პრეზიდენტი საზოგადოებას 8 ნოემბერს, ორბელიანის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდებს - სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვების დაწყებასაც გეგმავს იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსეთი ჩვენი მომავალი არაა და ჩვენ ევროპაში შევალთ“

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, ხვალ, 20:00 საათზე დაგეგმილი კონცერტი, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო აღარ ჩატარდება, თუმცა პრეზიდენტი საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდებს.

როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ახლა არანაირი კონცერტის ჩატარება არ შეიძლება, რის გამოც, ღონისძიების სახე შეიცვლება, თუმცა, მისი არსი, რომ ქვეყნის „მომავალი რუსეთი არაა“, უცვლელი რჩება.

„ხვალ იქნება ევროკავშირის კომისიის დასკვნა, რომელიც ჯერ გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაპირებდით და ვგეგმავდით ხვალ, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს არა ზეიმისთვის (ზეიმი იქნება, თუ ჩვენ პასუხი მივიღეთ დეკემბერში), მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიც ყველანი იქნებით ჩართული - ჩვენი საზოგადოების ყველა ნაწილი. ეს უნდა იყოს ერთიანი, დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან, რუსეთმა სცადა კიდევ შეგვიცვალოს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენ მართლაც დღეს, მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი, შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი, ჩვენ ხვალ შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ, ევროპაში გავაგზავნით ჩვენს ხმას - შენს ხმას, ყველანი ინდივიდუალურად და ყველანი ერთად, აქ ყველანი უნდა ვიყოთ და ვიდგეთ, არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რადგან რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს, ეს ჩვენი წარსულიდან მაგალითია, რომელიც მოგვყვება, რომ საქართველომ არასდროს, თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით, ეს არის ნება ხალხისა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ ევროპაში შევალთ და იქ გვექნება ის, რაც საქართველოს ეკუთვნის, იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნა და მშვიდობიანი ყოფნის მომავალი. ხვალ, 20:00 საათზე შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამაზე წინმსწრებად ვერ ისაუბრებს.

„არ დავიწყებ ამ თემის გაშლას, ხვალ გვექნება საშუალება, რომ ვისაუბროთ 8 ნოემბრის დასკვნაზე, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, ცრუ მოლოდინები არ იყოს, ეს არის დასკვნა, გადაწყვეტილება რასაც ჰქვია, იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც 15 დეკემბერს იქნება 27 წევრი ქვეყნის მიერ მიღებული. არავის შეუძლია დღეს, იმ ქვეყნების გადაწყვეტილებაზე წინსწრებით რამე თქვას, ეს თუნდაც პატივისცემაა ამ ქვეყნების სუვერენულობის მიმართ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები