ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოკუმენტი აანალიზებს ფინანსურ სისტემაში არსებულ მოწყვლადობასა და რისკებს და ძირითად აქცენტს საშუალო და გრძელვადიან პერიოდებზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე აკეთებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის.

მათივე ცნობით, ანგარიში, ასევე, მოიცავს ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზს.

„გარდა ამისა, ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები და მათი გავლენის შეფასება. კერძოდ, დეტალურადაა მიმოხილული მთლიან ფინანსურ სისტემაზე ორიენტირებული მაკროპრუდენციული ზომები და ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ზრდისკენ მიმართული მიკროპრუდენციული ღონისძიებები.

ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს. 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდურობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც. მიმდინარე პერიოდში საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა, ანუ მშპ-ის პოტენციური ზრდისა და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის თანაზომიერია. 2023 წლის აგვისტოში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.6% შეადგინა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სესხების მშპ-თან ფარდობა შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, რასაც მაღალმა ეკონომიკური ზრდამ და გაცვლითი კურსის გამყარებამ შეუწყო ხელი. აღნიშნულის კვალდაკვალ, 2023 წლის მეორე კვარტალში, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს კვლავაც ჩამორჩება. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ სესხების მშპ-თან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს 2024 წელს დაუახლოვდება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის არსებულ დონესთან შედარებით ცვლილების საჭიროება არ იკვეთება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადიანობას 4 წლამდე ზრდის.

"იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება. სებ-ი მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ, უმეტესად ცვლადგანაკვეთიან სესხებს, თან ახლავს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლების მაღალი წილისა და რეგიონის ვალუტების გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობის პირობებში. დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი დამატებით მოთხოვნას უწესებს რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300,000 ლარამდე იქნება, უცხოური ვალუტის ახალი სესხი გასცენ მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში.

ამასთან, დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკების მიტიგაციისთვის ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურად მუშაობს. შემდგომი ცვლილებების განხორციელებისას კვლავაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საკრედიტო აქტივობაზე შესაძლო გავლენა და მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბანკის ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2023 წლის 29 ნოემბერს გაიმართება.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია