ქეთევან თურაზაშვილი, გორში, საპენსიო სესხებით დაზარალებულ 300-ამდე პენსიონერს შეხვდა

პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი, გორში საპენსიო სესხებით დაზარალებულ 300-ამდე პენსიონერს შეხვდა. შეხვედრა გუნდის იურისტების მონაწილეობით შედგა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატმა პენსიონერებს გამოსავლის გზები გააცნო, თუ როგორ უნდა მოხდეს პანდემიის დროს გახანგრძლივებული ვალების ძველ ჩარჩოში დაბრუნება და განულება. საპენსიო სესხებით დაზარალებულ პენსიონერებთან ერთად, ელისაშვილის პარტიის წევრებმა „ლიბერთი ბანკის“ გორის ფილიალს წერილობითაც მიმართეს.

„შეხვედრის მიზანია იმ პენსიონერების დახმარება, რომლებსაც ბანკმა საკუთარი ინიციატივით და პენსიონერების თანხმობის გარეშე, ე.წ. საშეღავათო პერიოდი მისცა და კოვიდ პანდემიის დროს თვითნებურად გაუხანგრძლივა სესხის ვადა და აქედან გამომდინარე სესხის ოდენობა.

საუბარია აგრეთვე ე.წ. ოვერდრაფტების მქონე პენსიონერებზეც, რომლებსაც ამგვარი სესხები ისე მისცეს, რომ კარგად არ აუხსნეს რასთან ჰქონდათ საქმე. უკვე არსებობს არაერთი პრეცედენტი, რომ პარტია „მოქალაქეების" ჩართულობით მოხერხდა სესხის პირვანდელ ვადასა და ოდენობაში დაბრუნება და დასრულება (განულება).

დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის ინიციატივით და გუნდის იურისტების დახმარებით, პენსიონერებთან ანალოგიური შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში უკვე გაიმართა. გორში პენსიონერებთან შეხვედრა, შიდა ქართლიდან წამოსული მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა და მასზე დასასწრებად პენსიონერები გორის გარდა, სხვადასხვა სოფლებიდანაც შეიკრიბნენ.

აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ ბანკში 300-ამდე პენსიონერის წერილი შევიდა, ქუთაისში გამართული შეხვედრის შემდეგ კი, საპარლამენტო ჯგუფ მოქალაქეები და დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის დახმარებით 500-ამდე განაცხადი მომზადდა, გორში გამართული შეხვედრისას, ბანკს 200-ამდე განცხადებით მიმართეს.

აღსანიშნავია, რომ არაერთი სასესხო პრობლემა იკვეთება, მათ შორის ოვერდრაფტებთან და სესხის პროცენტთან დაკავშირებით. პენსიონერების ნაწილი სესხის პროცენტის შემცირებას, გადახდის გრაფიკის ცვლილების გარეშე ითხოვს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს