პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერმა დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და მინისტრებთან შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ანა დოლიძე, როგორც პროგრესული და სოციალ-დემოკრატიული მიმართულებების პარტიის ლიდერი, არაფორმალურ გარემოში დიდი ბრიტანეთის ჩრდილოვან შსს მინისტრს ლეიბორისტული პარტიიდან, ქალბატონ ივეტ კუპერს შეხვდა. დოლიძემ მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე, ყველა იმ მთავარ საკითხსა თუ გამოწვევაზე ისაუბრა, რაც დღეს საქართველოშია.
მხარეებმა შეხვედრაზე აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ევროპულ ღირებულებებსა და მისწრაფებებზე გააკეთეს. გარდა ამისა, ანა დოლიძემ და ივეტ კუპერმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე და იმსჯელეს, რა გავლენა შეიძლება ამას ჰქონდეს მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ანა დოლიძე აცხადებს, რომ საქართველო დღეს იმ მნიშვნელოვან ეტაპზეა, როცა შანსი ეძლევა, ევროპის სრულუფლებიანი წევრობისკენ ნაბიჯი გადაიდგას.
„მოგეხსენებათ, რომ დღეს პარტია „ხალხისთვის“ერთადერთი პროგრესული, სოციალ-დემოკრატიული მიმართულების პარტიაა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორული ურთიერთობები დავამყაროთ ევროპაში მოქმედ იმ პარტიებთან თუ პოლიტიკურ ლიდერებთან, ვისთანაც ეს ღირებულებები გვაერთიანებს.
დღეს საქართველო არის იმ მნიშვნელოვან ეტაპზე, როცა გვეძლევა შანსი, ევროპის სრულუფლებიანი წევრობისკენ ნაბიჯი გადავდგათ. ამიტომ ჩემს გუნდთან ერთად აქტიურად ვცდილობ ყველა ტრიბუნა გამოვიყენო და ჩვენს კოლეგა პარტიებს დასავლეთში გავაგებინო ჩვენი პოზიცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ანა დოლიძე.