ზურაბ ბატიაშვილი - ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია წააგავს დენთით სავსე კასრს, რომლის გარშემო შეშლილები დარბიან ანთებული მაშხალებით და არავინ იცის, რომელი მათგანიდან გადმოვარდნილი ნაპერწკალი გამოიწვევს დიდ აფეთქებას

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, მას შემდეგ რაც, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმა დაიწყო და ისრაელის მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებში სისასტიკით გამორჩეული ოპერაცია დაიწყო, 12 დღეზე მეტი გავიდა.

ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობა გამოუცხადა ამერიკამ და ევროპამ. ამერიკის საზღვაო ფლოტის ძალები ისრაელის სანაპიროსთან დგანან და როგორც ჩანს, შემაკავებელ როლსაც ასრულებენ, რომ ირანი ღიად არ ჩაერთოს ამ ბრძოლაში. თუმცა, ყველა დარწმუნებულია, რომ „ჰამასისა“ და „ჰესბოლას“ უკან ერთი მხრივ ირანი, ხოლო მეორე მხრივ რუსეთი დგანან.

თუ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში ბევრი ვერსია გამოითქმის. თქვენ როგორ შეაფასებდით ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბრის შემდეგ დაწყებულ პროცესს? რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ ის რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, რუსეთისა და ირანის გარეშე არ ხდება იმისათვის, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა უკრაინიდან ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანოს?

- რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებშია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება და ინტერესი სხვა რეგიონებზე და მათ შორის ახლო აღმოსავლეთზე იყოს გადატანილი იმ იმედით, რომ შესაბამისი დახმარება აღარ აღმოუჩინონ უკრაინას.

მაგრამ ეს არასწორი გათვლაა, რაც რუსეთს არაერთხელ მოსვლია. დასავლეთი და პირველ რიგში შეერთებული შტატები ის ძალაა, რომელსაც შეუძლია არაერთ მიმართულებაზე იყოს კონცენტრირებული.

რუსეთის ინტერესებშია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება და ინტერესი სხვა რეგიონებზე და მათ შორის ახლო აღმოსავლეთზე იყოს გადატანილი იმ იმედით, რომ შესაბამისი დახმარება აღარ აღმოუჩინონ უკრაინას

სულ ახლახან იყო, როცა შეერთებული შტატები ერთდროულად იბრძოდა ერაყში, ავღანეთსა და სირიაში. თან ახლა მას უშუალოდ ომებში მონაწილეობა არ უწევს. მისგან საერთაშორისო არენაზე თანადგომას და იარაღის მიწოდებას ელიან და ისიც მათ გვერდით დგას ამ გლობალურ ომში, რომელიც ფართო გაგებით ომია დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, სინათლესა და სიბნელეს შორის.

ამ ომში დასავლეთს დამარცხება არ შეუძლია. ის გამარჯვებული უნდა გამოვიდეს, თუ უნდა გადარჩენა. ეს კარგად ესმით ვაშინგტონში. ამიტომ გამოწვევა მიღებულია.

თან საინტერესოა, რომ ერთ პაკეტში აპირებენ ისრაელისა და უკრაინისთვის გასაწევი დახმარების გაერთიანებას. ეს მხოლოდ იმიტომ კი არ კეთდება, რომ ტრამპისტი კანონმდებლების მიერ ხმის მიცემა უზრუნველყონ (დახმარების პაკეტი მათ გარეშეც გავიდოდა), არამედ იმიტომ, რომ ვაშინგტონის გადმოსახედიდან ეს ერთი დიდი და საერთო პრობლემაა.

ამ ომში დასავლეთს დამარცხება არ შეუძლია. ის გამარჯვებული უნდა გამოვიდეს, თუ უნდა გადარჩენა. ეს კარგად ესმით ვაშინგტონში. ამიტომ გამოწვევა მიღებულია

ფართო სურათს რომ შევხედოთ, აშშ-ს ინტერესში არ შედის დიდი კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში. ამერიკული გემების დაჯგუფების იქ მიყვანაც ამისი ნიშანია. ამერიკელთა გათვლებით, ეს გემები და მათზე არსებული შეიარაღება შემაკავებელი უნდა იყოს რეგიონის დიდი ქვეყნებისთვის, რათა ისინი არ ჩაერთონ ისრაელის წინააღმდეგ ომში.

მაგრამ ერთია გათვლა და მეორე - რეალობა. შეიძლება ომი არ იყოს შენ ინტერესში, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე მასში აღმოჩნდე ჩართული.

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია წააგავს დენთით სავსე კასრს, რომლის გარშემო შეშლილები დარბიან ანთებული მაშხალებით და არავინ იცის, რომელი მათგანიდან გადმოვარდნილი ნაპერწკალი გამოიწვევს დიდ აფეთქებას.

ამიტომ ყველა შესაძლო სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად.

მეორეს მხრივ, უნდა დაველოდოთ ისრაელს, რომელსაც მსგავსი სიტუაციების გამოძიების დიდი ტრადიციები გააჩნია. მათ თავის დროზე ასე გამოიძიეს „იომ ქიფურის ომის“ (როდესაც 1973 წელს არაბული ქვეყნები მოულოდნელად დაესხნენ თავს ისრაელს) საქმე.

დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს ომი დასრულდება, ისრაელი დეტალურად გამოიძიებენ 7 ოქტომბრის ტერაქტის საქმესაც, სადაც გამოჩნდება ვინ იდგა ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან. ასეთი სახის თავდასხმის დაგეგმვა და განხორციელება ცალკე აღებულ „ჰამასს“ რომ არ შეუძლია, ფაქტია. მე არ გამიკვირდება, თუ აქ რუსეთის კვალი გამოჩნდება.

როდესაც ეს ომი დასრულდება, ისრაელი დეტალურად გამოიძიებენ 7 ოქტომბრის ტერაქტის საქმესაც, სადაც გამოჩნდება ვინ იდგა ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან. ასეთი სახის თავდასხმის დაგეგმვა და განხორციელება ცალკე აღებულ „ჰამასს“ რომ არ შეუძლია, ფაქტია. მე არ გამიკვირდება, თუ აქ რუსეთის კვალი გამოჩნდება

მაგრამ ახლა, როდესაც ომია, ამის დრო არავის აქვს ისრაელში. ახლა ისინი მობილიზებული არიან ომში გასამარჯვებლად. გამოძიება კი ამის შემდეგ იქნება. ასე, რომ უნდა დაველოდოთ დეტალების გარკვევას.

- „ჰამასის“ აქტიურობაზე ისრაელის პასუხმა არაბული სამყარო გააქტიურა და დიდია ალბათობა დაწყებულმა პროცესმა რელიგიური ომის კონტურებიც კი შეიძინოს. თუმცა, ვხედავთ, რომ ეგვიპტემ ღაზას სექტორს მხოლოდ ჰუმანიტარული კორიდორი გაუხსნა და უარს ამბობს ღაზას სექტორიდან დევნილების მიღებაზე. ასეთივე პოზიცია აქვთ ღაზას სექტორიდან დევნილების მიღებაზე იორდანიას, ლიბანს, სირიას, საუდის არაბეთსა და ემირატებს.

ისრაელში ვიზიტად იმყოფებოდა აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი, რომელმაც ისრაელს მოუწოდა „ძალა პროპორციულად გამოიყენოს.“ როგორც ჩანს, ამის გამოა არაერთხელ გადაიდო ისრაელის მიერ არა ერთხელ დაანონსებული სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორში.

ბაიდენის ვიზიტის ფარგლებში პალესტინის ლიდერები არ შეხვდნენ ბაიდენს და იორდანიაში ახლო აღმოსავლეთი კონფლიქტის სამიტი ჩაიშალა. რა გავლენას იქონიებს ბაიდენ-აბასის შეხვედრის გაუქმება და იორდანიაში დაგეგმილი სამიტის ჩაშლა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე?

- რა თქმა უნდა, ყოველთვის ცუდია, როცა ამ დონის შეხვედრების ჩაშლა ხდება. ამერიკის პრეზიდენტი ხშირად ვერ ჩადის ამა თუ იმ რეგიონში.

ასე, რომ მნიშვნელოვანი შანსია ხელიდან გაშვებული. ამ შეხვედრებზე უნდა ესაუბრათ ჰუმანიტარულ საკითხებზე, მძევლების შესაძლო გათავისუფლების საკითხზე, ღაზას მაცხოვრებლებისთვის წყლისა და სურსათის მიწოდების თემებსა და ა.შ. მხარეები ასევე განიხილავდნენ შექმნილ სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნის შესაძლებლობას.

მაგრამ რეგიონში შექმნილმა დაძაბულმა სიტუაციამ შეუძლებელი გახადა ასეთი სამიტის ჩატარება. მიუხედავად ამისა, მაინც შედგა სატელეფონო საუბარი აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენსა და ეგვიპტის პრეზიდენტ ალ-სისის შორის. როგორც მოგვიანებით გამოცხადდა, მხარეებმა გარკვეულ ჰუმანიტარულ საკითხებზე მაინც შეძლეს შეთანხმების მიღწევა, რის შედეგებსაც მალე ვნახავთ, რაც სულ არაფერს, რა თქმა უნდა, ჯობია.

რეგიონში შექმნილმა დაძაბულმა სიტუაციამ შეუძლებელი გახადა ასეთი სამიტის ჩატარება. მიუხედავად ამისა, მაინც შედგა სატელეფონო საუბარი აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენსა და ეგვიპტის პრეზიდენტ ალ-სისის შორის. როგორც მოგვიანებით გამოცხადდა, მხარეებმა გარკვეულ ჰუმანიტარულ საკითხებზე მაინც შეძლეს შეთანხმების მიღწევა, რის შედეგებსაც მალე ვნახავთ, რაც სულ არაფერს, რა თქმა უნდა, ჯობია

რაც შეეხება „პროპორციული ძალის“ გამოყენების საკითხს, ეს პრობლემა ყველა კონფლიქტში გვხვდება. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა შენ წინააღმდეგ ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი არამხოლოდ შენი, არამედ საკუთარი მოქალაქეებიც და რომელმაც იგივე 7 ოქტომბერს აჩვენა, რომ მისგან ნებისმიერი რამაა მოსალოდნელი.

- უკრაინაში ომისა და ისრაელის სახელმწიფოს „ჰამასის“ წინააღმდეგ დაწყებული ომის ფონზე ჩინეთში გაიმართა ფორუმი - „ერთი გზა, ერთი სარტყელი“, რომელშიც მონაწილეობა ევროპის მიერ დიქტატორად გამოცხადებულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო.

ფაქტია, რომ ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს

მოლოდინი, რომ ურთიერთობები ჩინეთსა და რუსეთს შორის დაიძაბება, იქნება ეს ცენტრალური აზიის თუ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო დიდწილად მცდარი აღმოჩნდა.

პეკინში ფიქრობენ, რომ პოტენციურად უკრაინისთვის მხარის დაჭერით აშშ-სა და ჩინეთს შორის გრძელვადიანი წინააღმდეგობები არ შემცირდება – ვაშინგტონი ისევ შეეცდება ევრაზიაში ჩინეთის ამბიციების შეკვეცას.

ბევრი იმასაც ვარაუდობს, რომ ახლო აღმოსავლეთში „ჰამასისა“ და „ჰესბოლას“ გააქტიურებით, პეკინს ყველა საფუძველია ხარობდეს, რადგან, ახლა ახლო აღმოსავლეთში ისეთი ამბავია დაწყებული, რომელიც მალე არ დასრულდება. ეს კი კითხვის ქვეშ დააყენებს აშშ-სა და ინდოეთი- ახლო აღმოსავლეთი -ევროპის ეკონომიკურ პროექტს.

პეკინში გამართული ფორუმი - „ერთი გზა, ერთი სარტყელი“, ამერიკა-ინდოეთი-ახლო აღმოსავლეთი-ევროპის ეკონომიკური პროექტის საპირწონეა? ჩინეთმა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში აშშ ჩაანაცვლოს? რას უნდა ნიშნავდეს ამ ფორუმში დიქტატორად გამოცხადებული პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობა?

- ჩინეთი სტრატეგიული მოლოდინის რეჟიმშია და ეს ეხება როგორც რუსეთ-უკრაინის ომს, ისე - ახლო აღმოსავლეთს.

თუ შევხედავთ ჩინეთის პოლიტიკას, დავინახავთ, რომ მას რეალურად არსად ეჩქარება. იგი 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ფიქრობდა, რომ ისარგებლებდა ორივე შემთხვევაში: თუ რუსეთი გაიმარჯვებდა, რაც დასავლეთის მარცხს ნიშნავდა, მას ხელ-ფეხი გაეხსნებოდა ტაივანის მიმართულებით.

ხოლო რუსეთის დამარცხების შემთხვევაში მოსკოვს საკუთარ ვასალად, რუსეთის ბუნებრივ რესურსებს კი საკუთარი ეკონომიკის განვითარების იაფ საშუალებას აქცევდა. ახლა სწორედ ამ პროცესს ვხედავთ, როდესაც რუსეთი ნელა, მაგრამ შეუქცევადად ექცევა ჩინეთის გავლენის სფეროში.

ჩინეთი სტრატეგიული მოლოდინის რეჟიმშია და ეს ეხება როგორც რუსეთ-უკრაინის ომს, ისე - ახლო აღმოსავლეთს... რუსეთი ნელა, მაგრამ შეუქცევადად ექცევა ჩინეთის გავლენის სფეროში

პეკინი ასეთივე მოთმინებით უყურებს ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, სადაც მისი მთავარი კონკურენტი ვაშინგტონია.

ამ ეტაპზე ჩინეთს არ გააჩნია აშშ-ს მსგავსი ფინანსური და სამხედრო შესაძლებლობები (მაგალითად, იგივე ავიამზიდების იქ გაგზავნის საშუალება), რომ გავლენა მოახდინოს ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

ამიტომ ვფიქრობთ, რომ პეკინი დაელოდება რით დასრულდება ეს ყველაფერი და შემდეგ, ამის მიხედვით ჩამოაყალიბებს საკუთარ პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მიმართ.

- ზანგეზურის კორიდორის გამო აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაძაბულობამ რუსეთი და ირანი კიდევ უფრო დააახლოვა. ამის დასტური იყო კრიტიკულ მომენტში რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს ვიზიტი თეირანში.

სამხრეთ კავკასიაში რუსეთსა და ირანს შორის დაახლოება უფრო მეტად ამყარებს მხარეების მზაობას ხელი შეუშალონ დასავლური გავლენის გავრცელებას. პირველ რიგში ეს ეხება რეგიონში ნატოს პოტენციურ გაფართოებას. თეირანის და მოსკოვის თანამშრომლობამ შეიძლება ცვლილებები გამოიწვიოს ევრაზიის სავაჭრო გზების განვითარების საკითხშიც.

ასეთ ფონზე მოსკოვი თბილისისაგან 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას კვლავ ითხოვს. და ეს მაშინ, როცა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები უკიდურესად გამწვავებულია, რადგან, რაც ერევანი სულ უფრო მკაფიო ნაბიჯებს დგამს დასავლეთის მიმართულებით. რამდენად შეცვლილია ვითარება სამხრეთკავკასიაში და რამდენად ადეკვატურია მოსკოვის მოთხოვნა საქართველო შეუერთდეს 3+3-ის ფორმატს?

- რუსეთს სურს რაც შეიძლება მეტი ჯაჭვებით მიაბას საქართველო მოსკოვის ორბიტას და ამის მაგალითებია როგორც ვიზების გაუქმება, ისე - პირდაპირი ფრენების შემოღება, რუსულ უნივერსიტეტებში ქართველებისთვის ადგილების გამოყოფა, ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა და ა.შ.

ასეთივე ჯაჭვია ეს ყბადაღებული 3+3-ის ფორმატი, რომელიც მიუღებელია ჩვენთვის ორი ძირითადი მიზეზის გამო:

  1. რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, გაუგებარია რა გრძელვადიან თანამშრომლობაზე უნდა ვესაუბროთ ოკუპანტ ქვეყანას. მოსკოვმა ჯერ საქართველოს დეოკუპაცია უნდა მოახდინოს და მერე შეიძლება ვიფიქროთ, რა სახის ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს მასთან;
  2. საქართველოსთვის მიუღებელია ისეთ გაერთიანებაში ყოფნა, სადაც არ იქნებიან წარმოდგენილი ჩვენი დასავლელი პარტნიორები;

რეგიონის დანარჩენ ქვეყნებთან ისედაც შესანიშნავი ურთიერთობები გაგვაჩნია და დამატებით ფორმატების შექმნის ობიექტური საჭიროება არ არსებობს.

რუსეთს სურს რაც შეიძლება მეტი ჯაჭვებით მიაბას საქართველო მოსკოვის ორბიტას და ამის მაგალითებია როგორც ვიზების გაუქმება, ისე - პირდაპირი ფრენების შემოღება, რუსულ უნივერსიტეტებში ქართველებისთვის ადგილების გამოყოფა, ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა და ა.შ.

საქართველოს ხელისუფლებამ ორი წლის წინ ამ თემაზე ქართული საზოგადოების რეაქცია დატესტა და ნახა, რომ ამას ადვილად ვერ გაიტანდა. ამიტომ მაშინ გაჩერდნენ.

შეიძლება ახლა ხელახლა წამოწიონ ეს თემა. ამიტომ ქართული საზოგადოება ისევ ყურადღებით უნდა იყოს, რათა რუსეთზე მიბმული კიდევ ერთი ჯაჭვი არ მივიღოთ.

ქართული საზოგადოება ისევ ყურადღებით უნდა იყოს, რათა რუსეთზე მიბმული კიდევ ერთი ჯაჭვი არ მივიღოთ

თან ახლა სომხეთიც ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეიძლება არც ის იყოს მოწადინებული ასეთი ფორმატით მუშაობის. მითუმეტს, ახლა ერევანი დასავლეთისკენ არამხოლოდ იხედება, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს და აქტიურად ცდილობს მოსკოვის კლანჭებისგან გათავისუფლებას.

- მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკრაინაში კოლექტიური დასავლეთის მხარდაჭერით ომია, ვაშინგტონისთვის სამხრეთ კავკასიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან რეგიონი ერთადერთი ხიდია ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას-ჩინეთს შორის.

თუ ჩინეთის ამბიციურ ინფრასტრუქტურულ გეგმებს დავაკვირდებით, ამ გეგმებს აზრი მაშინ ექნებათ თუ მათ გაგრძელება ექნებათ სამხრეთ კავკასიაში. როგორც ჩანს, სწორედ ამას უკავშირდება ჩინეთ-საქართველოს დაახლოება და ანაკლიის პორტის "ჩინური პერსპექტივა". და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ზღურბლზე დგას.

მსოფლიოში და ჩვენს ირგვლივ მნიშვნელოვნად შეცვლილ გარემოში საქართველო რომ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ფაქტია. ამ რეალობაში თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს საგარეო პოლიტიკას?

- ნებისმიერი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მისი საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა. შეუძლებელია შიდა პოლიტიკაში არადემოკრატიული იყო და საგარეო პოლიტიკაში დემოკრატიული კურსი გაგაჩნდეს და პირიქით, თუ შიგნით დემოკრატიული ხარ, გარეთაც ასეთ ქვეყნებთან მეგობრობ.

ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. რაც ხდება ქვეყნის შიგნით, იგივე ხდება საგარეო პოლიტიკაშიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეხედეთ რომელ ქვეყნებს აგინებენ და ვისზე ლაპარაკობენ მოწიწებითა და პატივისცემით.

სამწუხაროდ, საქართველოს რუსულ სივრცეში მიათრევენ და საგარეო პოლიტიკაც, თუ მას საერთოდ შეიძლება პოლიტიკა ეწოდოს, შესაბამისია. ცდილობენ, ყველანაირად მიჩქმალონ რუსული ოკუპაცია და ანექსია, რასაც „არგაღიზიანების“ პოლიტიკას ეძახიან, და ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს.

გარდა იმისა, რომ არ სრულდება 12 პუნქტიანი გეგმა, ხელოვნურად იქმნება დამატებით პრობლემები და ბარიერები ამ გზაზე. რეალურად, საკუთარ ქვეყანას დესტრუქციას უწყობენ.

ორი დღის წინ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით მოწყობილი ცირკიც ამ გეგმის ნაწილია.

მაგრამ, ეს სამუდამოდ ასე ვერ იქნება. რუსეთზე ორიენტაცია არ არის საქართველოს განვითარების ბუნებრივი გზა. ყველაფერი არაბუნებრივი კი ადრე თუ გვიან სრულდება ხოლმე და ესეც დასრულდება.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის