სერგი კაპანაძე - სტატუსთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ ევროპელ პარტნიორებთან „წარმატებული“ კამპანია აწარმოვა - მე ამას გეოპოლიტიკურ შანტაჟს ვეძახი, მაგრამ ამან შეიძლება იმუშაოს

კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთსა და რეგიონში საქართველოსთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ზრდის. ამ გამოწვევების დაძლევის ერთადერთი სწორი სტრატეგია არსებობს - ეს არის მაქსიმალურად მჭიდრო კავშირი და მეგობრობა იმ ბლოკთან, რომელიც აგრესორს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „დღეს საქართველო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, სად არის და რომელ ბლოკს მიეკუთვნება“.

„ახლა რა გამოწვევებიც არის ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ასეთი გამოწვევები მთლიან რეგიონში დიდი ხანია არ ყოფილა. შეიძლება ჩვენ უფრო ხელშესახები და მძიმე გამოწვევები გვქონდა 2008-ში და 90-იანებში, მაგრამ რეგიონულ ასპექტს თუ გავითვალისწინებთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დრამატული პერიოდი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რუსეთის აგრესიაა უკრაინაში. რაც არ უნდა ხდებოდეს, იქნება ეს ყარაბაღში თუ ახლო აღმოსავლეთში, ჩვენთვის მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა მაინც რუსეთ-უკრაინის ომია.

ამ გამოწვევების დაძლევის ერთადერთი სწორი სტრატეგია არსებობს - ეს არის მაქსიმალურად მჭიდრო კავშირი და მეგობრობა იმ ბლოკთან, რომელიც აგრესორს ეწინააღმდეგება. ამ კუთხით კითხვები მაქვს. მარტო მე რომ მქონდეს, კიდევ არა უშავს, ამ კუთხით კითხვები ჩვენს პარტნიორებსაც უჩნდებათ. ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რის გამოც, საქართველო დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ არის, სად არის, რომელ ბანაკშია. ამის გამო არის, რომ ზელენსკი მაგალითად, უკრაინასა და მოლდოვას ცალკე ახსენებს და საქართველოსა და ბელარუსს ცალკე. შეიძლება, ეს არ მოგვეწონოს და, რა თქმა უნდა, არავის არ მოსწონს, რომ ბელარუსთან ერთ კალათაში არის აღქმული საქართველო, მაგრამ ეს იმ ნაბიჯების და პოლიტიკის შედეგია, რომელიც ამ ბოლო პერიოდში გვაქვს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გარდა ამისა, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ „გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, ქვეყანას არ ჰქონია ომი, ყველაფერი მშვიდად არის და ასე მშვიდობიანად და დემოკრატიულად ვმართავთ ჩვენს ქვეყანას“. აღნიშნულთან დაკავშირებით, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ „ამ პოლიტიკით საქართველო უფრო და უფრო ნაკლებად მოიაზრება დასავლელი პარტნიორების ბლოკში“.

„ამ პოლიტიკას, რომელსაც პრემიერი როგორც უნდა ისე უწოდებს, ბუნებრივია, ერთი განზომილება აქვს, რომელშიც „ქართულ ოცნებას“ ჩავარდნა აქვს. ჩვენი, რაც არ უნდა სახელი დაარქვას, ამ პოლიტიკის შედეგად, უფრო და უფრო ნაკლებად მოვიაზრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების ბლოკში. ეს არის ამის ყველაზე ცუდი შედეგი. შესაბამისად, აღქმები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, თუნდაც დისკუსია კანდიდატის სტატუსი იქნება თუ არა, მათ შორის, ამითაც არის განპირობებული. აღქმები იმაზე, რომ ჩვენ მართლა უკრაინის მეგობრები ვართ თუ რუსეთის, ამით არის განპირობებული. ანუ, ეს არ არის გონივრული პოლიტიკა იმდენად, რამდენადაც გააჩნია კითხვები ჩვენს პარტნიორში. ეს ერთი. მეორე, ასეთმა პოლიტიკამ მეგობრები დაგვაკარგვინა, ისეთი ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენი ინტერესების გამტარებლები იყვნენ. ახლა აღარ გვყავს ასეთი მეგობრები. ახლა, ვისაც პრემიერ-მინისტრი ეძახის, რომ ჩვენი მეგობრები არიან, უნგრეთს ვგულისხმობ, არ მგონია, რომ ის ლიდერი საქართველოს მთავარი ლობისტი უნდა იყოს ევროპაში.

[ამ ყველაფრის გამოსწორებას,] პოლიტიკის შეცვლა სჭირდება. ეჭვი მეპარება და ვერ ვხედავ, ამ ხელისუფლებამ როგორ უნდა შეცვალოს. ეს პოლიტიკა ამ ხელისუფლების ტვინის ნაყოფია, მათ მოიგონეს, მათ განახორციელეს, ამიტომ არ მგონია, რომ შეცვალონ. არ მგონია, რომ სჯეროდეთ, ეს არასწორი პოლიტიკაა. მგონია, რომ სჯერათ, რასაც აკეთებენ სწორია. ჩემი ღრმა რწმენით, ეს მცდარია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, სერგი კაპანაძემ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ევროკავშირი არ აპირებს, რომ ვინმე მოატყუოს და თქვას, რომ [რომელი რეკომენდაციებიც] შესრულებული არ არის, შესრულებულია“.

„რეალურად, ჩვენ ორ შეფასებას ველოდებით. ერთი იქნება შეფასება [რეკომენდაციების] შესრულებაზე და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისევე კრიტიკული დარჩება იმიტომ, რომ ევროკავშირი არ აპირებს, რომ ვინმე მოატყუოს და თქვას, რომ რაც შესრულებული არ არის, შესრულებულია. ამას თან რეკომენდაციები ერთვის. აქ მთავარი კითხვა ისაა, ეს რეკომენდაციები მარტო შესრულების ანგარიშზე იქნება დაფუძნებული თუ ასევე, იქნება გეოპოლიტიკურად განსაზღვრული. მათ, ვისაც კანდიდატის სტატუსის მიღება გვინდა, მეც მათ შორის, ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში ამ პოზიციაზეა, ძალიან კარგად გვესმის, რომ თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ეს არ იქნება შესრულების გამო. ეს იქნება გეოპოლიტიკური მოსაზრების გამო, სტრატეგიული მოსაზრების გამო ევროკავშირის მხრიდან, რადგან ევროკავშირს არ უნდა, რომ საქართველო უკრაინას და მოლდოვას ჩამორჩეს.

ამ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ „წარმატებული“ კამპანია აწარმოვა - ბოლო პერიოდში მისი გზავნილი ეს იყო სწორედ, რასაც მე გეოპოლიტიკურ შანტაჟს ვეძახი. მათი გზავნილი იყო, რომ შესრულებაზე ნუ კი „გვაწვებით“, არამედ გაითვალისწინეთ, რა რეგიონში ვართ. შეიძლება ამან იმუშაოს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს