„აბრეშუმის გზის ფორუმი“, „შუა დერეფნის“ განვითარების შესაძლებლობა და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი - ინტერვიუ ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან

26-27 ოქტომბერს, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს, რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს დედაქალაქში ათობითი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვა როგორც რეგიონის,, ისე ყურის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩინეთიდან. რა შესაძლებლობებს აძლევს საქართველოს „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რა საკითხების განხილვა იგეგმება, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ „შუა დერეფნის“ განვითარების კუთხით და როგორია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი - ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსთან“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე საუბრობს.

- საქართველო „აბრეშუმის გზის ფორუმს“ უკვე მეოთხედ მასპინძლობს. გვითხარით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის და რა შესაძლებლობებს აძლევს ის საქართველოს?

- სწორად აღნიშნეთ, ფორუმი მეოთხედ იმართება და მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ის საერთაშორისო ღონისძიების სტატუსს ატარებს. შესაბამისად, ჩვენ საშუალება გვაქვს, მოვიწვიოთ სხვადასხვა ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლები როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებიდან. წელს მონაწილეთა რაოდენობა უპრეცედენტოა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორიდან საქართველოში ჩამოსვლით და ფორუმზე მონაწილეობის მიღებით ძალიან ბევრია დაინტერესებული.

ფორუმის პირველი დღე უფრო პოლიტიკური დიალოგის და ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონთაშორისი კავშირების გაძლიერების საკითხებს დაეთმობა, ხოლო მეორე დღეს საინვესტიციო სესიები გაიმართება, რომლებშიც კერძო კომპანიები მონაწილეობენ. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ინფორმაცია გავაცნოთ საქართველოს და კონკრეტულად, იმ სექტორების შესახებ, რომელსაც ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებებით სთავაზობს.

- რა საკითხების განხილვა იგეგმება ორდღიანი ფორუმის ფარგლებში?

- წლევანდელ ფორუმში სესიების უპრეცედენტო რაოდენობა გვაქვს. ჯამში, დაახლოებით, 12 სესიაა, რომლებიც ვაჭრობას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ლოჯისტიკას, ფინანსურ ტექნოლოგიებს, ტურიზმს და რეალურად, იმ საკითხების სპექტრს მოიცავს, რომლებიც რეგიონთაშორის თანამშრომლობას ხელს უწყობს. საქართველო აღნიშნული ფორუმის ჩატარებით კიდევ უფრო მეტად ზრდის მის მნიშვნელობას, როგორც ისტორიულად დამაკავშირებელი ქვეყნის აზიისა და ევროპის კონტინენტებს შორის.

- როგორც ცნობილია, სწორედ „შუა დერეფანი“ იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. თავდაპირველად, განვმარტოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რა ეტაპზეა და ფორუმზე, ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები მიღება ხომ არ იგეგმება?

- ფორუმი ძირითადად დიალოგის ხასიათს ატარებს, სადაც ხდება პოლიტიკოსებს შორის დისკუსია იმ გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც რეგიონში არსებობს. უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე, მიმდინარე და შარშანდელმა წელმა გვაჩვენა, რომ შავ ზღვაზე მიწოდების ჯაჭვში პრობლემები შეიქმნა, შესაბამისად, ამ კუთხით საქართველომ და „შუა დერეფანმა“ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა - მოხდა ბევრი ტვირთის მოზიდვა და ეს კორიდორი უფრო მეტად საინტერესო გახდა. შესაბამისად, ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები და ტვირთბრუნვის ზრდა ბოლო 2 წლის განმავლობაში - ამ დერეფანში, დაახლოებით, 15 მლნ ტონამდე ტვირთი გადავზიდეთ. იცით, რომ ასევე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორც საქართველო, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებიც იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად მომზადებული შევხვდეთ და ის შესაძლებლობები გავზარდოთ, რომელიც მეტი ტვირთის გატარებას უზრუნველყოფს. მომავალ წელს, უკვე არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებიდან გამომდინარე, საშუალება გვექნება, რომ სარკინიგზო ტვირთის ბრუნვა 48 მლნ ტონამდე გავზარდოთ.

- ცნობილია, რომ „შუა დერეფანთან“ დაკავშირებით საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ. რა ეტაპზეა ეს საკითხი, დაწყებულია სამუშაოები, თუ სამომავლო პერსპექტივაში განიხილავთ?

- ჩვენ ფორუმის ფარგლებში გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერას ვგეგმავთ, რაც ამ ფორუმის ზუსტად გამოძახილი და შედეგი იქნება. ეს მოიცავს კონკრეტული თანამშრომლობის მიმართულებებს როგორც ენერგეტიკის, ასევე სატრანსპორტო კუთხით . ჩვენ ხელმოწერა გვექნება, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო თანხმდებიან, რომ შესაბამისი კომპანია ჩამოაყალიბონ, რომელიც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას უზრუნველყოფს. წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, თუ რას მოიცავს აღნიშნული თანამშრომლობა, თუმცა ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც სამ ქვეყანას შორის „შუა დერეფნის“ კორიდორის განვითარებას ხელს შეუწყობს.

როგორც აღვნიშნე, სამივე ქვეყანა ინფრასტრუქტურულად ვითარდება იმისთვის, რომ მზად დავხვდეთ ტვირთნაკადს, რომელიც ამ დერეფანში მომავალი წლების განმავლობაში გაივლის, მაგრამ ასევე საჭიროა, რომ გადაზიდვების კუთხით სატარიფო პოლიტიკა, სხვა ალტერნატიულ კორიდორებთან შედარებით კონკურენტუნარიანი იყოს, ანუ იყოს დაბალი სატარიფო განაკვეთები. ზუსტად ამ კუთხით ჩვენ, ქვეყნებთან ერთად, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ.

- ცნობილია, რომ საერთაშორისო ფორუმს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები დაესწრებიან. რა ახალ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და შესაძლებლობაზე იქნება მათთან საუბარი?

- ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ურთიერთობების განმტკიცება და გაძლიერება რეგიონის ნებისმიერ ქვეყანასთან და განსაკუთრებით, მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. შესაბამისად, მივესალმებით იმ მაღალ ინტერესს, რომელიც ფორუმში პრემიერ-მინისტრების დონეზე მონაწილეობით გამოიხატება. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ქვეყნებიდან „შუა კორიდორის“ მიმართ დაინტერესება იზრდება. ასევე, სხვა მაღალი დონის სტუმრები გვეყოლებიან, მათი მონაწილეობით ფორუმზე რეგიონთაშორისო თანამშრომლობის კონკრეტული პროექტების შესახებ მსჯელობა და შესაბამისი პროექტების დაგეგმვა მოხდება.

- რა პროექტებზეა საუბარი, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მათთან ურთიერთობის პროცესში?

- ეს დინამიური პროცესია, შესაბამისად, ჩვენ აღნიშნულ პლატფორმას იმ დიალოგს ვუთმობთ, რომელიც ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ამ გამოწვევებიდან გამომდინარე შესაძლებლობებზე იმსჯელონ. აღნიშნული ქვეყნები საინვესტიციოდ მიმზიდველი ხდებიან როგორც ინვესტორებისთვის, ასევე ინფრასტრუქტურულად. შესაბამისად, რეგიონი მნიშვნელოვანი გახდება იმ კუთხით, რომ გარკვეული სტაბილურობის გარანტი იქნება - . ის გზას გაუხსნის რეგიონის ქვეყნებს, მნიშვნელოვანი გახდნენ. საერთაშორისო გადაზიდვებისთვის.

- რაც შეეხება ვაჭრობასა და ტურიზმს - თემატური სესიები აღნიშნულ საკითხებზეც გაიმართება. რა ხედვები აქვს ქვეყანას ამ მიმართულებების განვითარებისთვის და ამ კუთხით, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ფორუმიდან?

- ტურიზმი წინა სამ ფორუმზე სადისკუსიო საპანელო თემატიკას არ წარმოადგენდა, თუმცა, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტიდან გამომდინარე, ჩვენ მას ცალკე პანელური სესია დავუთმეთ, სადაც მოწვეული გვყავს კონკრეტულად ამ დარგში მოღვაწე როგორც კერძო სექტორის, ასევე რეგიონის ქვეყნებიდან პოლიტიკური ფიგურები. სესიაზე მოხდება უკვე კონკრეტული თანამშრომლობის საკითხების განხილვა, თუ როგორ გავხადოთ აღნიშნული „შუა დერეფანი“ უფრო მიმზიდველი საერთაშორისო მოგზაურებისთვის. ამ კუთხით იქნება ასევე კონკრეტული პროექტების განხილვა, ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებს რა ტურისტული შესაძლებლობები აქვთ და რას სთავაზობენ, რომ ერთობლივი პროექტების განხილვა და განხორციელება მოხდეს. ეს დიალოგი ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რომ კონკრეტულ პროექტებზე და შესაძლებლობებზე იმსჯელონ.

რაც შეეხება ვაჭრობას - ვაჭრობის კუთხით საქართველო ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარიბჭე გახლავთ, რადგან ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის ერთადერთი, რომელსაც ერთობლივად აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წამყვან ეკონომიკებთან - როგორიც არის ევროკავშირის ბაზარი და ასევე, აზიიდან ჩინეთის ბაზარი. მათთან ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაგვაჩნია, რაც სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, გლობალური ეკონომიკის ქვეყნებისთვის, შესაძლებლობას იძლევა, რომ საქართველოს მეშვეობით, ამ ბაზრებთან ვაჭრობა მოხდეს. ეს ნიშნავს წარმოებების გადმოტანას და საქართველოს მეშვეობით უკვე ამ ორ, უმსხვილეს სამომხმარებლო ბაზართან ვაჭრობას. ეს გულისხმობს ასევე ჩვენი პროდუქციის და საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის ნულოვანი საიმპორტო ტარიფით შესვლას აღნიშნულ ბაზრებზე.

ასევე, როგორც იცით, რეგიონის ყველა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს, მათ შორის, ახლახან გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაერთიანებულ საამიროებთან, რაც ყურის ქვეყნების ბაზარზე წვდომის მიმართულებით კიდევ დამატებით შესაძლებლობაა. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული 2024 წლისთვის. მომავალ კვირას სეულში მივემგზავრები, სადაც კორეასთან კონკრეტული მემორანდუმის გაფორმება და მომავალი წლის პირველ ნახევარში, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების დაანონსება მოხდება. ასევე, წელს ისრაელთან ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, სადაც კონკრეტულად არის გადაწყვეტილება, რომ 2024 წელს მათთან მოლაპარაკებებს დავიწყებთ. ეს არის ორი მნიშვნელოვანი ბაზარი, რომელიც მაღალი მსყიდველუნარიანობით გამოირჩევა და როდესაც წარმატებით დავასრულებთ მოლაპარაკებებს. ჩვენს ექსპორტიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ, დამატებით ამ ბაზრებზე ჰქონდეთ წვდომა.

- კორეასთან დაკავშირებით მეტი დეტალი რომ გვითხრათ, როდიდან შეიძლება მასთან თავისუფალი ვაჭრობა დავიწყოთ?

- კორეასთან მიმართებაში მომავალი კვირის განმავლობაში შედგება ვიზიტი, სადაც უკვე შესაბამის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენ შევთანხმდებით და ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას. კონკრეტულად სტრუქტურაზე უკვე შეთანხმებულები ვართ, თუ როგორი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. პირველი რაუნდი გაიმართება 2024 წლის პირველ ნახევარში ამაზე შეთანხმებულები ვართ, თუმცა ოფიციალური ანონსი უკვე მომავალ კვირას მოხდება, რომ ჩვენ კორეის მხარესთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებას ოფიციალურად ვიწყებთ.

- რას მოიცავს კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება?

- აღნიშნული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ახალი თაობის შეთანხმება იქნება, რომელიც როგორც საქონლით, ასევე სერვისებით ვაჭრობას მოიცავს. ასევე მოიცავს საბაჟოსთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც ქვეყნებს შორის პროცედურებს უფრო მეტად გაამარტივებს. შეთანხმება ასევე მოიცავს სატარიფო და არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრას, რაც ვაჭრობასთან დაკავშირებით შესაბამის სფეროებში თანამშრომლობას და ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის დამატებითი ბარიერების აღმოფხვრას გულისხმობს, რაც, საბოლოო ჯამში, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას გაამარტივებს. ეს არის დაახლოებით იმ ტიპის შეთანხმება, როგორიც საქართველომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში გააფორმა. ეს იქნება ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების მსგავსი შეთანხმება, იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო დაახლოებას არ მოიცავს, რადგან ეს მხოლოდ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებაა.

- ასევე, ცნობილია, რომ ფორუმზე სესიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ გაიმართება და ამასთან, ორმხრივი ბიზნესშეხვედრები შედგება. ხელისუფლება მუდმივად საუბრობს, რომ საქართველო ინვესტიციების განხორციელების კუთხით მიმზიდველი ქვეყანაა. ამ მიმართულებით ფორუმისგან რას ველით, რა შეთავაზებები შეიძლება გაკეთდეს, როგორც ქართული მხარისაგან, ისე პარტნიორების მხრიდან?

- ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის საინვესტიციო ფორუმი, რომელიც 27 ოქტომბერს იმართება. ფორუმზე კერძო სექტორის მონაწილეობის ძალიან მაღალი დაინტერესება გვაქვს როგორც რეგიონის,, ისე ყურის ქვეყნებიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მონაწილეთა სია ძალიან მასშტაბურია. 27 ოქტომბერს, ფორუმს დაახლოებით კერძო სექტორის 500-მდე წარმომადგენელი დაესწრება. მნიშვნელოვანია, რომ ორმხრივი შეხვედრების სპეციალური პლატფორმა გვაქვს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს, რომ მათ ადგილობრივ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართონ. 200-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრაა უკვე დაგეგმილი, რაც დარწმუნებული ვარ, კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება. ეს შესაძლებლობას ქმნის, რომ ქვეყნებმა კერძო სექტორის დონეზე ახალი პარტნიორული ურთიერთობები დაამყარონ. ველოდებით, რომ დიალოგი, რომელიც კერძო სექტორს შორის ორმხრივი შეხვედრების დონეზე შედგება, კონკრეტული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

- და ბოლოს, შეჯამების სახით მოკლედ რომ გვითხრათ, წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, რა შედეგებს მოგვიტანს ფორუმი, როგორი მოლოდინები გაქვთ?

- აღნიშნული ფორუმისგან ველოდებით შედეგებს, რომელიც მემორანდუმებისა და შეთანხმებების დონეზე ,კონკრეტული თანამშრომლობის მიმართულებებით ჩამოყალიბდება. . აღნიშნული დოკუმენტები ზუსტად განსაზღვრავენ, მომავალი წლების განმავლობაში კონკრეტულ ქვეყნებთან, კონკრეტულ კომპანიებთან კონკრეტულ დარგებში როგორ უნდა ვითანამშრომლოთ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორუმი ხელს შეუწყობს და გააძლიერებს ქვეყნებს შორის კონკრეტულ საკითხებზე დიალოგს, რომელიც ზუსტად „შუა დერეფნის“ როლს და ამ კუთხით საქართველოს ჩართულობას გაზრდის. ეს იქნება კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების,, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ის გამოწვევები, რომელიც ამ მიმართულებებით არსებობს.

ენერგოუსაფრთხოება გახლავთ ერთ-ერთი მიმართულება, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ დიალოგი და საუბარი გვექნება, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე. ეს არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს ელექტროსისტემას ევროკავშირის ელექტროსისტემასთან პირდაპირ დააკავშირებს. როგორც იცით, აღნიშნული პროექტის მიზანშეწონილობის კვლევა უკვე ფინალურ ეტაპზეა, შესაბამისად, ამ პანელურ დისკუსიაზე, იმ ქვეყნების წარმომადგენლები (უნგრეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი და საქართველო) , რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან პროექტის განხორციელებაში, იმსჯელებენ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ კუთხით არსებობს. შესაბამისად, ეს იქნება საუკეთესო პლატფორმა. ეს ერთ-ერთი მაგალითი მოგიყვანეთ, სადაც კონკრეტულ სტრატეგიულ პროექტებთან დაკავშირებით, ჩვენ საშუალება გვექნება, ამ ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელოთ, განვიხილოთ და დავგეგმოთ კონკრეტული ნაბიჯები, რაც დარწმუნებული ვარ, მომავალი წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის წარმატების მომტანი იქნება.

მარიამ ხვედელიძე

„ინტერპრესნიუსი“

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა