გიორგი კაჭარავა - ლიბერალური მიდგომები საერთაშორისო ურთიერთობებში წარსულს ჩაბარდა და რეალიზმმა გაიმარჯვა, ანუ ჰანტინგტონმა აჯობა ფუკუიამას

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები და რა გავლენა ექნება ამ პროცესებს სამხრეთ კავკასიაზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, მას შემდეგ რაც, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმა დაიწყო და ისრაელის მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებში სისასტიკით გამორჩეული ოპერაცია დაიწყო, 15 დღეზე მეტი გავიდა.

თუ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში ბევრი ვერსია გამოითქმის. თქვენ როგორ შეაფასებდით ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბრის შემდეგ დაწყებულ პროცესს? რაც ხდება იმის პოლიტიკურ-კულტურულ-სახელმწიფოებრივი ასპექტები და გარე და შიდა ფაქტორები როგორია?

- უპირველეს ყოვლისა საქმე გვაქვს უდიდეს ტრაგედიასთან, რომელმაც უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, და სამწუხაროდ, დღემდე გაღებული მსხვერპლი არ არის საბოლოო. ის, რაც ახლა ისრაელსა და არა მარტო ღაზას სექტორში ხდება, გახლავთ უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტული აქტი, რომელიც, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სტაბილურობა და არსებული მყიფე წონასწორობა უნდა აეფეთქებინა. ნაწილობრივ ეს მოხერხდა კიდევაც, რადგან ძველი გამყოფი ხაზები ხელახლა გამოჩნდა და მათი კიდევ უფრო გაღრმავების და გამწვავების პერსპექტივაც რეალური გახდა.

თქვენ სწორედ ბრძანეთ, ყოველივე ამას გააჩნია როგორც პოლიტიკური, ასევე სახელმწიფოებრივი და კულტურული საფუძვლები. შიდა ფაქტორებში, სავარაუდოდ, უნდა ვიგულისხმოთ თვით ისრაელში ბოლო პერიოდში არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის გახლეჩა გამოიწვია. ასეთი პროცესები ბუნებრივად აისახება ქვეყნის ფუნქციონირების ყველა სფეროზე და უსაფრთხოების სფეროც არ აღმოჩნდა გამონაკლისი.

ის, რაც ახლა ისრაელსა და არა მარტო ღაზას სექტორში ხდება, გახლავთ უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტული აქტი, რომელიც, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სტაბილურობა და არსებული მყიფე წონასწორობა უნდა აეფეთქებინა. ნაწილობრივ ეს მოხერხდა კიდევაც, რადგან ძველი გამყოფი ხაზები ხელახლა გამოჩნდა და მათი კიდევ უფრო გაღრმავების და გამწვავების პერსპექტივაც რეალური გახდა

გარე ფაქტორებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უპრიანი იქნება ვახსენოთ ზოგადად გლობალური უსაფრთხოების სისტემის ნაწილობრივი დეგრადირება, რაც სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის ასეთი უპრეცედენტო ქმედებებისთვის.

ამ ქმედებებს კიდე თავის მხრივ შეუძლია სერიოზულად გაამწვავოს ვითარება ისეთ ფეთქებად რეგიონში როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი.

- ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობა გამოუცხადა ამერიკამ და ევროპამ. ამერიკის საზღვაო ფლოტის ძალები ისრაელის სანაპიროსთან დგანან და როგორც ჩანს, შემაკავებელ როლსაც ასრულებენ, რომ ირანი ღიად არ ჩაერთოს ამ ბრძოლაში. ისრაელში ჩასულები იყვნენ ევროპის ლიდერები, დიდი ბრიტანეთის პრემიერი.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა - „აშშ არ დაუშვებს „ჰამასის“ და პუტინის გამარჯვებას“. მეტიც, აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების აღმოსაჩენად კონგრესისაგან ამ ქვეყნებისთვის შესაბამისად 61 მილიარდი და 14 მილიარდი აშშ დოლარი მოითხოვა.

შეიძლება ითქვას, რომ „ჰამასისა“ და მის უკან მდგომი რუსეთისა და ირანისაგან ვაშინგტონმა გამოწვევა მიიღო.

შექმნილ სიტუაციაში როგორ შეაფასებდით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში აშშ-სა და კოლექტიური დასავლეთის ჩართულობას? ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, არის თუ არა ეს ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის დასაწყისი?

- 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტის შემდეგ, მიუხედავად ღაზას ტერიტორიაზე მიტანილი ინტენსიური საჰაერო თუ საარტილერიო იერიშებისა, ისრაელის ქმედებები შეიძლება ითქვას ძალზედ მოზომილია. ასეთი დასკვნა უკავშირდება უპირველეს ყოვლისა ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან სახმელეთო ოპერაციის არდაწყებას, რომელსაც გაცილებით მეტი მსხვერპლი მოჰყვება სამწუხაროდ.

რაც შეეხება აშშ-ს რეაქციას, მოგეხსენებათ ისრაელსა და აშშ-ს შორის არსებობს რიგი შეთანხმებებისა უსაფრთხოების და სამხედრო დახმარების სფეროში. ამიტომ ამერიკის მყისიერი რეაქცია ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე არ უნდა იყოს გასაკვირი.

თუმცა, მოგეხსენებათ შეიარაღების მიწოდების გარდა, აშშ-მა ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ აკვატორიაში განათავსა ორი ავიამზიდი, თანმხლები სამხედრო საზღვაო ხომალდებით, რაც უდიდეს ძალას წარმოადგენს. აღნიშნულ მძლავრ სამხედრო საზღვაო დაჯგუფებას ნამდვილად გააჩნია შემაკავებელი ფუნქცია, რათა არ დაუშვას კონფლიქტის სხვა ფრონტებზე გავრცელება, და ამავდროულად აღკვეთოს მესამე ძალის, იქნება ეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები ხსენებული ვითარების გამწვავება.

ხმელთაშუა ზღვაში თავმოყრილი ძალები დღეს წარმოადგენენ ფართომასშტაბიანი ომის პრევენციის ფუნქციას ასრულებენ და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასეთი სიძლიერის შემყურე ნებისმიერი ძალა, ვერ ან არ გაბედავს გაჩაღებული კონფლიქტის გაღრმავებას და გაფართოებას

ეს ნამდვილად ანგარიშგასაწევი ძალაა რადგან გარდა ასეულობით თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავისა და რამდენიმე ათასი საზღვაო ქვეითებისა, ხმელთაშუაზღვის ამ რეგიონში დისლოცირებულ აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებს გააჩნია შესაძლებლობა ერთდროულად განახორციელოს 400-მდე ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება, რაც უზარმაზარ ძალას წარმოადგენს.

ამიტომ, ხმელთაშუა ზღვაში თავმოყრილი ძალები დღეს წარმოადგენენ ფართომასშტაბიანი ომის პრევენციის ფუნქციას ასრულებენ და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასეთი სიძლიერის შემყურე ნებისმიერი ძალა, ვერ ან არ გაბედავს გაჩაღებული კონფლიქტის გაღრმავებას და გაფართოებას.

- მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი და ევროპის ლიდერები ცალსახად გმობენ „ჰამასის“ გააქტიურებას ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ევროპის რიგ ქვეყნებში გააქტიურებული არიან ე.წ. მემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალები, რომლებიც პალესტინელების დასაცავად აქციებსა და პერფორმანსებს ატარებენ.

და ეს ხდება იმის ფონზე, რომ ამ ძალებს არასდროს არ გაუპროტესტებიათ ის, რასაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთი უკრაინაში აკეთებს. მხედველობაში მაქვს მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა და რუსული დაბომბვების შედეგად დაღუპული უკრაინელი ბავშვების დაღუპვა.

ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ გააქტიურებამ ისიც ცხადი გახადა, რომ აშშ-ს კონგრესში ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენი პალატის თავმჯდომარე ვერ გახდება. როგორ შეაფასებდით იმას, თუ როგორ ვითარდება პოლიტიკური ვითარება აშშ-სა და ევროპის რიგ ქვეყნებში უკრაინასა და ისრაელში მიმდინარე პროცესების ფონზე?

- მსოფლიო შევიდა ძალზედ ტურბულენტურ პერიოდში, და ბუნებრივია არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ რა გზით უნდა განვითარდეს მოვლენები. დღეს არსებული ვითარება მიგვანიშნებს რომ ლიბერალური მიდგომები საერთაშორისო ურთიერთობებში რაღაც პერიოდით წარსულს ჩაბარდა და რეალიზმმა გაიმარჯვა. ანუ ჰანტინგტონმა აჯობა ფუკუიამას.

ბევრი საუბრობს რომ საქმე გვაქვს ერთ პოლარული სამყაროს დასასრულთან და მრავალპოლარულობის წინაშე ვართ. არსებობს აგრეთვე მოსაზრება რომ დასავლური ცივილიზაცია და მისი ბურჯი ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო არენაზე დაკნინდა და სხვა აქტორები გაძლიერდნენ ისე, რომ რეგიონულ ჭრილში უწევენ მას კონკურენციას. ყველა ამ მოსაზრებას აქვს უფლება იარსებოს და კარგია ამაზე რომ აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს.

თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენ არ ვდგავართ მრავალ პოლარული მსოფლიოს მოწყობის წინაშე ამ ეტაპზე, და ეს საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივაა. საერთაშორისო სისტემა ნამდვილად განიცდის ცვლილებას, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, გარდამავალ პერიოდშია „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ.

ჩვენ არ ვდგავართ მრავალ პოლარული მსოფლიოს მოწყობის წინაშე ამ ეტაპზე, და ეს საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივაა. საერთაშორისო სისტემა ნამდვილად განიცდის ცვლილებას, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, გარდამავალ პერიოდშია „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ

ანუ, ეს ტრანსფორმაციაა ბიპოლარული სამყაროდან ახალ ფორმაციაში, სადაც დასავლეთი და აშშ წარმოადგენენ ერთ მძლავრ, კარგად ჩამოყალიბებულ და ორგანიზებულ პოლუსს, მაგრამ მას უპირისპირდება ქაოსური ვითარება, სადაც არ არსებობს ძალის ცენტრი და არსებულ ვითარებაში კარგად არ ჩანს რომელ ძალას შეუძლია რაიმე სერიოზული კონკურენტული სისტემა შესთავაზოს სხვა დიდ თუ შედარებით პატარა აქტორს, რომლებსაც ხშირად რეგიონულ სახელმწიფოებს უწოდებენ.

ასეთ ვითარებას, რა თქმა უნდა, გააჩნია თავისი მიზეზები. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება დასავლეთის და პირველ რიგში აშშ-ს უპირობო ლიდერობას ყველა მნიშვნელოვან სფეროში, ისეთში როგორიცაა სამხედრო ძლიერება, ეკონომიკური უპირატესობა, ტექნოლოგიური ინოვაციები და კაპიტალი.

ამ საკვანძო ფაქტორების გათვალისწინებით, ყველა დანარჩენი აქტორი, ამა თუ იმ დოზითა და ფორმით დამოკიდებულები არიან დასავლურ პოლუსზე. ეს განაპირობებს დასავლეთის უპირობო ლიდერობას საერთაშორისო არენაზე. თუმცა, მოცემულ ეტაპზე ჩვენ მოწმენი ვხვდებით იმისა თუ როგორ უწევს მას არსებული უპირატესობის დამტკიცება და დაცვა, უკრაინასა თუ ამიერიდან უკვე ახლო აღმოსავლეთის მოვლენებთან დაკავშირებით.

ამიტომაცაა, მიუხედავად თვით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მიმდინარე რთული პროცესებისა, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების კვალობაზე შეგვიძლია დავასკვნათ რომ ზუსტად ის 100 მილიარდი დოლარის ოდენობის გაერთიანებული დახმარების პაკეტი რომელიც უნდა გამოიყოს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის უსაფრთხოების განსამტკიცებლად, წარმოადგენს მანიფესტს იმისა თუ რისთვის არის დღეს მზად დასავლური სამყარო, რათა შეაჩეროს ქაოსი, რომელიც რეალურად ემუქრება გლობალურ უსაფრთხოებას და დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგს.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების კვალობაზე შეგვიძლია დავასკვნათ რომ ზუსტად ის 100 მილიარდი დოლარის ოდენობის გაერთიანებული დახმარების პაკეტი რომელიც უნდა გამოიყოს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის უსაფრთხოების განსამტკიცებლად, წარმოადგენს მანიფესტს იმისა თუ რისთვის არის დღეს მზად დასავლური სამყარო, რათა შეაჩეროს ქაოსი, რომელიც რეალურად ემუქრება გლობალურ უსაფრთხოებას და დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგს

- უკრაინასა და ისრაელში მიმდინარე ომის ფონზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯერ აზერბაიჯანის დროშა აღმართა აწ უკვე ყოფილი მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ ხანკენდიში, ყოფილ სტეფანაკერტში, ახლა კი აცხადებს, რომ თუ სომხეთმა არ მიიღო ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით ბაქოს პირობები, აზერბაიჯანი ძალის გამოყენებით დაიკავებს აზერბაიჯანსა და თურქეთის დამაკავშირებელ ზანგეზურის კორიდორს.

ამ თემაზე ოფიციალური სომხეთის პოზიცია ასეთია - ერევანი მზადაა აზერბაიჯანმა გამოიყენოს ზანგეზურის კორიდორი, მაგრამ, ზანგეზურის კორიდორი სომხეთის ტერიტორიაა. ფაქტია, რომ სომხეთმა აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირებაში არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთა. მეტიც, აცხადებს, რომ წლის ბოლომდე სომხეთი ხელს მოაწერს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას.

მაგრამ, ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი არ აპირებს უარი თქვას ზანგეზურის კორიდორის დაკავებაზე. იმის ფონზე, რაც ახლა უკრაინასა და სომხეთში ხდება, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სამხრეთ კავკასიაში, ამჯერად ზანგეზურის კორიდორის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი დაიწყოს?

- ღრმად მჯერა რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ახალი ფართომასშტაბიანი ომის მოლოდინი გადაჭარბებულია. ილჰამ ალიევის მონახულება ყარაბაღის ტერიტორიების ბუნებრივი ვიზიტია ქვეყნის მეთაურის მხრიდან. ყარაბაღის სეპარატისტული სტრუქტურების თვითდაშლის შემდეგ, გაჩნდა რეალური განცდა რომ ამ რეგიონში მშვიდობის დამყარება შესაძლებელია.

რა თქმა უნდა, რჩება პრობლემები ორ ქვეყანას შორის, და ეს ეხება როგორც სომხური მოსახლეობის დაბრუნების პერსპექტივას, რომელიც ადრე თუ გვიან იჩენს თავს, ასევე საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს და ზანგეზურზე გამავალი სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ღია და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებისთვის საფუძველი დღეს, ჩემის აზრით, არ არსებობს, რადგან გამოჩნდა სივრცე საგნობრივი მოლაპარაკებისთვის, რომელსაც მხარეები მიჰყავს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად

ეს კონტექსტი გულისხმობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რაღაც ახალი წარმონაქმნის შექმნას, თავისი შიდა მექანიზმებითა და სტრუქტურით. ამ სტრუქტურამ, როგორც ჩანს, არ უნდა გაიმეოროს თვით საბჭოთა კავშირი, არამედ უნდა შექმნას ე.წ. „ახალი რეალობა“ რომელიც მხოლოდ რუსეთისთვისაა მისაღები. ჩემი აზრით, აი ეს არის ის, რაც დღეს ამოძრავებს რუსეთში და მის ირგვლივ განვითარებულ ყველა პროცესს. აღნიშნული განსაკუთრებით ეხება რუსეთის მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც ინსტიტუციურად ჯერ კიდევ მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი რუსეთის ფედერაციასთან

ყოველივე ეს, დარწმუნებული ვარ, კომპლექსურად უნდა იყოს სამშვიდობო ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც თქვენ ახსენეთ. მით უმეტეს იმის პირობებში, როდესაც ორივე მხარე პრაქტიკულად აცხადებს რომ ამ ხელშეკრულების ძირითადი პარამეტრები და პრინციპები შეთანხმებულია.

ეს არ ნიშნავს პრობლემების მთლიანად აღმოფხვრას, მაგრამ ისიც ცხადია რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ღია და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებისთვის საფუძველი დღეს, ჩემის აზრით, არ არსებობს, რადგან გამოჩნდა სივრცე საგნობრივი მოლაპარაკებისთვის, რომელსაც მხარეები მიჰყავს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად.

- უკრაინის ფრონტებზე დღეისათვის არსებული ვითარება იმაზე მიანიშნებს, რომ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ აშშ-სა და ევროპას უკრაინა არ მიუტოვებია. მხედველობაში მაქვს ის, რომ კიევმა უკვე მიიღო ამერიკული „ატაკამები“ და როგორც ამბობენ, მალე -16-საც მიიღებს.

მეტიც, აშშ-მ და ევროკავშირმა დაუშვეს კიევისათვის რუსეთის კერძო კომპანიების მოგების გადაცემა.

ყაზახეთმა რუსეთში ომში გამოყენებადი საქონლის ექსპორტი აკრძალა. კარგია, რომ ომში გამოყენებადი საქონლის ექსპორტი რუსეთში საქართველოდან არ ფიქსირდება.

რუსული პროპაგანდის ცნობით, რუსეთი საბრძოლო იარაღს სამხრეთ კორეიდან იღებს. როგორც ჩანს, ეს სიმართლეს შეესაბამება, რადგან, სხვანაირად გაუგებარი იქნებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოწოდება რუსეთის მოქალაქეებისადმი იმოგზაურონ სამხრეთ კორეაში.

რაც უფრო მეტად ახლოვდება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები, რუსული პროპაგანდა სულ უფრო ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს, ხოლო ისინი, ვინც მას ხმას არ აძლევენ „განადგურებას უნდა დაექვემდებარონ“.

როგორც ჩანს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთის საშინაო პოლიტიკაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში არანაირი სერიოზული ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, მაგრამ, თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა რუსეთის საშინაო პოლიტიკაში უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ხდება?

- ბევრისთვის უკვე ცხადია რომ უკრაინაში ომი არ არის ცალკე აღებული აგრესიის ისტორია, რომელიც რუსეთმა მოუწყო მეზობელ ქვეყანას. როგორც 2021 წლის მიწურულს დასავლური სამყაროს მიმართ გამოცხადებული ულტიმატუმი, აგრეთვე საქართველოს წინააღმდეგ აგრესია, უკრაინის ომი და თანმდევი პროცესები, მისი ტერიტორიების პირდაპირი ანექსია, საქართველოში მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სხვადასხვა ფორმით აბსორბციის მცდელობები, უნდა ჩაისვას ერთ კონტექსტში.

ეს კონტექსტი გულისხმობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რაღაც ახალი წარმონაქმნის შექმნას, თავისი შიდა მექანიზმებითა და სტრუქტურით. ამ სტრუქტურამ, როგორც ჩანს, არ უნდა გაიმეოროს თვით საბჭოთა კავშირი, არამედ უნდა შექმნას ე.წ. „ახალი რეალობა“ რომელიც მხოლოდ რუსეთისთვისაა მისაღები. ჩემი აზრით, აი ეს არის ის, რაც დღეს ამოძრავებს რუსეთში და მის ირგვლივ განვითარებულ ყველა პროცესს. აღნიშნული განსაკუთრებით ეხება რუსეთის მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც ინსტიტუციურად ჯერ კიდევ მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი რუსეთის ფედერაციასთან.

ისრაელ-ჰამას-ის დაპირისპირებაში აფხაზეთის არაკანონიერი სეპარატისტული ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს ტერორისტულ ორგანიზაციას და აქედან გამომდინარე მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს... არსებული ვითარების გათვალისწინებით, და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე აქტიური სამხედრო მზადებების კვალობაზე, არაფერია გამორიცხული

უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, აკორექტირებს ყველა ძალისხმევას ხსენებული სივრცის მიმართ არსებულ გეგმებთან დაკავშირებით. მაგრამ, ისიც უნდა აღინიშნოს რომ რუსეთის უზარმაზარი სახელმწიფო მანქანა, რომელიც დაქოქილი იყო აღნიშნული მიზნების მიღწევისთვის მაინც განაგრძობს თავის მუშაობას.

უკრაინის გარდა ეს სხვათა შორის აისახება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესების მაგალითზე. ასე გააქტიურდა საუბრები ე.წ. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები და ურთიერთ ვიზიტები რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებებთან.

ასლან ბჟანია ცოტა ხნის წინ ეწვია პრეზიდენტ პუტინს, სადაც ბევრი საკითხი იყო განხილული როგორც ეკონომიკური ასევე სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში. ეს პროცესები აისახება რუსეთის შიდაპოლიტიკურ დისკურსში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები წარმოდგენილნი არიან ამ დიდი სივრცის განუყოფელ ნაწილად და მეტიც მოკავშირეებად.

საინტერესოა, რომ ახლო აღმოსავლეთში და უფრო ადრე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ, სეპარატისტული რეგიონები მკვეთრ ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებს ახორციელებენ.

ასე მაგალითად, ე.წ. აფხაზეთის „ოფიციალური“ ქვედანაყოფები, ისევე როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მებრძოლები, როტაციის წესით აქტიურად მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში.

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ისრაელ-ჰამას-ის დაპირისპირებაში აფხაზეთის არაკანონიერი სეპარატისტული ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს ტერორისტულ ორგანიზაციას და აქედან გამომდინარე მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შემდეგ, ორმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ჰამას“-მა და „ჰეზბოლა“-მ ერთდროულად და ღიად აღიარა ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“.

საინტერესოა, ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვის შემთხვევაში, და უკრაინის გამოცდილებიდან გამომდინარე, ასევე აფხაზეთის უკანონო ხელისუფლებისა, სირიაში არსებული ასადის რეჟიმსა და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციებს შორის არსებული მჭიდრო კავშირების კვალობაზე, უნდა ველოდოთ აფხაზური შეიარაღებული მებრძოლების გამოჩენას „ჰამას“-ისა და „ჰეზბოლა“-ს ტერორისტული დაჯგუფებების რიგებში?

არსებული ვითარების გათვალისწინებით, და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე აქტიური სამხედრო მზადებების კვალობაზე, არაფერია გამორიცხული.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა