ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2023

სანდრო თვალჭრელიძე - “თუ ბირთვული ომი დაიწყო, ჭკვიანად მოქცევა არ გვიშველის...“

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, ნოემბრისთვის იქნება - რა მოლოდინი არსებობს

დავით ზურაბიშვილი - “ჩემი აზრით, პუტინი ეჭვობს, რომ ივანიშვილი ორმაგ თამაშს ეწევა და ზურაბიშვილი მის დავალებებს ასრულებს”

როგორ ახერხებს „ოცნება“ პარლამენტში თავისი ოპონენტების გადაბირებას - ოპოზიციაში “კატასტროფულ მდგომარეობაზე” ალაპარაკდნენ

გაგიჟდება თუ არა საბოლოოდ პუტინი?!

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “თუ ბირთვული ომი დაიწყო, ჭკვიანად მოქცევა არ გვიშველის...“

“იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებით “ქართულ ოცნებას” კუნთების ჩვენება სურდა, მაგრამ უკუეფექტი მიიღო. თავიდანვე ყველაფერს ისე წარმოადგენდნენ, რომ პრეზიდენტი მარიონეტია და არაფრისმაქნისი, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა გამოაჩინა თავისი პრინციპული პოზიცია და განსხვავებული დამოკიდებულება ბევრი საკითხისადმი, რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ მისი ერთგვარად დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ მიიღო უკუშედეგი: იმპიჩმენტი არ გამოვიდა და პრეზიდენტი გააგრძელებს იმის გაკეთებას, რაც სურს... ამის მიზეზი გახდა ირაკლი კობახიძის ახირებული პოლიტიკაც. ის უზარმაზარ შეცდომებს უშვებს. მისი და მისი ჯგუფის მტკიცებით, ვინც მათთან არ დგას, ის აუცილებლად “ნაციონალურ მოძრაობაშია”, იდეფიქსად ექცათ, რომ ყველა, ვისაც თავისი აზრი აქვს, იმათ მხარდამჭერად და წარმომადგენლად გაასაღონ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც, გიორგი გახარიაც და ა.შ. არადა, “ნაცმოძრაობას” თავისი გაჭირვება აქვს, არაერთი, ვინც რეალურად მათი ლიდერი და წარმომადგენელი იყო, წავიდა ან აპირებს წასვლას პარტიიდან”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ბირთვული ომი დაიწყო, ჭკვიანად მოქცევა არ გვიშველის...“

“მმართველი ძალის ეს დამოკიდებულება დიდი შეცდომა და საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობის სრული უგულებელყოფაა. ასტრალში ცხოვრობენ, აზრზე არ არიან, რა ინტერესები აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც უკვე ყელში აქვს ამოსული “ნაციონალური მოძრაობაც”, “ქართული ოცნებაც” და მთელი პოლიტიკური სპექტრიც. “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა კონტაქტი მოსახლეობასთან. ჰგონიათ, ის პარტიული აქტივი თუ ადმინისტრაციულ სამსახურებში დასაქმებულები, რომლებიც ჯერ კიდევ უსიტყვოდ ემორჩილებიან მმართველ ძალას, სრულად წარმოადგენენ ჩვენს საზოგადოებას, არადა, ასე არ არის... ირაკლი კობახიძეს არა მგონია, დიდი როლი ჰქონდეს. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით მშობელივით შორიდან აკვირდება ბავშვების თამაშს და ვიდრე ძალიან სახიფათო რამეს არ წამოიწყებენ, არ ერევა. ამასთანავე, ის არ ერევა დიდწილად იმ ამბებში, რაც მას პირადად არ ეხება, ბოლოს და ბოლოს, სხვა საქმეებიც აქვს, კი არის ჩემზე ცოტა ახალგაზრდა, მაგრამ მაინც ხანდაზმული ადამიანია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ივანიშვილისა არ იყოს, ზურაბიშვილიც არ არის ახალგაზრდა, თუმცა, ალბათ, აქვს პოლიტიკური გათვლები. ჩემი აზრით, თუ მას სურდა პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა, დაახლოებით ერთი წლის წინ უნდა გადამდგარიყო და შეექმნა პოლიტიკური პარტია. მომავალი არჩევნებისთვის მას მანევრირების დიდი დიაპაზონი არა აქვს, უფრო სწორად, არა აქვს მასში მონაწილეობის უფლება. თუ მანამდე ალიანსი შექმნა უკვე არსებულ ოპოზიციურ ძალებთან, ეგ არ ვიცი, ვფიქრობ, ეს მისთვის დიდად სახარბიელო სცენარი ვერ იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ - ერთი წლის წინ გადადგომის შემთხვევაში, მას ნამდვილად ექნებოდა მესამე ძალად ჩამოყალიბების შანსი. ისე, სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, თანაც ისე, რომ დასავლეთიდან მიიღოს დიდი მხარდაჭერა და დახმარება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, ჩვენთან ქვეყნის უსაფრთხოების ნორმალური სტრატეგია არ არსებობს. მსოფლიოში იმდენად რთული ვითარებაა, ჩვენი სამთავრობო ელიტა ვერ ხვდება, რა უნდა გააკეთოს. ცუგცვანგის მდგომარეობაში არიან, პრევენციული, შემარბილებელი ღონისძიებები არც იგეგმება. რას ნიშნავს ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა მაშინ, როცა საგარეო კურსად გამოცხადებული გაქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა? იქით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიატორობა სურთ, ცდილობენ რუსეთს არაფერი აწყენინონ... მოკლედ, მშვიდობის მტრედობას ცდილობენ და ვერ ხვდებიან, რომ მსოფლიოში ახლა უმწვავესი ბრძოლა მიდის 2 დოქტრინას შორის - გაუნათლებელ, ბნელ, რადიკალურ, არადემოკრატიულ ძალებსა და დასავლურ, დემოკრატიულ ფასეულობებს შორის. ამ ბრძოლაში ჩვენ მოგვიწევს ჩვენი ადგილის მონახვა, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას აშკარად არ შეუძლია ეს. ისინი მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გადარჩენაზე ფიქრობენ და არა იმაზე, ჩვენი შვილები როგორ მსოფლიოში იცხოვრებენ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ლილუაშვილის განცხადებებიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბარი დაახლოებით იმ დონეზე მიდის, ორჯერ ორი რომ ოთხია. მთავარი გამოწვევა მმართველი პარტიისთვის შეიძლება არის ოპონენტი პარტია, მაგრამ არა ქვეყნისთვის. საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ახლა არის ის, რაც მსოფლიოში ხდება, უხისტესი წინააღმდეგობა დემოკრატიულ და რადიკალურ ძალებს შორის. ნუ დაგავიწყდებათ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ - აქეთ რუსეთი, იქით თურქეთი, ირანი, ცოტა მოშორებით კი ერაყი. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც სწორედ ასეთი ბნელი რადიკალური და ექსპანსიონისტური ძალის მიერ არის გამოწვეული. დღეს საქართველოს მთავარი გამოწვევაა, თუ როგორ ვიპოვოთ გზამკვლევი მსოფლიო გეოპოლიტიკის ამ შფოთიან ოკეანეში”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “ლილუაშვილმა ისაუბრა ბირთვულ საფრთხეებზეც. მისი თქმით, “ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ როგორც ქვეყანაში, ისე გარეთაც”, - პასუხობს:

“ბირთვული ომი თუ დაიწყო, საქართველოს არავინ დაარტყამს, მაგრამ რადიაცია ყველგან მიაღწევს. საქართველოც ვერ გადაურჩება ბირთვულ ზამთარს. იმ დროს რისი გამკეთებელი იქნება ლილუაშვილი, არ ვიცი, რა ჭკვიანად მოქცევა უშველის. ვიცი, რომ ამ ამბავზე ბევრს ხალისობდნენ სოციალურ ქსელებში, მაგრამ მე საერთოდ არ მეცინება, იმაზე ვფიქრობ, ვის ხელშია საქართველოს უსაფრთხოება. ამ ეტაპზე ორი მიმართულებით არსებობს ბირთვული საფრთხე: 1. შესაძლოა რუსეთმა უკრაინაში გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი და 2. ისრაელ-ირანის დაპირისპირების შემთხვევაში, ასევე შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენონ. ფაქტობრივად ორივე ტერიტორია საქართველოსთან ისე ახლოს არის, რადიაციას ვერაფრით გავექცევით. არ ვიცი, ჭკვიანად მოქცევა საქართველოს ამისგან როგორ დაიცავს?!”

“პირადად მე და ჩემი ოჯახი ისრაელის გვერდით ვდგავართ. ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს იქაურ მეგობრებთან და თუ რამით შემიძლია მათი დახმარება, მზად ვარ. სწორედ ასეთი უნდა იყოს საქართველოს პოზიციაც. საქართველომ გაცილებით აქტიური და პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს. არ შეიძლება ასე ყოფნა, როგორც “ოცნების” წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ თურმე მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ შეიძლება ბევრი რამ ვერ გავაკეთოთ, მაგრამ სიტყვით მაინც შეგვიძლია განუხრელი მხარდაჭერის გამოცხადება. ეს შეგვეძლო უკრაინასთან დაკავშირებითაც. ორი აზრი არ არსებობს, ჩვენი ადგილი დემოკრატიულ სამყაროშია დასავლურ ღირებულებებთან. რაც შეეხება კონფლიქტის მასშტაბს, ოპტიმისტი ვიქნები და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს არ მოხდება და დედამიწა გადაურჩება მესამე მსოფლიო ომს. ასეთი გამოწვევები ადრეც არაერთი ყოფილა. ბოლო მასშტაბური დაპირისპირება იყო 1973 წელს. ამ კონფლიქტში ბევრი ქვეყანა იყო ჩართული. მაშინ ისრაელმა იომ-ქიფურის ომი მოიგო, მეტიც, დაიკავა გოლანის მაღლობი და ღაზის სექტორიც”, - იხსენებს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, ამჯერადაც ეს გლობალურ ომში არ გადაიზრდება, ამის მთავარი მიზეზი კი ის მგონია, რომ ირანი მასშტაბურ კონფლიქტში ჩართვის უფლებას თავს ვერ მისცემს. საქმე ისაა, რომ როგორც კი ჩაერთვება ირანი ომში, ვფიქრობ, ქვეყანაში გადატრიალება მოხდება. ირანის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს ქვეყნის თეოკრატიულ მმართველობას. გახსოვთ, ალბათ, ბოლო წლებში რა მასშტაბური წინააღმდეგობის მოძრაობები იყო ირანში. ეს საპროტესტო მუხტი არ განელებულა. ბევრჯერ ვარ ირანში ნამყოფი, ბევრს ვიცნობ იქ, ხშირად ვეკონტაქტები ტელეფონით და ამას ჩემი პირადი დაკვირვებითაც ვამბობ. თუმცა ვითარება ისეთია, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ არა ვარ პესიმისტურად განწყობილი”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ისრაელის სახმელეთო ოპერაცია, ვფიქრობ, აუცილებლად იქნება. თუმცა არ გამოვრიცხავ, ისრაელმა ეს ოპერაცია მაშინ დაიწყოს, როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდება. ამ ქვეყნის განცხადებით, “ჰამასისა” და “ჰესბოლას” პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას. მთავარია, მოხერხდეს და ირანის ჩართვა დაპირისპირებაში გამოირიცხოს. როგორ მოახერხებენ ამას ამერიკელები, არ ვიცი, მაგრამ თუ ირანი გამოირიცხა, ღაზის, “ჰამასისა” და “ჰესბოლას” პრობლემა გადაიჭრება. ვფიქრობ, რომ ეს ვითარება საკმაოდ გაართულებს სიტუაციას ევროპაშიც, სადაც ტერორისტული საფრთხე მნიშვნელოვნად გაზრდილია. სამწუხაროდ, ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს, ყურადღება გადავიდა უკრაინიდან ისრაელზე. ცხადია, სამხედრო რეზერვი, რაც დასავლეთში არსებობს და აქამდე უკრაინაში მიდიოდა, ახლა ორად განაწილდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ერთ თვეში ბევრი რამ გამოჩნდება...” - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, ნოემბრისთვის იქნება - რა მოლოდინი არსებობს

“საქართველო ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია და როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ევროკომისიის ანგარიში ნოემბერში იქნება. არსებობდა ინფორმაცია, რომ დასკვნას საქრათველოს შესახებ ევროკომისია 31 ოქტომბერს დაწერდა. თუმცა, გაირკვა, რომ დასკვნა ნოემბერში იქნება და თანაც შესაძლოა ამას რეკომენდაციის სახე ევროკომისიიდან არ ჰქონდეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი დეკემბერში ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას მიანდონ. როგორც ჩანს, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებასაც აქვს, რადგან პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ ოქტომბერში განაცხადა, რომ რეკომენდაციას საქართველოს შესახებ ნოემბრის დასაწყისში უნდა ველოდოთ. ამ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ამყარებს, რომელიც ამბობს, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით, მას აქვს ინფორმაცია, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბერს განიხილავენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, ნოემბრისთვის იქნება - რა მოლოდინი არსებობს.

“ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბრისთვის განიხილავენ. 31 ოქტომბრიდან ნოემბრისთვის გადაიტანეს. ხედავთ, რომ თარიღი მუდმივად ცვალებადია. გავიგე, რომ ევროკომისია რეკომენდაციას აღარ გასცემს და გადაწყვეტილების მიღებას დეკემბერში სრულად ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს მიანდობს. ანგარიშის მიხედვით იტყვიან, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით წინ უნდა წავიწიოთ. ეს არის ვარიანტი. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ევროკომისია ევროკავშირს მიმართულებას მაინც მისცემს. საქართველოსთან მიმართებაში ყველა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია. მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით ყველაფერი გარკვეულია. თითქმის ყველა ქვეყანა ამბობს, რომ წევრობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. საქართველოზე ამბობენ, რომ ჯერ გაურკვეველია, ვნახოთ რა მოხდება”, - ამბობს ტვ პირველთან იოზვიაკი. მან ასევე თქვა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი “კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებს მოკლავდა”. შესაბამისად კარგია, რომ ზურაბიშვილსი იმპიჩმენტი ჩავარდა. ამით საქართველოს კიდევ აქვს შანსი, რომ გადაწყვეტილება დადებითი იყოს. პრემიერ ღარიბაშვილს კი ნოემბერში დადებითი რეკომენდაციის მოლოდნი აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ გავედით ბოლოში. ამ ბოლოში გასვლას ჩვენ ველოდებით იმედიანად, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლების დამსახურებით, ხალხის მობილიზებით და მათი ნების გამოხატულებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მიუღებელი იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება, ისე როგორც იყო მიუღებელი, გაუმართლებელი და უხეში შეცდომა დაშვებული ევროპის მხრიდან, მაგრამ აღარ მინდა წარსულზე კომენტარი, უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ბოსნია და ჰერცეგოვინას აქვს სტატუსი, უკრაინას, მოლდოვას. მე ყველას მადლობა მინდა, ვუთხრა, წარმატებები ამ ქვეყნებს. მე ჩემს ქვეყანაზე მაქვს მთავარი ფოკუსირება, დამსახურებაზე და ყველაფერზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ”, - განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაციის მოლოდინი ნაკლებად უნდა გვქონდეს. ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭების გადავადება უფრო რეალისტურია”, - განაგრძობს გამოცემა.

“არ ვეთანხმები იმას, რომ ევროკომისიის დასკვნა შესაძლოა ბუნდოვანი იყოს და მხოლოდ წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტონ, მოგვცენ თუ არა კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიას არ შეუძლია ბუნდოვანი დასკვნა გააკეთოს. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ევროკომისიის შეფასებაში არ ყოფილიყოს ქვეყანას ეკუთვნის თუ არა კანდიდატის სტატუსი. ევროკომისია თუ არაფერს იტყვის, მაშინ წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ვერაფერს ვერ დაეყრდნობიან და მათ ევროკავშირისკენ მკაფიოდ ნათქვამი სჭირდებათ, დაუჭირონ თუ არა მხარი საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭებას. ამ შემთხვევაში შესაძლოა ევროპულმა საბჭომ განიხილოს და თქვას, რომ ჩვენ მზად ვართ საქართველოს მივანიჭოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ ევროკომისიამ ახალი ანგარიში დაწეროს და იმ ანგარიშში უკვე თუ მიუთითებს, რეკომენდაციას ვაძლევო, ევროპული საბჭო მაშინ კიდევ ერთხელ უნდა შეიკრიბოს. ანუ სანამ ევროკომისიიდან არ იქნება დასკვნა, რომ სტატუსი გვეკუთვნის, ისინი პირდაპირ ასე არ მოგვანიჭებენ”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“მათ შესაძლოა უბრალოდ დააფიქსირონ, რომ დიახ, მზად ვართ მივცეთ საქართველოს სტატუსი, მაგრამ ევროკომისიიდან დასკვნა მაინც გვჭირდებაო”, - ამბობს გოგოლაშვილი, რომლის თქმით, არ არის გამორიცხული, დასკვნის გადავადება განპირობებული იყოს სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიზეზებით. 8 ნოემბერს ასევე ვაშინგტონში სამიტია, ამიტომ იქ ევროკომისიის პრეზიდენტი აუცილებლად იქნება წასული. ასევე არ არის გამორიცხული, რამდენიმე ევროკომისარიც დაესწროს. ამიტომ შესაძლოა გადავადების მიზეზი ესეც იყოს. “მათ გარეშე ევროპული საბჭო არ განიხილავს. თუ განიხილავს, გადაწყვეტილებას მაინც ვერ მიიღებს, რადგან ევროკომისიიდან მაინც მკაფიო რეკომენდაციაა საჭირო. წევრი ქვეყნები მხოლოდ თავის თავზე ამას არ აიღებენ“, - მიიჩნევს გოგოლაშვილი. რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ხომ არ მოახდინა ამან ვადის გადაწევაზე გავლენა, გოგოლაშვილი ამბობს, რომ არა, რადგან ეს საკითხი უკვე დაიხურა და პარლამენტმა იმპიჩმენტი ჩააგდო. ამიტომ ამას რეკომენდაციის გაცემაზე ან თარიღის გადაწევაზე გავლენა არ მოუხდენია”, - დასძენს გამოცემა.

დავით ზურაბიშვილი - “ჩემი აზრით, პუტინი ეჭვობს, რომ ივანიშვილი ორმაგ თამაშს ეწევა და ზურაბიშვილი მის დავალებებს ასრულებს”

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს შეაშინოს სალომე ზურაბიშვილი. კობახიძის განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა შურისძიების მდაბიური სურვილი. ტყუილად ცდილობენ. რამდენადაც ვიცნობ სალომე ზურაბიშვილის შეშინებას ნამდვილად ვერ შეძლებენ. არც ის არის გამორიცხული, რომ ყოველივე ეს “ოცნების” ამომრჩევლისთვისაც იყო გათვლილი, პრეზიდენტობის პოსტიდან კი ვერ გადავაყენეთ, მაგრამ აი, ნახეთ, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ რა ვუქნათო. საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - თუ `ქართული ოცნება~ უმრავლესობაში ვეღარ დარჩება, ზურაბიშვილს არაფერი ემუქრება, თუ ისევ მოიგებს არჩევნებს, მაშინ გამორიცხული არაფერია”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩემი აზრით, პუტინი ეჭვობს, რომ ივანიშვილი ორმაგ თამაშს ეწევა და ზურაბიშვილი მის დავალებებს ასრულებს”.

“როდესაც სალომე ზურაბიშვილმა უგულებელყო ღარიბაშვილის უარი და მაინც წავიდა საფრანგეთში, მდინარაძემ თქვა, პრეზიდენტმა კი დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ იმპიჩმენტის პროცედურას არ დავიწყებთ, ვინაიდან აზრი არა აქვსო. ზუსტად მეორე დღეს კობახიძემ თქვა, ვიწყებთო, და მდინარაძემაც დაადასტურა, გუშინ კი სხვაგვარად ვთქვი, მაგრამ დღეს ასე გადავწყვიტეთო. სრულიად აბსურდული იყო მათი განმარტება, თითქოს იმპიჩმენტის პროცედურა იმიტომ წამოიწყეს, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დააფიქსირეს. როდიდან გახდნენ კონსტიტუციის დამცველები “ოცნების” ლიდერები?! როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ! სიმართლე ვთქვათ, არც მათ ამომრჩეველს ანაღვლებს კონსტიტუცია და არც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს. ვერც წარმომიდგენია, რომ “ოცნების” ისეთი ერთგული ამომრჩეველი, რომელსაც მოსწონს კობახიძე, მდინარაძე და ზარქუა, კონსტიტუციის დარღვევის გამო აღშფოთდეს. არც ის მგონია, იმდენად არ ესმოდეთ ძალაუფლების ტექნოლოგია, იმას ფიქრობდნენ, თუ პრეზიდენტს კონსტიტუციის დამრღვევად გამოიყვანდნენ, ამით ამომრჩეველთა გულებს მოიგებდნენ და ყურადღებას არავინ მიაქცევდა იმას, რომ მოინდომეს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს ძვრა ვერ უყვეს. იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება ძალიან ცუდი, წამგებიანი გადაწყვეტილება იყო შიდაპოლიტიკურად. რჩება ერთადერთი ვერსია - ეს ამბავი გათვლილი იყო გარე მოხმარებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“იბადება ლოგიკური კითხვა, ქვეყნის გარეთ ვის მოაწონეს თავი? ერთადერთი, ვისაც ეს მოეწონებოდა, მოსკოვია. რუსი ჩინოვნიკები არც მალავენ გაღიზიანებას ზურაბიშვილის მიმართ და მისი შეფასებისას საკმაოდ უხეშ, შეურაცხმყოფელ ეპითეტებს ხმარობენ. ამიტომ გასაგებია, ვისთვის და რისთვის გაიმართა მთელი ეს ორომტრიალი. ჩემი აზრით, პუტინი და მისი გარემოცვა ეჭვობენ, რომ შეიძლება ივანიშვილი ორმაგ თამაშს ეწევა და ზურაბიშვილი მის დავალებებს ასრულებს. მე გამოვრიცხავ ამას. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ჩემი გამოცდილება პოლიტიკაში, ამას გარდა, ვიცნობ ზურაბიშვილსაც და ივანიშვილსაც. ქართულ პოლიტიკაში ორმაგი და ათმაგი თამაშები არ გამოდის, ყველასთვის თვალსაჩინო ხდება სიყალბე. იმიტომ, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, შეუძლებელია ასეთი კონსპირაციები, ყველა ყველას იცნობს, ვის რა უნდა გამოაპარო?”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არსებობს მოსაზრება, რომ ზურაბიშვილი თავისი პოლიტიკით ივანიშვილს კი არა, ღარიბაშვილსა და კობახიძეს უპირისპირდება, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტიკურ დღის წესრიგს ღარიბაშვილი და კობახიძე კი არა, ივანიშვილი ადგენს! ეს იციან ამერიკამაც, საფრანგეთმაც და ინგლისმაც. თუ ზურაბიშვილი ივანიშვილს უპირისპირდება, როგორ შეიძლება მასთან იყოს შეკრული?! ბუნებრივია, ივანიშვილი ცდილობს ბოლომდე კონფრონტაციაში არ შევიდეს დასავლეთთან, უკანდასახევს იტოვებს, მაგრამ ამას ნამდვილად არ აკეთებს ზურაბიშვილის ხელით. ამაზე არაფერი მეტყველებს. ჩემი აზრით, ზურაბიშვილი მაინც წავა საზღვარგარეთ და შეხვდება დასავლელ ლიდერებს. შემდეგ აქტიურად ჩაერთვება შიდა პოლიტიკაში. არ გამოვრიცხავ, დააპიროს ისეთი ოპოზიციური ერთობის შექმნა, რომელიც იმ ამომრჩეველზე იქნება ორიენტირებული, რომელსაც არც “ნაციონალების” მობრუნება უნდა და “ოცნებაც” გვარიანად ამოუვიდა ყელში. შესაძლებელია მის გვერდით ვიხილოთ გახარიას პარტია და ასევე სხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლები”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ზოგი ვერსიით, შეიძლება ზურაბიშვილმა შეძლოს “ლელოსა” და გახარიას პარტიის გამაერთიანებლის როლის შესრულება...” - პასუხობს:

“ეს შესაძლებელიც არის და სასურველიც. როგორც ვიცი, “ლელოს” უფრო უჭირს შემრიგებლური ნაბიჯის გადადგმა, ვიდრე გახარიას პარტიას. არადა, ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო პლატფორმა, რომელიც შეკრებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც “ნაციონალური” დღის წესრიგით არ მოძრაობს და გახდებოდა კრიზისში მყოფი “ნაცმოძრაობისა” და ასევე კრიზისში მყოფი “ოცნების” ტოლფარდი პოლიტიკური ძალა. ბევრი ამომრჩეველი დაინახავდა, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია ისე, რომ “ოცნების” ადგილი “ნაციონალებმა” არ დაიკავონ. არ ვიცი, მართლა შეძლებენ თუ არა “ლელო” და გახარიას გუნდი შეთანხმებას, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, როგორ მოიქცევა სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ძალიან კარგი ამბავი რომ იქნება, დარწმუნებული ვარ”.

“ნაციონალური მოძრაობამ” პოპულარობის პიკს 2022 წელს მიაღწია. მაშინ სააკაშვილიც უფრო პოპულარული იყო, ნიკა მელიაც ფორმაში იყო და პარტიის სათავეში ისეთი სახეები იყვნენ, რომლებიც “ნაციონალური” ხელისუფლების დანაშაულებთან არ ასოცირდებოდნენ. ეს იმის განცდას ქმნიდა, რომ პარტიის განახლება მიდიოდა. სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ ეს ილუზიები გაქრა, დეკანოიძე წავიდა, ნიკა მელია საკუთარ პარტიას დაუპირისპირდა, სააკაშვილი საავადმყოფოდან არ ისვენებს - ხან ჭორვილაში ლაშქრობას აწყობს, ხან რაღაც კაბინეტებს ხსნის და ხან რა უცნაურობას იგონებს. კი, “ნაციონალები” უმძიმეს კრიზისში არიან, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ. სანამ სააკაშვილი ცოცხალი და პოლიტიკურად აქტიურია, ეს პოლიტიკური ჯგუფი მხარდაჭერას არ დაკარგავს. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ ნამდვილად დაზარალდა. ორი მომენტია - პარტიის მხარდაჭერას განსაზღვრავს ის, რომ ამომრჩეველს ივანიშვილი ყოვლისშემძლე ჰგონია. სააკაშვილისგან განსხვავებით, ის თავის ამომრჩეველს არ უყვარს, უბრალოდ, ძალიან მაგარ კაცად მიაჩნიათ, ფიქრობენ, რომ მიწის ქვეშ რა არის, ისიც იცის. იმ ხალხის კვალიფიკაცია, რომელთა საშუალებითაც ივანიშვილი ქვეყანას მართავს, ღარიბაშვილი იქნება, კობახიძე, მდინარაძე თუ ლილუაშვილი, პლინტუსს დაბლაა. ჯონდი ბაღათურია მაგათთან შედარებით ტალეირანია, ამიტომ მათ სერიოზულად არავინ აღიქვამს”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

“ყველა ფიქრობს, რომ “ეს ბატონმა ბიძინამ იცის”, ის აკეთებს ყველაფერს, სულ არ აინტერესებთ კონსტიტუციის დარღვევით კეთდება რამე თუ რუსეთის სასარგებლოდ. ფიქრობენ, რომ რადგან ბიძინა ასე აკეთებს, ასეა საჭირო. მაგრამ ამ ხალხმა ახლა დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდოდა თანამდებობიდან ქალის მოხსნა და ვერ მოხსნა. მათთვის ნათელი ხდება, რომ ეს კაცი ვერც ისეთი ყოვლისშემძლე ყოფილა, როგორიც ჩანდა. ესე იგი, ხელისუფლების მხარდამჭერთა ერთი ნაწილი იფიქრებს, ეს არც ისეთი მაგარი ყოფილა, რომ მიშა შეაკავოს და რატომ მივცე ხმაო. მეორე ნაწილი არ უარყოფს ივანიშვილის ყოვლისშემძლეობას და იფიქრებს, რომ იმპიჩმენტის ამბავი თამაშია, ზურაბიშვილი ივანიშვილის ხელდასხმით მოქმედებს და დროთა განმავლობაში ღარიბაშვილს, კობახიძესა და სხვა ოდიოზურ ფიგურებს სხვა, უფრო სერიოზული სახეებით ჩაანაცვლებს. ორივე ვარიანტის შემთხვევაში “ოცნებას” არჩევნებში ხმები დააკლდება. მე რომ ახლა ოპოზიციაში ვიყო, ამ მიმართულებით ვიმუშავებდი. ერთი მხრივ, ვეცდებოდი, ხალხში ივანიშვილის ყოვლისშემძლეობის მითი გამექრო და მეორე მხრივ, ხელს შევუწყობდი კონსპირაციებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილი 2024 წლის არჩევნებზე ახალ გუნდს დაეყრდნობა. ყველა ვარიანტში დაანგრევდა ეს “ოცნებას”, მაგრამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და შეიძლება გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს...” - დაასკვნის ზურაბიშვილი.

როგორ ახერხებს „ოცნება“ პარლამენტში თავისი ოპონენტების გადაბირებას - ოპოზიციაში “კატასტროფულ მდგომარეობაზე” ალაპარაკდნენ

“აქვს თუ არა ხელისფლებას იმის რესურსი, რომ როცა დასჭირდება ოპოზიციიდან გადაიბიროს ცალკეული დეპუტატები მისთვის პრონციპულად მნიშვნელოვანი საკითხების კენჭისყრისას ხმების საჭირო რაოდენობის მისაღებად? გასულ კვირას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციაში “კატასტროფულ ვითარებაზე” ალაპარაკდნენ. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციონერთა გადაბირების პრობლემა არ აქვს, რაც უკვე ორი კენჭისყრისას ღიად გამოჩნდა და 18 ოქტომბერს “ოცნება” პრეზიდენტის გადაყენებისათვის საჭირო 100 ხმასაც კი შეაგროვებდა, ეს რომ მის ინტერესებში ყოფილიყო. გასულ კვირას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების ასარჩევად ხელისუფლებას ერთი ხმა აკლდებოდა, თუმცა მან ამ ერთი ხმის პოვნა უპრობლემოდ ოპოზიციის რიგებში შეძლო და 90 ხმით ორი არამოსამართლე წევრი აირჩია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ ახერხებს „ოცნება“ პარლამენტში თავისი ოპონენტების გადაბირებას - ოპოზიციაში “კატასტროფულ მდგომარეობაზე” ალაპარაკდნენ.

“ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. მიმდინარე წლის მაისში საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის არჩევას. ამ სკანდალის შემდეგ სამმა მათგანმა - ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ და როსტომ ჩხეიძემ, რომლებიც პარლამენტში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად იყვნენ არჩეული “სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიული სიით, ენმ-ის ფრაქცია დატოვეს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, როცა საჭიროა, გარიგებას და მორიგებას ხელს არაფერი უშლის. განსაკუთრებით კი ეს “ოცნებასა” და “ნაციოანლურ მოძრაობას” შორის არის შესამჩნევი. მათი აზრით, ორივე მათგანს ერთმანეთთან თანამშრომლობა ყველაზე კარგად გამოსდით. ამიტომ ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართაც ნდობა არ აქვთ. ეს კი რიგითი ამომრჩევლისთვის ყველაზე ადვილად დასანახია და 2024 წლის არჩევნებზეც არანაკლებ გავლენას მოახდენს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სერიოზული სკანდალი პარლამენტში 18 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას მოჰყვა. ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ამ ვითარებას ოპოზიციისათვის კატარსტროფული უწოდა. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები “ისევ ოპოზიციამ გაათრია პარლამენტში”. “ქართულ ოცნებას” ერთი დეპუტატი დაემატა დღეს, უფლებამოსილებით ცნეს გორი/კასპის მაჟორიტარი. ჯამში ახალ წევრთან ერთად “ოცნებას” პლუს “სოციალისტები” 89 ხმა აქვთ. ტაბლოზე 90 ხმა იყო. ამიტომ ერთი ადამიანი ოპოზიციიდან ისევ გარიგდა. იმედია, კადრებს ამოიღებენ ჟურნალისტები და ზოგადად, ოპოზიციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით”, - წერს დეკანოიძე. მმართველ პარტიაში არ უარყვეს, რომ კენჭისყრის წინ ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან ჰქონდათ კონსულტაცია. ამის შესახებ ჟურნალისტებს “ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, თუმცა მათი ვინაობის დასახელებაზე კატეგორიული უარი თქვა”, - განაგრძობს გამოცემა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციაში სერიოზული პორბლემებია და ერთმანეთს თავად არ ენდობიან, ეს კი პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრის დღეს ყველაზე ადვილი დასანახი იყო. საყვარელიძე ამბობს, რომ ამიტომ გადაწყვიტა ოპოზიციამ დარბაზში საერთოდ არ შესულიყო. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ ფონზე ოპოზიციის მიმართ მოსახლეობაში ნიჰილიზმი კიდევ უფრო იზრდება. ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში გასაკვირი არაფერია. როგორც მან “რეზონანსთან” განაცხადა, პოლიტიკოსების გაყიდვის საუკეთესო მაგალითი 2012 წლის შემდეგი პერიოდია, როცა “ნაციონალების” პორტირება “ოცნებამ” ისე მარტივად მოახერხა, რომ მათ შორის განსხვავებასაც კი ვეღარ ვხედავთ. ამის საუკეთესო მაგალითად კი ძაბირაძეს დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მოჰყავს, რომელიც ჯერ სააკაშვილთან იყო, შემდეგ “ოცნებასთან” და ახლა ისევ სააკაშვილთან დაბრუნდა”, - დასძენს გამოცემა.

“როცა მოსახლეობა ხედავს, რომ ოპოზიცია ერთმანეთს თავად არ ედობა, მას ხომ უჩნდება კითხვა - მე რატომღა უნდა ვენდო? ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა. ამიტომ მისთვის ასეთი რაღაცეების შემჩნევა ძალიან მარტივია. ხალხისთვის პოლიტიკოსი მისი პრინციპულობით არის ღირებული. ჩვენს ოპოზიციაში კი ამ სიტყვის მნიშვნელობა ვინმემ იცის? ანუ ერთმანეთის მიმართაც კი ნდობა არ გააჩნიათ. ფაქტია, თავად ოპოზიციაში თანხმდებიან იმაზე, რომ ხელისუფლებას რომ მოენდომებინა, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის იმ 12 კაცს იპოვიდა. უბრალოდ ეს არ აწყობდათ და ამიტომაც თავი არ შეიწუხეს. მეორეს მხრივ კი ისიც არის, რომ როცა პარტია სუსტია, იქ გამყდველები ყოველთვის მოიძებნებიან. ყველაზე მეტად კი ასეთ გამყიდველებს “ნაციონალურ მოძრაობაში” პოულობენ. ეს პარტია იყო, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე სწორედ ამ მოტივით თქვა უარი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია ჩვენი ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვისაც. როცა ხალხი ვერ ხედავს პოლიტიკოსში სიამაყეს და მას არ ენდობა, ასეთ პოლიტიკოსის და ოპოზიციის ფასი რა არის?! ამიტომ არის, რომ არჩევნებს ამ ხნის განმავლობაში აგებენ. ეს, სავარაუდოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც მოახდენს გავლენას. როცა ქვეყანაში პოლიტიკოსების “ღონიერი მყიდველები” არსებობენ და პოლიტიკოსს არ აქვს სათანადო სიმტკიცე, მისი ყიდვა მარტივია. ამიტომ არ გამორივცხავ, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებისთვისაც გაიყიდებიან და ოპოზიცია ერთიანობას ვერ შეძლებს. მით უმეტეს, რომ ეს ერთიანობა უნდა მოხდეს ისეთ პოლიტიკურ პარტიასთან, რომლის მიმართაც მოსახლეობაში უკვე დიდი ხანია უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს”, - დაასკვნის საყვარელიძე.

“რა თქმა უნდა, ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერ დროს ისე გადაიბიროს ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ამის არანაირი პრობლემა არ ჰქონდეს. დააკვირდით”ოცნებაში” როგორ კოხტად არიან “ნაციონალები” პორტირებული. ვინმეს საერთოდ რამე პრობლემა ჰქონია? ვინც ვერ მოახერხა ხელისუფლებასთან დალაგება, ისინი წავიდნენ ოპოზიციაში, თორემ ვინც მოახერხა, ზოგი მაღალ თანამდებობაზეც კი ზის. ამიტომ ეს უნდობლობა ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ არც ახალია და არც გასაკვირი. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს ჩვენს პოლიტიკურ გარემოზე და ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ამდენი წლის განმავლობაში ოპოზიციას ისევ “ოცნება” უგებს. თანაც იმაზე ბევრად დასუსტებული და გაბანკროტებული, ვიდრე როდესმე ყოფილა. კი, ბატონო, ხელისუფლებას არ სურდა ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა და არც მიიყვანა, თორემ 12 კაცის პოვნას, მოსყიდვას თუ დაშინებას წინ რა დაუდგებოდა?! საქმე ისაა, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს ძალიან მძიმე სანახავია და ამიტომაც ელიან ე.წ. მესამე ძალას. ამ ორი პოლიტიკური ძალის ირგვლივ ხდება აღებ-მიცემობა, გარიგება, შეთანხმება. “ოცნება” და “ნაციონალები” ერთმანეთთან იდეალურად თანამშრომლობენ. თუ არ გამოჩნდა ვიღაც ღირებული პოლიტიკოსი, ამ ოპოზიციის ნდობა ამომრჩეველს არ აქვს. თუმცა საქმე არც ასე ცუდადაა, რადგან ჩვენი მოსახლეობა ჩვენს პოლიტიკოსებზე ღირსეული და პრინციპულია. ასე მოხდა 2012 წელს და ასე მოხდა 2003 წელსაც. ამიტომ, თუკი ოპოზიციაში ვინმე არ გამოჩნდა, ვისი ყიდვაც ასე მარტივი არ იქნება, სიტუაცია გვექნება იგივე, რაც ახლაა“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

გაგიჟდება თუ არა საბოლოოდ პუტინი?!

“18 ოქტომბერს რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონპროექტი ბირთვული გამოცდის აკრძალვის შეთანხმების რატიფიკაციის გაუქმების შესახებ. ინიციატივა პუტინმა ოქტომბრის დამდეგს პუტინმა წამოაყენა და განაცხადა, რომ ეს იქნება აშშ-ის პოზიციის “ანარეკლი”. აშშ იმ 5 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, მაგრამ არ მოუხდენიათ რატიფიცირება. რუსეთის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა კომენტარები, რომ რუსეთი ვითარების ესკალაციას ცდილობს... სუსის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან რეგიონში ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეებზე ილაპარაკა. მისი თქმით, თუ ქვეყანა დადგება ამ საფრთხის წინაშე, თავშესაფრები არ გვიშველის, ამიტომ “ჭკვიანად უნდა ვიყოთ”. ცხადია, თუკი მსოფლიოში ატომური საფრთხე შეიქმნება, ჩვენ “ჭკვიანად ყოფნა” ვერ გვიშველის და სწორედ თავშესაფრები გაზრდიდა ჩვენი გადარჩენის შანსს. რამდენად რეალურია ატომური საფრთხე, “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელს გიორგი რუხაძესა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი კობერიძეს ვესაუბრეთ”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით გაგიჟდება თუ არა საბოლოოდ პუტინი?!

“ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, არამედ გამოცდაზე. რუსეთი ბირთვულ იარაღს ისედაც ცდიდა, მაგრამ ხვალ-ზეგ უფრო ნაკლებად გამოცდის -ბირთვული იარაღი რომ გამოცადო, უნდა შექმნა რაღაც ახალი, საამისო ფული ან სხვა რესურსი რუსეთს დღეს არა აქვს. ჩვენთვის უფრო საშიში სხვა რამ არის, ვიდრე ბირთვული იარაღის გამოცდა. რომც გამოცადონ, მე ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მნიშვნელოვნად არ მივიჩნევ. მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ეს გადაწყვეტილება არ ცვლის არაფერს და არც ყოფილა ამაზე მსოფლიო გამოხმაურება. რუსეთი თუ რამეს აპირებდა, აქამდე გააკეთებდა. წელიწად-ნახევარია უკრაინას ეომება და ნელ-ნელა უკან იხევს, თუ რამის სროლა უნდოდა, აქამდე იზამდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი რუხაძე.

“ბირთვული იარაღის გამოყენება ასე მარტივად არ ხდება, “ჰამასის” რაკეტა ხომ არ არის, რომელიღაც შენობას ესროლო? შეიძლება გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რაც გაანადგურებს ათობით ქალაქს და მერე ქარი ან მდინარე სად წაიღებს, კაცმა არ იცის. ბირთვული იარაღის გამოყენებისას დაფარვის არეალის გათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და შეიძლება ისეთივე ზარალი მოუტანოს რუსეთს, როგორიც უკრაინას. უფრო მსხვილი მასშტაბის აფეთქება გლობალური კატასტროფა იქნება და, თუ ვინმე ისე გაგიჟდა, რომ დედამიწის დანგრევა დააპირა, რა გითხრათ? მეორე მხრივ, როგორც კი რუსეთი დააპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ამას პასუხი უმალ მოჰყვება, მსოფლიოში სხვა ბირთვული სახელმწიფოებიც არიან. გარდა ამისა, ვიდრე გამოიყენებს, ბირთვული სახელმწიფოების დაზვერვის სამსახურები გულზე ხელდაკრეფილი ხომ არ ისხდებიან, დაუყოვნებლივ იქნება პრევენციული მოქმედებები. თუ რუსეთი მზად არის თვითგანადგურებისთვის, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მინიმალურია”, - დაასკვნის გიორგი რუხაძე და შეკითხვაზე - “ამ გადაწყვეტილებით რისი ჩვენება სურდათ?” - პასუხობს:

“ვფიქრობ, ეს პოლიტიკური მუქარაა და მეტი არაფერი. ამ ხნის განმავლობაში რუსეთის რამდენიმე გადაწყვეტილება მხოლოდ შანტაჟს ისახავდა მიზნად და ესეც ამ სერიიდანაა, მიზანი კი, სავარაუდოდ, ის არის, რომ შეწყვიტონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მხარდაჭერა და ა.შ. უბრალოდ, კრემლი მსოფლიოს ახსენებს, ჯერ კიდევ რაღაც შეგვიძლია და ჯობია მოგვისმინოთო... თუკი ამას დავუკავშირებთ ლილუაშვილის განცხადებას, რომ თურმე საქართველო ჭკვიანად უნდა იყოს, რადგან თავშესაფრები არ გვიშველის, სასაცილოა. ბირთვული საფრთხის შექმნა საქართველოზე არ არის დამოკიდებული და ჭკვიანად ვიქნებით თუ გავგიჟდებით, სულ რომ ხვალ დავესხათ რუსეთს თავს, ეს ვერ გამოიწვევს ბირთვულ აფეთქებას. თუ ბირთვული საფრთხე მართლაც შეიქმნება, მაშინ ერთადერთი მცირე შანსი მაინც თავშესაფარია და ჭკვიანად ყოფნა ვერ გვიშველის”!

“ეს ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდია, ვერბალური საკანონმდებლო სიგნალები დასავლეთისთვის, რაც მიანიშნებს, რომ რუსეთი უფრო და უფრო თამამი და ხისტი ხდება, რაც დასავლეთისთვის სიახლე არ არის. მედვედევმა ამ ხნის განმავლობაში ოცდაათჯერ მაინც ილაპარაკა ატომური იარაღის გამოყენებაზე და დასავლეთი უკვე მიეჩვია რუსების მუქარას. ამ ყველაფერს განსაკუთრებული შედეგები, ალბათ, არ მოჰყვება, მაგრამ, მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, რუსეთმა კიდევ გააგრძელოს ეს პროცესი და მსგავსი შეთანხმებებიდან გამოვიდეს, რაც დასავლეთს ადარდებს. “ცივი ომისეული” ეტაპი უკვე დაწყებულია. რაც შეეხება ხანგრძლივ პერსპექტივას, არ არის გამორიცხული, რუსეთმა მართლა სადმე გამოცადოს ბირთვული შეიარაღება, ვგულისხმობ ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას, გადაიღოს ამ გამოცდის ვიდეოები და გაავრცელოს, რათა მეტი შიში დათესოს, მაგრამ რუსეთის ქმედებები პროგნოზირებადი გახდა და აღარ არის ისეთი, როგორიც თავიდან ჩანდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“დასავლეთში თავიდან ვერ ხვდებოდნენ, რუსეთი ხვალ რას მოიმოქმედებდა, მაგრამ მათი ყოველი ნაბიჯი დღეს უკვე თვალნათელია და მათი რიტორიკის გახისტებაც აღარავის აშინებს. საფრთხე მინიმალურია. რუსეთის ხელისუფლებაში სხედან მკვლელები, მაგრამ არა თვითმკვლელები. მათ არ სურთ ისეთი პრეცედენტის შექმნა, სადაც თავდასხმით ომში ატომური იარაღის გამოყენება იქნება შესაძლებელი. ატომური ბომბი გამოიყენეს მხოლოდ ერთხელ და ისიც თავდაცვით და არა თავდასხმით ომში. თავდასხმით ომში ამ იარაღის გამოყენება დასავლეთს მიაყენებს კედელთან და მას სხვა გზა აღარ ექნება, რომ ან უშუალოდ ჩაერიოს ამ ომში, ან მწვანე შუქი აუნთოს უკრაინას, რათა ომი გადავიდეს სხვა მასშტაბზე, რუსეთის ტერიტორიაზე და მოიხსნას აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა შეიარაღებაზე. ეს უპირველესად რუსეთს დააზარალებს და, რა თქმა უნდა, უკრაინასაც”, - განაგრძობს კობერიძე.

“თუმცა იმას, რომ რუსეთმა შეიძლება ბირთვული იარაღის საჩვენებელი გამოცდა­ გამართოს, ნამდვილად არ გამოვრიცხავ. მეტიც, პირიქითაც მგონია. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ბირთვულ იარაღს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი - რეალურად თავდაცვის იარაღია და მისი მფლობელი გამოიყენებს, თუკი მის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე. ბირთვული იარაღის შეტევითი პოტენციალი ძალიან მცირეა. ეს სამხედრო თვალსაზრისით არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ დარტყმის ადგილი დროებით გაუვალი იქნება, როგორც მოწინააღმდეგისთვის, ასევე გამომყენებლისთვის. თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებ ქალაქის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მასშტაბი დამანგრეველი იქნება და რუსეთის ხელისუფლება მთელი მსოფლიოს სამიზნე გახდება. ამიტომ მეეჭვება, ეს გააზრებული არ ჰქონდეს კრემლს, უბრალოდ, ჰგონიათ, ამით დასავლეთს დააშინებენ”, - ამტკიცებს გიორგი კობერიძე.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს