძალა, აქამდე მშობლის თანხმობით იყო შესაძლებელი ადრეულ ასაკში ქორწინება, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებით, მაგრამ ეს კანონი შევცვალეთ და 18-წლამდე პირთა ქორწინება არ ხდება, მათ შორის, იძულებით ქორწინება კრიმინალიზებულია და დასჯადია. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველზე ხშირად, ისეთი საქმეების გამოძიება უჭირს, სადაც იძულებითი ქორწინება, ან იძულებითი ნიშნობაა.

- რა არის აღნიშნულის მიზეზი?

- ხშირად, შემთხვევა არ დასტურდება. აქ ორ პრობლემას ვაწყდებით. პირველი, საზოგადოების ინფორმირებულობა დაბალია, არ იციან კანონმდებლობა ზუსტად რას ითვალისწინებს. აქ კვლევას მოვიშველიებ, ამგვარ დანაშაულებზე - შეტყობინებების და ცრუ ჩვენებების მიცემის ფაქტზე, უმეტესწილად, ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა არ ხდება, ესეც არის ერთგვარი დაუსჯელობის სინდრომი ადამიანებში - შემთხვევას მალავენ. თუნდაც, ეს ბოლო შემთხვევა, რაც ვნახეთ[14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობა], ძალიან ფატალური შედეგით დასრულდა, ის ძალიან ბევრი სახეობის ძალადობის მსხვერპლი იყო.

მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ინფორმაცია გვაქვს, რომ შესაძლოა, იძულებით ნიშნობას ჰქონდეს ადგილი, ამის შესახებ საქმის კურსში ვაყენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს, სანამ წერილებს გავაგზავნით, რასაც დრო სჭირდება, პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს, ტელეფონით ვუკავშირდებით შუაღამეც რომ იყოს - ყოფილა შემთხვევა, ანონიმურად მოუმართავთ, გაგვიგზავნია იქ შესაბამისი ადამიანები და შემთხვევა არ დადასტურებულა. 2022 წელს, სახალხო დამცველის აპარატმა ძალიან სიღრმისეული კვლევა ჩაატარა, ასეთი სიღრმისეული კვლევა საქართველოში პირველი იყო, 2021-2022 წლებში მომხდარი ამგვარი დანაშაულები გავაანალიზეთ, სისხლის სამართლის 74 საქმის და მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში შესწავლილი საქმეების ანალიზი მოხდა, კვლევის ფარგლებშიც გამოვლინდა, რომ იძულებითი ქორწინების შემთხვევების გამოძიება ჭირს. განსაკუთრებით პრობლემურია ისეთი საქმეების გამოძიება, სადაც დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, თუ პირი 16 წელს მიღწეულია.

კვლევის ფარგლებში გაანალიზებულ საქმეების უმეტესობაში საპროცესო შეთანხმება იყო გაფორმებული, 39 საქმიდან 29 საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ასევე გამოყენებული იყო პირობითი მსჯავრი, ასევე სასჯელის სახით დაბალია თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელიც, ესეც ერთ-ერთ პრობლემად გამოიკვეთა.

კანონები გვაქვს, მაგრამ კანონის აღსრულება და პრაქტიკაში გამოყენებაა პრობლემური. დანაშაულის შეუტყობინებლობაზე და ცრუ ჩვენებებზე მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს, ქვეყანას ამ მიმართულებით მკაცრი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. როცა მოტაცება - თავისუფლების უკანონო აღკვეთაა, რასაც სქესობრივი დანაშაული ახლავს თან, ძალიან მნიშვნელოვანია, იმავე სქესის პირისგან იყოს არასრულწლოვანი გამოკითხული. მოგეხსენებათ, სქესობრივ დანაშაულზე საუბარი, თუნდაც სრულწლოვნებში, ძალიან რთულია. მითუმეტეს, არასრულწლოვანის შემთხვევაში, მითუმეტეს თუ მას კაცი გამოკითხავს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, გამომძიებლები ქალები იყვნენ, ვინც ამგვარ დანაშაულებზე ბავშვებს გამოჰკითხავენ.

დადებით ტენდენციად მინდა აღვნიშნო, თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან ერთად სადაც არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებაც იყო, პროკურატურის მიერ ამგვარი ქმედება გაუპატიურებად დაკვალიფიცირდა. ასეთი სამი შემთხვევა იყო და პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას დადებით პრაქტიკად აღვნიშნავთ, მაგრამ სასამართლოს უმეტესად, ეს არ გაუზიარებია. სასამართლოს მიერ შეუსაბამოდ მაღალი მტკიცებითი სტანდარტია მოთხოვნილი გაუპატიურების შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში ითხოვენ ფიზიკური დაზიანების არსებობას, აქ კანონმდებლობაში გვაქვს პრობლემა. 2017 წელს საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა და მას შემდეგ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით კანონმდებლობაში ბევრი ცვლილება შევიდა, ბევრი დადებითი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ გაუპატიურების მუხლთან გვაქვს პრობლემები, ამ თემაზე, კანონპროექტზე დაწყებულია მუშობა, მათ შორის, სახალხო დამცველიც ჩართულია მუშაობის პროცესში. ეს მუხლი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხითაც მალე გადაიდგმება ნაბიჯები.

- თუ გაქვთ დაახლოებითი მონაცემები, იძულებითი ქორწინების ფაქტებზე დაწყებული გამოძიებიდან, რამდენის შემთხვევაში მივიდა საქმე სასამართლომდე და შესაბამისი გადაწყვეტილებაც დადგა?

- სამწუხაროდ, ამაზე სტატისტიკა არ არსებობს. ჩვენი აპარატის მიერ შესწავლილი საქმეებიდან იკვეთება, რომ გოგომ, რომელიც შესაძლოა, იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყოს, ჩვენება შეცვალოს, ან ყოფილა შემთხვევები, როცა მშობელთან ერთად იყო გამოკითხული, რაც დიდი პრობლემაა, რადგან როცა იძულებითი ქორწინება ხდება, ძირითადად, იძულებას მშობელი ახდენს. ძალიან რთულია, ბავშვი მშობლის წინააღმდეგ წავიდეს, მითუმეტეს, როცა პოლიციის განყოფილებაშია, შესაძლოა, ქორწინების იძულება მშობლის მხრიდან იყოს და როცა მას მშობელთან ერთად გამოკითხვა, პირდაპირ გამორიცხულია, ბავშვმა ამასთან დაკავშირებით ხმამაღლა, მშობელთან ერთად ისაუბროს. სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

- ნაადრევი ქორწინების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ქვემო ქართლის რეგიონში. ყველაზე ხშირად სწორედ იქ იწყება გამოძიება იძულებითი ქორწინების საკითხთან დაკავშირებით. რა არის აღნიშნულის მიზეზი?

- შარშანდელ სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ეთნიკური უმცირესობის პრობლემაა ადრეულ ასაკში ქორწინება. ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო იმერეთში, თბილისშიც, სადაც ბევრი ეთნიკური უმცირესობა არ არის, როგორც ქვემო ქართლში. აქ ისევ სტერეოტიპებს და გენდერულ ნორმებს ვაწყდებით, ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა ჩვენს ქვეყანას მოუწოდა, რომ იმ რეგიონებში გააძლიეროს მუშაობა, სადაც ეს სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს. 2020 წელს ჩავატარეთ განწყობების მოკვლევა, ვიკვლიეთ, ეთნიკურ უმცირესობებში რატომ ხდებოდა ადრეულ ასაკში ქორწინება, მათ შორის, იძულებითი ქორწინებები. ამ კვლევის ფარგლებში, ჩვენ შევხვდით როგორც უწყებების - შსს-ს, განათლების წარმომადგენლებს, სოციალურ მუშაკებს, ასევე, ადგილობრივ თემს, ვისი შვილებიც ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ, ან ვინც თავად იყო ადრეულ ასაკში დაქორწინებული. ძალიან საინტერესო მიგნებები ამოვიდა. მაგალითად, უწყებების წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ ეს ეთნიკური უმცირესობების ტრადიცია იყო და ამ ტრადიციასთან ბრძოლა ძალიან რთული, შეუძლებელი იყო. თავად მშობლები რას გვეუბნებოდნენ, იცით? გოგოებისთვის არანაირი პერსპექტივა არ არის, ენობრივი ბარიერი აქვთ, სკოლაში სათანადო განათლებას ვერ იღებენ, რომ შესაბამისი მომავალი, სამსახური, ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჰქონდეთო. ოჯახებს იმდენად უჭირთ, თუ ოჯახში ბიჭი და გოგო ჰყავთ და ორივესთვის განათლების მიცემის საშუალება არ აქვთ, პრიორიტეტს ბიჭს ანიჭებენ, ესეც პრობლემაა. ასევე, დასახელდა ასეთი პრობლემა - დედები გვეუბნებოდნენ, სკოლაში შვილის გაშვების ეშინიათ, რომ მათ შვილს ვიღაცამ თავისუფლება უკანონოდ არ აღუკვეთოსო.

სხვადასხვა კვლევის ფარგლებში სულ ვიკვლევთ, რა საგანმანათლებლო, სპორტული ღონისძიებებია რეგიონებში მოზარდებისთვის, სამწუხაროდ, ასეთი არაფერი კეთდება.

- ეთნიკურ უმცირესობებში ნაადრევი ქორწინების მაღალი მაჩვენებელი ტრადიციებთან არაა დაკავშირებული და მაინც სოციალურ პრობლემებამდე დავდივართ?

- ვფიქრობ, რომ სოციალურ თემამდე დავდივართ. ოჯახებში ეკონომიკურ პრობლემებს, გოგონების უპერსპექტივობას უფრო მივაკუთვნებდი ამ ფაქტს, ვიდრე ტრადიციებს. ჩვენ ადგილზე მოსახლეობას ვხვდებით და ისინი ბევრ პრობლემას ასახელებენ.

- თქვენ თქვით, რომ არასრულწლოვანთა ქორწინება მხოლოდ ქვემო ქართლში არ ხდება და ახსენეთ იმერეთი, თბილისი. თუ გაქვთ შესწავლილი, აქ რა მიზეზებით ხდება არასრულწლოვანთა ქორწინება?

- სახალხო დამცველთან შემოსული განცხადებებით, შემიძლია ვთქვა, რომ შემთხვევები კახეთის რეგიონშიც ყოფილა, თუმცა, ცალკე კვლევა, რომ საკუთარი ნებით იყო ქორწინება, თუ იძულებით, არ ჩაგვიტარებია. რაც არ უნდა საკუთარი ნებით იყოს ქორწინება, 18 წლამდე პირი კანონმდებლობით არასრულწლოვანია და ბავშვად ითვლება, ის ქორწინებაში არათანაბარ პირობებში იმყოფება, ძალიან დიდი შანსია, სრულწლოვანი ადამიანი მას ისე ესაუბროს, დაარწმუნოს, ბავშვი შესაძლოა, იმ რისკებს სათანადოდ ვერ აცნობიერებდეს, ვერ აღიქვამდეს, რაც ადრეულ ასაკში ქორწინებას მოჰყვება. ეს რისკებია განათლების შეწყვეტა, ასევე, როცა ადრეულ ასაკში ქორწინება ხდება, ოჯახში ძალადობის ძალიან მაღალი რისკია. როცა ადრეულ ასაკში ქორწინების გამო, გოგო განათლებას წყვეტს ის მომავალში ეკონომიკურად სრულიად დამოკიდებულია ქმარზე და რაც არ უნდა, ძალადობრივ გარემოში ცხოვრობდეს, შესაძლოა, ის სახლიდან ვერ წამოვიდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ოჯახების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე ვიფიქროთ. ცალსახად, მხოლოდ სამართალდამცავ უწყებას პასუხს ვერ მოვთხოვთ. როგორც კი სამართალდამცავ უწყებაში შეტყობინება შედის, მაშინვე ხდება რეაგირების მოხდენა, საქმეს სწორი კვალიფიკაცია ენიჭება, მაგრამ თუ საზოგადოებამ არ ვაღიარეთ, რომ ბავშვების ასაკში ქორწინება დანაშაულია, თუ ყველა შემთხვევაზე ინფორმირება არ მოხდება, მხოლოდ სამართალდამცავი უწყება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლას და სოციალურ სამსახურს. პირველი, სკოლა იგებს, როცა ბავშვი სკოლაში არ არის, ან თუ დადის და იცის, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაა, აუცილებლად უნდა ჩააყენოს შესაბამისი უწყება საქმის კურსში. ჩვენი კვლევისა და ყოველდღიურად საქმეების შესწავლის ფარგლებში ისეთ პრობლემებს ვაწყდებით, როცა რეფერირების მექანიზმს არ ასრულებენ. სკოლა, სოციალური სამსახური, ჯანდაცვა და შსს არის ის უწყებები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებლები არიან, ეს ყველაფერი ჯაჭვურადაა ერთმანეთზე გადაბმული.

რამდენიმე წლის წინ, გვქონდა ინფორმაცია, რომ ერთი სკოლიდან 5 ბავშვი დაქორწინდა, სკოლაში ჩავედით, რათა გაგვეგო, ისინი საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდნენ, თუ არა. არც ერთი ბავშვი სკოლაში არ იყო. ერთს ბებია „მოუკლეს“, მეორეს - ბაბუა, მესამეს - დედა ჰყავდა „ავად“, მერე ჟურნალი შევამოწმეთ, სადაც „არები“ არ ეწერა. ხომ ცალსახაა, რომ სკოლა აფარებს ხელს. უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამის პრობლემა არის.

- თუ ჩაგიტარებიათ კვლევა, ძირითადად, რა ასაკში ხდება არასრულწლოვანთა ქორწინება, ან იძულებითი ქორწინება?

- უფრო ხშირად, 16-17 წლის ასაკში, მაგრამ როცა სხვადასხვა სტატისტიკის ინფორმაციას ვითხოვთ, 13-14 წელიც ყოფილა და ყოფილა შემთხვევა, როცა 12 წლის ასაკში მომხდარა მსგავსი ფაქტი, თუმცა, ეს იშვიათად.

- იძულებით ქორწინებას თქვენს მიერ ჩამოთვლილი თანმდევი შედეგების გარდა, შესაძლოა, სუიციდი, ან მკვლელობაც ახლდეს თან. თუ გაქვთ კონკრეტული სტატისტიკა, რამდენად ხშირია, როცა იძულებით ქორწინებაში მყოფი მოზარდი ან სუიციდს მიმართავს, ან მას კლავენ?

- ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან გვქონია შემთხვევა, როცა არასრულწლოვანი თვითმკვლელობით იმუქრებოდა, თუ მას იძულებით დააქორწინებდნენ. მასთან რეაგირება ძალიან ადეკვატურად მოხდა, ის თავშესაფარში გადაყვანის, მაგრამ მსგავს შემთხვევებს ასე მასიურად ვერ გამოვყოფთ. თუმცა, ამის რისკები არსებობს, ეს ისეთი ასაკია, როცა მშობლის წინააღმდეგ წასვლა ძალიან რთულია.

სახალხო დამცველის აპარატი ფემიციდის მონიტორინგის ორგანოა და ჩვენ ყოველწლიურად ვახდენთ ქალთა მკვლელობების, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტების ანალიზს. რაც ფემიციდის საქმეების შესწავლა დავიწყეთ, პირველად გვაქვს ფემინიციდი (აითაჯ შახმანოვას მკვლელობა), ანუ არასრულწლოვანის მკვლელობა.

აღნიშნული საქმის შესწავლა დაწყებული გვაქვს და ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან ყველა უწყებიდან გვაქვს ინფორმაცია გამოთხოვილი.

- რა იქნება თქვენი რეკომენდაციები, როგორც ძალოვანი უწყებებისთვის, ასევე განათლების სამინისტროსთვის?

- ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უწყების მხრიდან ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, ასევე განათლების უწყების თანამშრომლების, სკოლის დირექტორების გადამზადება არამხოლოდ იმაზე, რა კანონმდებლობა გვაქვს და რა ზიანი მოაქვს ადრეულ ასაკში ქორწინებას, მათ შორის, თავიანთი ვალდებულებების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მოზარდებში ცნობიერების ამაღლებაც. არ შემიძლია არ შევეხო სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ძალიან ბევრი წელია, სახალხო დამცველი განათლების სამინისტროსთვის რეკომენდაციას გასცემს, რომ სკოლებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა სრულყოფილად ისწავლებოდეს და არ მხოლოდ რეპროდუქციის კუთხით, ამ გაკვეთილსაც ხშირად არ ატარებენ, ბავშვები გვეუბნებიან, რომ მასწავლებლები ამ გაკვეთილს „ახტებიან“. ვფიქრობთ, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სრულყოფილად, მათთვის გასაგებ ენაზე ახსნა და ასაკისთვის შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდება, დაგვიცავს და ბავშვები სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირებას მოახდენენ, მისი პრევენცია მოხდება. ეს ბავშვებს ძალადობის სხვადასხვა ფორმების ამოცნობაში დაეხმარებათ, თუნდაც, იმაში, სად ირღვევა მათი პირადი სივრცე, სად აქვს უფლება მათ სხვა ადამიანმა ხელი შეახოს და ა.შ. რა თქმა უნდა, კომპლექსური ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი, რაც ყველა უწყების ჩართულობას მოიცავს. მხოლოდ კანონით ამას ვერ მოვაგვარებთ, თუ ყველა ჩვენგანი არ ვაღიარებთ, რომ ეს დანაშაულია.

ეკა ლემონჯავა,

„ინტერპესნიუსი“

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს