იმპიჩმენტის ეს სამარცხვინო პოლიტიკური ცირკი კულისებში მყოფმა შეშინებულმა რეჟისორმა ივანიშვილის სახით დადგა სწორედ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟირების მიზნით, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი, იმპიჩმენტის მთავარი მიზანია, საქართველომ კიდევ ერთხელ დაკარგოს ეს ისტორიული შესაძლებლობა.
„ის ორმოქმედებიანი პოლიტიკური ცირკი, რომელსაც ჯერ ბათუმში ადევნებდა თვალს საზოგადოება, საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო და ახლა თბილისში, ამ დარბაზში უნდა გაგრძელდეს, იქ, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, კულისებში მყოფმა შეშინებულმა რეჟისორმა ივანიშვილის სახით დადგა სწორედ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟირების მიზნით. მაშინ, როდესაც რამდენიმე კვირაა დარჩენილი კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებამდე, იმპიჩმენტად წოდებული პოლიტიკური ცირკის მთავარი მიზანი სწორედ საქართველოსთვის ამ ისტორიული შესაძლებლობის წართმევის მცდელობაა ივანიშვილის მხრიდან. ეს გითხრათ ჯოზეფ ბორელმა, რომელიც ჩამოსული იყო თბილისში და რომელსაც ჩემთან ერთად თქვენც შეხვდით ამ პარლამენტში, რომელმაც ძალიან ცხადად განმარტა, რომ იმპიჩმენტის პროცესი ნეგატიურად არის აღქმული ბრიუსელში და შესაბამისად ის ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ამ ისტორიულ გადაწყვეტილებამდე, რომლამდეც დარჩენილია სულ რამდენიმე კვირა, ბუნებრივია, ივანიშვილის მიერ მოწყობილი ეს პოლიტიკური ცირკი, რომელსაც თქვენ მონური მორჩილებით ასრულებთ, ემსახურება სწორედ იმას, რომ საქართველომ მორიგ ჯერზე თქვენი დამსახურებით კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.