შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც, რომ ევროკომისიის მიერ შეფასების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე სტუმრად იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები - ყველას გვაქვს იმედი, რომ ხვალ იქნება პოზიტიური შეფასება

მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც, რომ ევროკომისიის მიერ შეფასების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარი ჰქონდათ მათ მოლოდინზე ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

„საუბარი გვქონდა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით მოლოდინებზე, თუმცა მეტი კონცენტრაცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მხრივ საქართველოს როლზე, ასევე აბრეშუმის გზის მეშვეობით, ევროპასა და აზიას დაკავშირებაზე. ყველას გვაქვს იმედი, რომ ხვალ იქნება პოზიტიური შეფასება. იმედია, ფორმატები, რომლებიც, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობით არის გათვალისწინებული, საბოლოო ჯამში, დაეხმარება საქართველოს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ორ ქვეყანას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი. საქართველო არის მოლოდინში, ასევე არის ქვეყნები, რომლებსაც ჯერ განაცხადი არ აქვთ. ამიტომ, ეს ფორმატიც საინტერესოა, რათა, ერთი მხრივ, გამოცდილება მივიღოთ სხვებისგან, მეორე მხრივ, ჩვენ ვიყოთ ამ გამოცდილების გამზიარებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა