ზურაბ ბატიაშვილი - ლავროვი „ეროვნულ ინტერესებს“ ეძახის იმას, რაც საქართველოს ყველანაირად მიბმაა რუსეთზე - „3+3-ის“ ფორმატში მონაწილეობა იქამდე, ვიდრე ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, საკუთარი ქვეყნის ღალატი იქნება

რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და სანამ ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, მასთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე საუბარი სისულელეა, საკუთარი ქვეყნის ღალატი იქნება - დამატებითი მექანიზმები სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისთვის არ გვჭირდება,- ამის შესახებ აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

კერძოდ, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება შეაფასა „3+3-ის“ ფორმატთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც იმის დაჯერების შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში „3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგება“.

როგორც ბატიაშვილმა განმარტა, ლავროვი „ეროვნულ ინტერესებს“ ეძახის იმას, რაც საქართველოს ყველანაირად მიბმაა რუსეთზე.

„დავიწყოთ იმით, თუ რატომ არ შეიძლება „3+3-ის“ ფორმატში მონაწილეობა. რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და სანამ ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული მასთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე საუბარი სისულელეა, საკუთარი ქვეყნის ღალატია. მესმის, რატომ არის ლავროვი ოპტიმისტურად განწყობილი, წინა საგარეო საქმეთა მინისტრსაც ჰქონდა მცდელობები, რომ ეს თემა შემოეგდო საზოგადოებაში, მოსინჯეს ნიადაგი და მკვეთი უარყოფითი რეაქციის გამო იძულებულები გახდნენ მონაწილეობა არ მიეღოთ. ამ შემთხვევაშიც მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ამ ფორმატში მონაწილე სხვა ქვეყნებთან რუსეთის გარდა. რუსეთი არის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი. თუ რუსეთი არ იქნება ოკუპანტი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი მასთან დიპლომატიურ ურთიერთობის დამყარებაზე, თანამშრომლობაზე, ან არა თანამშრომლობაზე, სხვა შემთხვევაში დამატებითი მექანიზმები სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისთვის არ გვჭირდება.

ლავროვი ეროვნულ ინტერესებს ეძახის იმას, რაც არის საქართველოს ყველანაირად მიბმა რუსეთზე, მათ შორის, ვნახეთ ვიზების გაუქმება, ფრენები, სასწავლებლებში ადგილების შემოღება, რომელიც ვერ შეავსეს, რათა ქართველებს არ სურთ რუსეთში სასწავლებლად წასვლა, არც საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაკადები გვინახავს მისწყდომოდა რუსეთს იმის გამო, რომ ვიზები გაუქმდა. რუსეთი მინავლებადი ძალა არის, დასასრულისკენ მიდის ამას ყველა გრძნობს საკუთარ თავსა და ჯიბეზე. ყველა იმპერია საბოლოო ჯამში სრულდება. რუსეთი კი არა მასზე გაცილებით ძლიერი და განვითარებული იმპერია დაეცა. უკრაინის ომმა დააჩქარა რუსეთის დაცემა“,- აღნიშნა ბატიაშვილმა.

გარდა აღნიშნული საკითხია, ბატიაშვილმა ისრაელში მიმდინარე მოვლენებსა და დასავლეთის როლზეც ისაუბრა. როგორც პატიაშვილმა აღნიშნა, ისრაელი დასავლეთის ნაწილია და მის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებენ. ბატიაშვილის თქმით, დასავლეთისთვის ტერორიზმი საფრთხეა და ტერაქტების სერიები კვლავ იქნება.

„რეალურად, ისრაელი დასავლეთის ნაწილია. ამიტომ ვფიქრობ, მის გადასარჩენად დასავლური ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ. ეს არის ერთგვარი გამოცდაც, ისევე, როგორც უკრაინა იყო დასავლეთისთვის გამოცდა, რომელიც ჩააბარა. დარწმუნებული ვარ დასავლეთი ამ გამოცდას ჩააბარებს.

არავისთვის არის საიდუმლო, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებდა შემდგომში მიადგებოდა პოლონეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. როდესაც ისრაელს უტევენ ტერორისტული ორგანიზაციები, დიდი განსხვავება არ არის ქმედებებში პუტინსა და „ჰამასს“ შორის. მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ მასშტაბია სხვადასხვა, ორივე ტერორისტული საქმიანობით არის დაკავებული. ტერორიზმი რომ საფრთხეა დასავლეთისთვის, არაერთხელ გამოჩნდა. ჩვენ გვახსოვს ტერაქტების ჩატარების მთელი სერიები დასავლეთის დედაქალაქებში. დაზღვეული არავინ არის, კიდევ იქნება მსგავსი ტერაქტები. ამას კარგად ათვითცნობიერებენ დასავლეთში“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს