ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, კიტაკ ლიმს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის პოზიტიურ თანამშრომლობა-მხარდაჭერას რეფორმათა განხორციელების პროცესში.

"განიხილეს ევრაზიის კონტინენტზე სატრანსპორტო კავშირის ხელშეწყობის, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და ამ მიმართულებით საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის, მნიშვნელობა. როგორც პრემიერმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო ისტორიულად არის ბუნებრივი ხიდი ევროპა-აზიას შორის და სტრატეგიული მდებარეობა ქვეყანას საშუალებას აძლევს, წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის აღორძინებაში, „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ქოლგის ქვეშ მოაზრებული „შუა დერეფნის“ გავლით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ქვეყანა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურაში, რათა საკმარისი სიმძლავრის გამომუშავების შესაძლებლობა არსებობდეს მომავალ წლებში. პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რომელიც მაღალი დონის და მრავალმხრივი დიალოგისთვის შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი − კიტაკ ლიმი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში იმყოფება. ის მოხსენებით წარდგა სესიაზე „შუა კორიდორი“.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პირადი თანაშემწე ლიტიანა რასიგატალე, გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მეკავშირე ოფიცერი ლიკა ლომინაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე