ნაცვლად ამ ცვლილებებისა, რომელიც ევროკომისიამ და ვენეციის კომისიამ მოგვთხოვა, შემოიტანეს კარვების და მედიაზე ზემოქმედების კანონი, ვითომ სიძულვილის ან უხამსობის ტირაჟირებას ახდენს ვინმე. ანუ, ბევრი ისეთი კანონი შემოიტანეს, რომელიც საწინააღმდეგოა და არა ის, რაც ქვეყანას სჭირდება , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა მმართველი პარტიის მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულებულია, თუმცა არსებობს 9 პუნქტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ ასრულებს.
„რეკომენდაცია სტრასბურგის აღსრულებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის არჩევის წესთან და გენდერთან დაკავშირებულ ცვლილებებზე შესრულებულია, თუმცა დანარჩენ 9 რეკომენდაციაზე გვეუბნებიან, რომ ან ნაწილობრივ, ან საერთოდ არ არის შესრულებული. სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციული, მედიასთან დაკავშირებული რეფორმა, სიძულვილის ჯგუფებთან არსებული საკითხი და სხვა ბევრი გასაკეთებელია.
არაფერი არ უნდა, სულ ორი კვირის ამბავია, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ აკეთებს. ნაცვლად ამ ცვლილებებისა, რომელიც ევროკომისიამ და ვენეციის კომისიამ მოგვთხოვა, შემოიტანეს კარვების კანონი, მედიაზე ზემოქმედების კანონი, ვითომ სიძულვილის ან უხამსობის ტირაჟირებას ახდენს ვინმე. ანუ, ბევრი ისეთი კანონი შემოიტანეს, რომელიც საწინააღმდეგოა და არა ის, რაც ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ამასთან, პაატა მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა ე.წ კარვების კანონთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კარვების გაშლას კანონის დამტკიცებამდეც უშლიდნენ.
„რაც შეეხება მანიფესტაციების კანონს, ე.წ კარვების ცვლილება, რომელიც შემოიტანეს, ეს კანონი არ იყო და ისე გვიკრძალავდნენ კარვების გაშლას. უამრავი კარავი დაარბიეს, დაანგრიეს, გაიტაცეს და ახლა ამბობენ, რომ კანონით კი არ ვკრძალავთ ამას, უბრალოდ თუ არეულობა იქნება, გვექნება შესაძლებლობა ავიღოთ. ამას ისედაც აკეთებდნენ“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.