იცით, რომ წინა ხელისუფლებამ უამრავი პრობლემა დაგვიტოვა - წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა არის თუ რაიმე პრობლემური ხდება ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზეც, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესები დაცული იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით ის „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ დამფუძნებლის, დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსული საოკუპაციო პატრული ლომისაზე იმყოფება, „ლომისას წმინდა გიორგის ტაძარი კი ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილია“.
„იცით, რომ წინა ხელისუფლებამ უამრავი პრობლემა დაგვიტოვა. ამ ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავს მათ შორის კონკრეტული „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, კერძოდ, ქაცარავა. უამრავი პროვოკაცია გვინახავს მისი მხრიდან. რაც შეხება ასეთ ფაქტებს, ესეც არის წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა თუ რაიმე პრობლემური ხდება ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესები დაცული იყოს“,- აღნიშნა კობახიძემ.
გარდა ამისა, მან ოჩამჩირეში სამხედრო პორტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესეც წინა ხელისუფლების ერთ-ერთი „მიღწევა“ და უმძიმესი მემკვიდრეობაა.
„ეს პროცესი 2009 წელს დაიწყო, ესეც წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა. 2009 წელს დაიწყო ბორტის მშენებლობა და გაღრმავება ოჩამჩირის ტერიტორიაზე, ეს არის წინა ხელისუფლების ერთ-ერთი „მიღწევა“ და ერთ-ერთი უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლებას მკაფიო პოზიცია ჰქონდა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება, რა თქმა უნდა, ეს განცხადება გამოხატავს ჩვენი ხელისუფლების პოზიციას“,-აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" დამფუძნებელი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ „ლომისას წმინდა გიორგის ტაძარი ფაქტობრივი ოკუპაციის ქვეშ არის“.
„ლომისას წმინდა გიორგის ტაძარი იმ ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ 2 წელიწადია ვსაუბრობთ. ქოცხელისუფლება კი აგრძელებს "პრაგმატული პოლიტიკის" გატარებას. ჰა, ქართველობას ვინ გვართმევს ახლა?- წერს ქაცარავა.