ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა - სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან მალე ერთმანეთს დაუზავდეს, ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას, რადგან ეს კარგი იქნება მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, მსოფლიოში საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თანაბარი ნდობა აქვს, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისგან.
„შესაბამისად, თბილისი ბუნებრივად ის ადგილია, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება გაიმართოს და მოლაპარაკებების დასრულების წარმატებული მცდელობა იყოს. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ იმას, რომ ეს ისტორიული მოვლენა თბილისში შედგეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ვხედავთ, რომ პირველი ნიშნები უკვე სახეზეა. რამდენიმე ხნის წინ, თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.