პარტია „საქართველოსთვის“ წევრის კახა ქემოკლიძის განცხადებით, 2024 წელს „ქართული ოცნება“ ერთპიროვნულ მმართველობას დაასრულებს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, 2020 წლის არჩევნებში ამომრჩევლების 60-65%-მა „ქართულ ოცნებას“ ხმა გიორგი გახარიას იმედად მისცა.
„2024-ში „ქართული ოცნება“ ვერ მიაღწევს იმას, რაც უნდა და მას უნდა ერთპიროვნული მმართველობა. ერთპიროვნული მმართველობის ხანა სრულდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. „ქართულ ოცნებას“ ერთპიროვნული მმართველობა 2020 წელს გაუჭირდა, იმ არჩევნებში, რომლის ფლაგმანი ფაქტობრივად, გახარია იყო და მათ შორის, ის პროგრამა დაწერილი იყო ჩვენს მიერ და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების 60-65%-მა ხმა 2020 წელს არჩევნებს მისცა გახარიას იმედად და არა იმ რიგი მოლაპარაკე თავების იმედად, რომლებიც დღეს ბედავენ და რაღაც კომენტარებს აკეთებენ. 2024 წელს ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ დაასრულებს ერთპიროვნულ მმართველობას.
ლამაზი თვალებისთვის აირჩიეს ბატონი გახარია, თუ ლამაზი ფიზიონომიისთვის და გარეგნობისთვის, როგორ გგონიათ?! „ქართულ ოცნებაში“ იმდენად სულელები იყვნენ, რომ პირველ ნომრად დაეყენებინათ ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იყო, მაშინაც, სხვათა შორის და ჩემი აზრით, ეს ყველამ იცოდა როგორც გუნდის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმაც“, - განაცხადა ქემოკლიძემ.
კახა ქემოკლიძემ უპასუხა კითხვას, სურს თუ არა ამით იმის თქმა, რომ გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რაზეც მან განაცხადა, რომ 2020 წელს გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა და ამას, „ქართული ოცნების“ კვლევებიც ადასტურებდა.
„თქვენ მაგაში ეჭვი გეპარებათ, ან ეჭვი შეგპარვიათ?! მაგას ჩემი დადასტურება არ სჭირდება, მაგას ნებისმიერი კვლევა ადასტურებდა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ კვლევებიც. ბიძინა ივანიშვილი ღმერთია თუ ვინ არის?! ბიძინა ივანიშვილს თავისი გაკეთებული აქვს და თავისი გაფუჭებულიც აქვს და ხალხი როგორც გაკეთებულს, ამავდროულად გაფუჭებულსაც ხედავს. ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილს - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი გაკეთებულიც გვახსოვს და გაფუჭებულიც, რომელსაც საკმაოდ ეფექტიანად ფუთავდა „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით. აი, ეგ არის ძალიან დიდი განსხვავება ამ ორ ძალას შორის. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, რა თქმა უნდა, გახარია იქ არ დაუყენებიათ იმიტომ, რომ მას განსაკუთრებული გარეგნობა ჰქონდა, ან უნარ-ჩვევები. მას ყველაზე დიდი რეიტინგი ჰქონდა, იგი ყველაზე დამოუკიდებელი ფიგურა იყო, მას გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება შეეძლო და ყველაზე ეფექტიანი მენეჯერი იყო ამავდროულად და შემდგარი პოლიტიკური ფიგურა იყო, რაც დადასტურდა კიდეც. ვერცერთმა „ქართული ოცნებიდან“ წასულმა ვერ გაბედა დღემდე, ოპოზიციაში გადასვლა“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.