არჩილ თალაკვაძე - ამ წლებში არავის არასდროს ჰქონია მშვიდობიანი აქციის ჩატარების და პროტესტის გამოხატვის პრობლემა - ჯგუფებს, რომელთაც უნდათ, გულწრფელი პროტესტი გადააქციონ არეულობასა და დესტაბილიზაციაში, არ მივცემთ ამის შესაძლებლობას

ჯგუფებს, რომელთაც უნდათ, რომ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადააქციონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მივცემთ ამის შესაძლებლობას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში” ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, იმის საფუძველი არ არის, რომ ეს კანონი განხორციელების გარეშე დარჩეს.

"ამ წლების განმავლობაში არავის არასდროს ჰქონია მშვიდობიანი აქციის ჩატარების და საკუთარი პროტესტის გამოხატვის პრობლემა, მაგრამ ჯგუფებს, რომელთაც უნდათ, რომ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადააქციონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მივცემთ ამის შესაძლებლობას.

ყველა, ვინც ამ კანონს უპირისპირდება და თვლის, რომ საქართველოს არ სჭირდება ხვალ უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმშვიდე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე აქციების დროს იყოს დაცული, ეს ხალხი უპირისპირდება ზუსტად ამ კანონს.

რაც შეეხება ვეტოს, არგუმენტები აბსოლუტურად არასაკმარისია და არ არის საფუძველი იმის, რომ ეს კანონი დარჩეს განხორციელების გარეშე", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო 17 ოქტომბერს დაადო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, ცვლილებები შეფასებულია, როგორც „ანტიევროპული კანონი“.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე