ქართული პრესის მიმოხილვა 09.11.2023

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია გასცა და რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა

რა რეფორმებია გასატარებელი, რომ დათქმები შესრულებულად ჩაითვალოს - გამოხმაურება თბილისიდან ევროკომისიის დასკვნაზე

სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება

* * *

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია გასცა და რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა

“გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს - “იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა”. საუბარია ცხრა დათქმაზე, აქედან უმეტესობა 12 რეკომენდაციას აგრძელებს, ზოგიერთი კი სრულიად ახალია - სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, აქცენტი მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ეს ნიშნავს, რომ ამ არჩევნებიდან დასავლეთს დიდი მოლოდინები აქვს, შესაბამისად, მათი თქმით, ბუნებრივიც იყო ამ რეკომენდაციის გაჩენა, რომ არჩევნები სამართლიანად, დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, საუბრები, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა, „შემოგდებული თემაა". მათი თქმით, ეს დამსახურება ყველასია, როგორც ქართველი ხალხის, ისე საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული „ქართული ოცნების" და ოპოზიციის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია გასცა და რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

“აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ევროკომისიის ანგარიში საკმაოდ ვრცელია. დათქმებს რაც შეეხება ესენია: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა; სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა - განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში; ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება - და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატებიან ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; სასამართლო რეფორმა - მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა; კორუფციასთან ბრძოლა; დეოლიგარქიზაცია; ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა. ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს. ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორი წლის წინ 60%-ს აჭარბებდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ევროკომისიის მხრიდან არის რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. “ევროკომისიის მხრიდან არის რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილს, რომ ისინი გახდნენ ევროკავშირის წევრები. აღნიშნული მისწრაფებები უფრო კარგად უნდა იყოს გათავისებული ხელისუფლების მხრიდან, მოხდეს უფრო მეტი ჩართულობა ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. პროგრესია მისაღწევი მთავრობის მხრიდან 12 პრიორიტეტზე, რომელიც დადგინდა გასულ წელს. ევროკომისია აღიარებს რიგ პოზიტიურ ნაბიჯებს, მაგალითად, ოპოზიციის მონაწილეობას საპარლამენტო მუშაობაში. განხორციელდა სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე, ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული ბიურო და ა.შ. შესაბამისად, კომისია იძლევა რჩევას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, ის, რომ დათქმებში 2024 წლის არჩევნებია დამატებით ნახსენები, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთს ამასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები აქვს”, - დასძენს გამოცემა.

“თუ 2024 წლის არჩევნებია მთავარი დამატებითი დათქმა, ეს ნიშნავს, რომ ამ არჩევნებიდან დასავლეთს დიდი მოლოდინები აქვს. ბუნებრივიც იყო ამ რეკომენდაციის გაჩენა, რომ არჩევნები სამართლიანად, დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს, ამაში პრინციპში ახალი ისეთი არაფერია. შესაძლოა ვიღაცამ ამას თავისი ინტერპრეტაცია გაუკეთოს, რომ ევროპას საქართველოს საარჩევნო პროცესი ხარვეზიანად მიაჩნია და ამიტომ იძლევა რეკომენდაციასო. არჩევნებზე აქცენტის გაკეთება სწორედ ევროკავშირის იმ შიშებისგანაა გამოწვეული, რომ 2024 წლის არჩევნებზე რუსეთის ჩარევა არ მოხდეს და საქართველოში პროევროპული ძალები არ დამარცხდნენ. დასავლეთს სწორედ ამის ეშინია, რომ საქართველოში პრორუსულმა ძალებმა არ გაიმარჯვონ. მათ მეხსიერებაში ჩარჩენილი აქვთ, რომ რუსეთი აშშ-ის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის არჩევნებში ერეოდა, აქედან გამომდინარე, ალბათ ამას გაუსვეს ხაზი. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ოპოზიციის მიერ ჩაწვეთებული ინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ გააკეთეს ეს დათქმა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“კანდიდატის სტატუსი რომ მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა, ზუსტად ისეთივე შემოგდებული თემა მგონია, როგორც ადრე შემოაგდეს თუ ვინ დაიწყო ომი. დამსახურება არის ხალხის და იმ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის ოპოზიციის, რომელიც იმისთვისაა, რომ ხელისუფლება აკონტროლოს, შეცდომები არ დაუშვას და ამაზე მიუთითოს. არასამთავრობო სექტორი იმისთვისაა, რომ ხელისუფლებაზე მინიტორინგი განახორციელოს, რომ ვალდებულებები ზედმიწევნით შეასრულოს. ხელისუფლება კი იმისთვისაა, რომ რადგან მას ხალხმა მმართველობა ანდო, განახორციელოს კარგად და ქვეყნის კონსტიტუციას არ გასცდეს. ძალიან სპეკულატიურია ეს მსჯელობა, რომ ხალხი ცალკე და ხელისუფლება ცალკე. ოპოზიციის ზოგიერთ წევრს კი უნდა, რომ ასე იყოს და ეს აღქმა დამკვიდრდეს, როგორც აქ, ისე ქვეყნის გარეთ, მაგრამ ეს განცალკევება ლოგიკასაა აცდენილი. ანუ საქართველოს პროევროპული საზოგადოება ჰყავს და მან პრორუსული ხელისუფლება აირჩია?!” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამ რეკომენდაციის შემდეგ, რომ ჩვენ სტატუსი მოგვცენ, ოპიზიციას უბრალოდ აქციების ჩატარების საბაბი და მიზეზი წაერთვა. ვერანაირ აქციებს ვეღარ ჩაატარებენ და თუ ჩაატარებენ რისი მოთხოვნით და რატომ? თუ ევროპულმა საბჭომ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, ან რაღაცნაირად ჩვენი სტატუსი ეჭვის ქვეშ დააყენა, რასაც არ ველოდები, მაშინ შესაძლოა ოპოზიცია აქციებზე გამოვიდეს, მაგრამ ვერც ამ შემთხვევაში ვერ შეძლებს, რომ ხელისუფლება შეცვალოს. იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც დღეს ოპოზიციურ ბანაკში სუფევს, მთავარი ოპოზიციური პარტია და სხვები დღემდე საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებენ”, - მიიჩნევს ზაალ ანჯაფარიძე.

“ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ ევროკომისიისგან სტატუსზე რეკომენდაციის გაცემა “სამართლიანობის აღდგენაა”. “სტატუსის მონიჭება სამართლიანობის აღდგენაა, საქართველო ნებისმიერი პარამეტრით კვლავ მოწინავეა სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში, უწინარესად უკრაინასთან და მოლდოვასთან. ეს ამ ქვეყნების სუვერენიტეტებს არანაირად არ აკნინებს, უბრალოდ ფაქტია ხაზგასასმელი და ამას არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის, მართლმსაჯულების თუ სხვა საკითხების მხრივ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მოწინავე ქვეყანაა”, - ამბობს აბაშიძე, რომლის თქმით, “რადიკალური ოპოზიციის ნარატივით, ეს ხალხს ეკუთვნის, დიახ, ეს ხალხს ეკუთვნის, როგორც “ქართული ოცნების”, ისე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს, სპეკულაცია, რომ სტატუსი ხალხს ეკუთვნის და არა ხელისუფლებას, ეს ძალიან გულუბრყვილო და უცოდინარი ადამიანების მხრიდან ნათქვამია. უცოდინრებს ვგულისხმობ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამაზე ნიშნისმოგებით ლაპარაკობენ. დიახ სტატუსი ყველასია, მაგრამ მთავარი მომლაპარაკებელი კანონიერად არჩეული ხელისუფლება იყო”, - წერს სტატიის ავტორი.

რა რეფორმებია გასატარებელი, რომ დათქმები შესრულებულად ჩაითვალოს - გამოხმაურება თბილისიდან ევროკომისიის დასკვნაზე

“ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე თბილისიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ქართველი პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამჯერადაც დაფიქსირდა განსხვავეული მოსაზრებები - ოპოზიციის შეფასებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა, ხოლო მმართველი პარტია კი ამბობს, რომ ეს იყო “ქართული ოცნების” მუშაობის შედეგი, “ოცნება” კი “ქართველი ხალხის არჩეულია”. რეკომენდაციას მოჰყვა დათქმები, ეს პროცესი კი ბრიუსელის შეფასებით უნდა იყოს ინკლუზიური - როგორც „ოცნება" ამბობს, პარლამენტმა ჯერ კიდევ შარშან, როცა ევროკავშირის მხრიდან 12 რეკომენდაცია გაიცა, შექმნა თითოეულ რეკომენდაციაზე შესაბამისი სამუშაო ჯგუფი და “კარი ყველასთვის ღია იყო”. თუმცა, ოპოზიცია აპირებს თუ არა “ოცნებასთან” შემდგომ თანამშრომლობას, ეს ჯერჯერობით უცნობია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა რეფორმებია გასატარებელი, რომ დათქმები შესრულებულად ჩაითვალოს - გამოხმაურება თბილისიდან ევროკომისიის დასკვნაზე.

“აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილების მერე პრესკონფერენცია გამართა, სადაც პირობა დადო, რომ საქართველოს ხელისუფლება “ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს”. ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება 8 ნოემბრის ევროკომისიის გადაწყვეტილება. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროპისკენ დიდი ნაბიჯია და გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთნის, რომელიც ათეული წლებია თავისუფლებისთვის იბრძვიან. დასკვნას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - წერს, რომ შეასრულებს პროევროპელი ლიდერის როლს, რათა გატარდეს რეფორმები. “მიხარია ქართველ ხალხთან ერთად და მივესალმები ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, შევასრულებ ჩემს პროევროპელი ლიდერის როლს, რათა გატარდეს და მივუახლოვდეთ კვლავ საჭირო რეფორმებს”, - წერს პრეზიდენტი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარეიმ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში წარადგინეს, სადაც ითქვა, რომ რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოსთვის აღსანიშნავი დღე და გადაწყვეტილებაა, მისივე თქმით, ეს ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად. “ეს ნამდვილად უზარმაზარი ნაბიჯია საქართველოსთვის, ასევე, ეს ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად”, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა მიაღწიოს უფრო მეტ პროგრესს 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. ამასთან, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. “არსებობს საქართველოს მოქალაქეების ხაზგასმული მისწრაფება, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მკვეთრად უნდა იქნას ასახული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, რომლებიც უნდა იცავდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასევე მთავრობამ უნდა მიაღწიოს უფრო მეტ პროგრესს 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. ახლა ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ მთავრობამ გადადგა ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯები, მაგალითად დეოლიგარქიზაციის კუთხით გადაიდგა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, პერსონალური მიდგომა დაინერგა, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, შესაბამისად კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს”, - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა”, - დასძენს გამოცემა.

“ევროკომისიის დათქმები 9 პუნქტს მოცავს და შემდეგია: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა; სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა - განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში; ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაუმჯობესება - და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატებიან ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; სასამართლო რეფორმა - მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა; კორუფციასთან ბრძოლა; დეოლიგარქიზაცია; ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა. “თქვენ ხედავთ, რა რეკომენდაციებს ვიძლევით, ეს ასევე იმის დემონსტრირებაა, რომ ყველა ამ ქვეყანაში არსებობს პროგრესი. წარსულში არასდროს გვინახავს ევროკავშირის წევრობა ასეთი მნიშვნელოვანი ასპექტი ყოფილიყო იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ევროკავშირის გარშემო მდებარეობენ”, - ამის შესახებ ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა”, - წერს სტატიის ავტორი.

“საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი ახალი ნაბიჯია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, გაფართოება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ერთსულოვნად არის გადაწყვეტილი. “ამისთვის ჩვენ ახლა ცხრა ნაბიჯისგან შემდგარი კომპლექტი გვაქვს. ზოგიერთი მათგანი ძალიან ნაცნობია, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი 12 პრიორიტეტიდანაა, რომლებიც ჯერ კიდევ პროგრესში იმყოფება. სხვები ახლებია. ამ ახალი ნაბიჯებიდან ერთ-ერთია - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს დემოკრატიის ხერხემალია. რა თქმა უნდა, ჩვენ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდე მიმავალ მთელ პერიოდს დავაკვირდებით და გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ სუფთა ველი იქნება და ყველა შეძლებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და უპირველეს ყოვლისა - რომ ძალადობა არ იქნება. ყველა დემოკრატიაშია განსხვავებული ხმები, ყველა დემოკრატიაში განსხვავებული ხედვები, მაგრამ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია”, - განმარტა ჰერჩინსკიმ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს იყო ისტორიული დღე და საქართველოს ხელისუფლების ერთიანი მუშაობის შედეგი. “მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისიას სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ”, - ამის შესახებ |”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს. კობახიძე იმედოვნებს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი იქნება 15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაც. “მადლობას ვუხდი ყველა პოლიტიკოსსა და საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობას ვუხდი ევროკომისიის თითოეულ წარმომადგენელს, რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!”- წერს კობახიძე”. პარტია „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგი”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

“ამავდროულად, მინდა მივუსამძიმრო “ქართულ ოცნებას”. ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, მათ მიერ განხორციელებული საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეასრულეს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ევროკომისიამ მაინც მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ქართველმა ხალხმა მიიღო დამსახურებულად ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან. ეს გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგი. ახლა უკვე გვაქვს გასავლელი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როდესაც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს ერთხმად გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ქართველი ხალხის დამსახურებით ქვეყანამ ევროკავშირის გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა, ვაშაძე სტრატეგიულ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველო “რუსეთთან პირისპირ არ დატოვა”. ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა |”პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას”. მისი თქმით, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა. “მინდა ასევე მივულოცო უკრაინის მოსახლეობას, უკრაინელ ხალხს, მოლდოველებს, რომლებიც კიდევ უფრო წარმატებულები არიან და გადადგეს უდიდესი ნაბიჯი, რომ გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები... ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ახლა ჯერი არის ჩვენზე. ევროპამ გადაწყვიტა და ცხადია, რომ ეს ასეც იქნებოდა, საქართველო არ დატოვოს და მიატოვოს ტერორისტი პუტინის და რუსეთის ამარა, ამიტომ დღევანდელი გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია”, - თქვა ხაბეიშვილმა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება

“საქართველომ ევროპისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. ევროკომისიამ 8 ნოემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. გარდა იმისა, რომ იგი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენაა, საყურადღებოა ეკონომიკური სარგებელიც, რომელიც შეიძლება ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით მიიღოს. ეკონომისტების ერთი ნაწილი სწორედ ამ ბენეფიტებზე საუბრობს, თუმცა სპეციალისტების მეორე ნაწილი ამ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად მიიჩნევს. ეკონომისტების ერთი ნაწილის შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტია. როგორც ანალიტიკოსმა გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, იგი დადებით გავლენას მოახდენს ინვესტიციებზე, ექსპორტზე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე ევროკავშირის ქვეყნებთან, რაზეც საქართველო, წლებია, მიისწრაფვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება / ჩამოყალიბდება სტაბილური ბიზნეს გარემო, მოიმატებს ინვესტიციები, თუმცა დიდი გარღვევა ალბათ მაინც არ იქნება.

“როდესაც ქვეყანა იღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს უკვე დიდი ნაბიჯია ევროკავშირის წევრობისკენ, რომელიც დაახლოებით 2028-29 წლების პერსპექტივაა. ევროკავშირის მიზანია გაფართოვდეს ახალი წევრებით და ამ კუთხით საქართველოც მოიაზრება. პირველ რიგში, სტატუსი ქვეყანას წმინდა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. დავიწყოთ იმითი, რომ ქვეყანა როდესაც ხდება ევროკავშირის კანდიდატი, ეს არის სიგნალი ძალიან ბევრი უცხოელი და განსაკუთრებით ევროპელი ინვესტორებისთვის. ქვეყანას მიენიჭება უფრო მაღალი მდგრადობის ხარისხი, რაც პირდაპირ აისახება საერთაშორისო რეიტინგებზე. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის რეიტინგებს წინ წასწევს, რასაც დროდადრო გვანიჭებენ უცხოური კომპანიები. სერიოზული ფაქტის წინაშე ვართ, საქართველო ხდება რეგიონში ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი. ასეთი სტატუსი რეგიონში არც ერთ ქვეყანას არ აქვს, გარდა თურქეთისა. კანდიდატის სტატუსი ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რომ კავკასიის ცენტრი ვხდებით, რაც იყო ისტორიულად, როცა სამხრეთის კარიბჭედ მივიჩნეოდით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ცუცქირიძე.

“ახლა ევროპა შემოდის საქართველოში და ჩვენ ვხდებით ევროპული ცივიზლიზაციის წევრი რეგიონში. სტატუსი სერიოზულად აისახება ინვესტიციებზე, საუბარია ასევე ყველა იმ პრიორიტეტზე, რაც ევროკავშირს აქვს. ეს არის მწვანე ენერგეტიკა, ამ მიმართულებით დიდი ინვესტიციები წამოვა. აქედან გამომდინარე, შავი ზღვის კაბელის მეშვეობით გვაქვს შანსი არათუ გავატაროთ ელექტროენერგია ევროპისკენ, არამედ ჩვენც ვაწარმოოთ და ევროკავშირის ქვეყნებში ელექტროენერგიის ექსპორტი განვახორციელოთ. ეკონომიკაზე ეს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად აისახება. გვექნება შესაძლებლობა ძალიან ბევრი ინვესტორი მოვიზიდოთ, რომლებიც საქართველოში დაიწყებენ პროდუქციის წარმოებას და აქედან გავა ექსპორტზე, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როცა ვსაუბრობთ კანდიდატობიდან როგორ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი, გვჭირდება გამართული ინფრასტრუქტურა, ახალი ტვირთნაკადების შემოსვლა, პორტების დატვირთვა და სხვა. ანაკლიის პორტის ეფექტიც სწორედ ეს უნდა იყოს. ამ ორმხრივ მოძრაობაშია საქართველოს პერსპექტივა. ამას უნდა დავუმატოთ მომსახურების ექსპორტი, ციფრულ პლატფორმაზე გადასვლა, რა მიმართულებითაც ასევე დიდი პერსპექტივაა. გვაქვს ძალიან დიდი რეზერვი, რომ ამ მიმართულებით ინვესტიციები მოვიზიდოთ, ჯანდაცვის, განათლების სფეროების განვითარების თვალსაზრისითაც, დიდი პერსპეტივაა. ნამდვილად ღირსშესანიშნავი ფაქტია, მინდა მივულოცო მთავრობას, პარლამენტს და დიპლომატიურ კორპუსს ქართველ ხალხთან ერთად და ყველას ვინც თითო აგური დადო ამ დღის შესაქმნელად”, - დაასკვნის გიორგი ცუცქირიძე.

“კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას დადებითად აფასებს ეკონომისტი აკაკი ცომაია, თუმცა საუბრობს იმაზეც, რომ მოლოდინი ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია. “ინვესტიციების კუთხით რაიმე ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. არ გვაქვს მოლოდინი, ვინაიდან კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ (რეკომენდაციებია და არა საბოლოო გადაწყვეტილება), უცხოელი ინვესტორები დაიძვრებიან საქართველოსკენ. თუმცა, ევროკავშირის და ევროკომისიის დახმარება, გრანტები ინსტისტუციური რეფორმებისთვის, ინსტიტუციური პროექტების მხარდაჭერა გაიზრდება, რაც რეალურად მოსალოდნელია. ეკონომიკური აქტივობა შეიძლება ცოტათი გაიზარდოს, მაგრამ უმნიშვნელო იქნება. კანდიდატის სტატუსი ავტომატურად არ ნიშნავს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ამას კავშირის წევრობა სჭირდება, მაგრამ აქამდე ვრცელი გზაა გასავლელი”, - აღნიშნა ცომაიამ და იმ ფაქტორებზეც დასძინა, რაც მისი თქმით, საქართველოს განვითარებისთვის დაბრკოლებაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ელემენტარულად, სასამართლო სისტემა არ იცვლება, ამიტომ ფუნდამენტურად თუ არ შეიცვალა ვითარება, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ეკონომიკური აქტივობა გაიშლება. ცხადია, ძალიან გადაჭარბებული შეფასებებია, არც ევროკავშირის წევრობა ნიშნავს, რომ საქართველო აყვავდება, ესეც გადაჭარბებული წარმოდგენაა. ჩვენი განვითარება დამოკიდებულია, რამდენად მოვახერხებთ სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, ასევე რამდენად შევძლებთ და გავხდებით საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, რომ შევძლოთ მაღალტექნოლოგიური მომსახურების განვითარება, რაც მსოფლიო მასშტაბით გაიყიდება. ამ ყველაფერს თუ მოვახერხებთ, ნამდვილად მოგვცემს კეთილდღეობას მომავალში, სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას აკაკი ცომაია.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის