ქართული პრესის მიმოხილვა 15.11.2023

მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას აღარ აღიარებს - რატომ ექმნება „ოცნებას“ პრობლემები თავის პრეზიდენტებთან

შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს - რა მინიშნება იპოვა „ოცნებამ" პრეზიდენტის ძმის განცხადებაში

***

მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას აღარ აღიარებს - რატომ ექმნება „ოცნებას“ პრობლემები თავის პრეზიდენტებთან

“ამიერიდან „ოცნება" სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ სახელით და გვარით მოიხსენიებს და არა პრეზიდენტად. მმართველ პარტიაში მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ზურაბიშვილის საჯარო განცხადებებზე, რომელსაც პრეზიდენტის სახელით აკეთებს, საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან „ბოდიშების მოხდა უწევთ". მაგალითად მოჰყავთ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინის გასამართლებასთან დაკავშირებული ზურაბიშვილის განცხადება, რომლის გამო, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს თბილისში ჩინეთის ელჩ ჭოუ ციენთან შეხვედრისას განმარტების გაკეთება მოუწია. სამშაბათს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს შეეხებოდა”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას აღარ აღიარებს - რატომ ექმნება „ოცნებას“ პრობლემები თავის პრეზიდენტებთან

„როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, შესაძლოა „ოცნების" განაცხადი ემოციურია, თუმცა ზურაბიშვილი კონსტიტუციით პრეზიდენტია და ვადის გასვლამდე ურთიერთობა მოუწევთ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მსგავსი პრეცენდენტი, როცა მმართველ პოლიტიკურ პარტიას გამოეცხადებინოს, რომ მის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტს პრეზიდენტად აღარ სცნობს, არ ახსენდება არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნების ისტორიაში. ამასთან, კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ისე, რომ „ქართულ ოცნებას" მის მიერ მხარდაჭერილ ორივე პრეზიდენტთან - გიორგი მარგველაშვილთან და სალომე ზურაბიშვილთან პრობლემა შეექმნა, ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ მიზეზი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების „მთელი წყებაა". პირველ რიგში კი ის, რომ ღირებულებითი თანხვედრა არ მოხდა, რადგან ორივე კანდიდატის არჩევისას „ქართულ ოცნებას" დასავლეთში ჰქონდა იმიჯი, რომ „თითქოსდა რუსული პროექტი იყო", ამიტომაც პარტიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ თუნდაც ასეთი „გამოხატულად პროდასავლური ფიგურების პრეზიდენტად ნომინაციით, რაღაცნაირად ეს ეჭვები გაექარვებინა", - აღნიშნავს გამოცემა.

„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სამშაბათს განაცხადა, რომ მოქმედ პრეზიდენტს მოიხსენიებენ „სალომე ზურაბიშვილად, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიშაში მშვენივრად ჩაჯდა". „სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ. ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს. ამიტომ მოვიხსენიებთ მას არა პრეზიდენტად, არამედ სალომე ზურაბიშვილად, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიშაში მშვენივრად ჩაჯდა. ზოგ შემთხვევაში გაასწრო კიდეც რადიკალიზმის ხარისხის ქმედებებითა თუ საუბრით ჩვენს ოპოზიციონერ რადიკალ დეპუტატებს, თუ ოპოზიციონერებს. სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილის განცხადებებზე გვიწევს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების მოხდა. დღეს ვდგავართ და ვებოდიშებით, იმდენად დამაზიანებელი განცხადება გააკეთა ორი ქვეყნის ურთიერთობებში. „რომ არა ჩვენი ეს გადაწყვეტილება - იმპიჩმენტის საკითხი, რომლითაც მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ეს ადამიანი უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ამ დარღვევის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი, ათასჯერ უარესს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ეს ქალი ამბობს, რატომ არ მიშვებენ ევროპაში, რატომ არ შემიძლია წარმოვადგინო მთავრობა, რატომ არ მაძლევენ ლეგიტიმაციას, რომ მათი სახელით ვისაუბრო სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობაში, როდესაც ასე უხერხულ საბოდიშო მდგომარეობაში აგდებს ხალხს და ხელისუფლებას", - აღნიშნა მდინარაძემ. საქმე ეხება ფრანგული მედიისათვის სალომე ზურაბიშვილის მიერ მიცემული ინტერვიუს ერთ ნაწილს. ჟურნალისტის კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და ასევე, სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, უპასუხა, რომ ეს მისი შინაგანი რწმენით ისტორიული შედეგი იქნებოდა, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. „თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? - არა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. ამ განცხადების გამო, ორშაბათს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა და განაცხადა, პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრება არ ასახავს საქართველოს მთავრობის პოზიციას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა 14 ნოემბერს ასევე შეხვდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე. ადმინისტრაციის ცნობით, „მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები", - განაგრძობს გამოცემა.

„ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ", შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება ემოციების გავლენით მიიღო. მისივე თქმით, მსგავსი პრეცენდეტი არ ახსენდება არცერთი ქვეყნის ისტორიაში, რომ მმართველი პარტიას გადაეწყვიტა, რომ თავისივე მხარდაჭერილი პრეზიდენტისთვის მხოლოდ სახელით და გვარით მოემართა. „საქართველოს ისტორიაში ასეთი პრეცენდენტი არ მახსენდება და ვერც სხვა ქვეყნების ისტორიიდან ვიგონებ მსგავს მოვლენას. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში" იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პრეზიდენტთან რაიმე სახის კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია და ისინი ამან აიძულა, რომ ეს განცხადება გაეკეთებინათ. „მე მაინც მგონია, რომ შესაძლოა ეს ემოციური განცხადებაცაა, რადგან ინსტიტუციურად სალომე ზურაბიშვილი ჯერჯერობით ფორმალურად პრეზიდენტია და ასე თუ ისე, „ქართულ ოცნებას", როგორც მმართველ პარტიას, მასთან ურთიერთობა მოუწევს კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში. თუ სალომე ზურაბიშვილი ვადაზე ადრე არ გადადგა და პოლიტიკაში არ ჩაება (მისი ბოლო განცხადებები ასეთ ეჭვს სტოვებს), საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რაც დრო დარჩა, ამ დროის განმავლობაში კატა-თაგვობანას თამაში იქნება", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ. კითხვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ „ოცნებას" შეექმნა პრობლემები მის მიერ შერჩეული და მხარდაჭერილი ორივე პრეზიდენტთან, როგორც გიორგი მარგველაშვილთან, ისე სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობაში, ანჯაფარიძემ გვითხრა, რომ ამის ბევრი მიზეზია. „მემგონი აქ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მთელი წყებაა. მარგველაშვილის არჩევა ივანიშვილის პიროვნული გადაწყვეტილება იყო, მან ასეთი არჩევანი გააკეთა და ალბათ გვახსოვს მისი ცნობილი გამონათქვამი - მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება იგივე ჩემთვის ნდობის გამოცხადებააო. შესაბამისად, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მაშინ „ქართულ ოცნებას" დასავლეთში ჰქონდა იმიჯი, რომ თითქოსდა რუსული პროექტი იყო. ამიტომაც პარტიის ხელმძღვანელობამ და მისმა მაშინდელმა თავმჯდომარემ ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ თუნდაც ასეთი გამოხატულად პროდასავლური ფიგურების პრეზიდენტად ნომინაციით, რაღაცნაირად ეს ეჭვები გაექარვებინათ“, - დასძენს გამოცემა.

„მეორე მიზეზი შესაძლოა პიროვნული სიმპატია ყოფილიყო. როცა 2013 წლის სექტემბერში, ბიძინა ივანიშვილთან ექსპერტების შეხვედრებს ვესწრებოდი, მაშინაც დაისვა ეს საკითხი და ჩვენ გვთხოვეს, თუ რა აზრის ვიყავით მარგველაშვილის კანდიდატურაზე. მე ჩემი მოსაზრების გამოთქმისგან თავი შევიკავე, რადგან ჩემი მოსაზრება უარყოფითი იყო და არ მინდოდა ამით საერთო განწყობა გამეფუჭებინა. რეალურად მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდი - მარგველაშვილს ღრმა ღირებულებითი და მსოფლმხედველური კონფლიქტი „ქართული ოცნების" დანარჩენ შემადგენლობასთან თანდათანობით გამოვლინდა და სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ვერ დაიმალებოდა და ბოლოს და ბოლოს ურთიერთობებმა ის სახე მიიღო, რაც ჩვენ ვიხილეთ მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში. ისინი ფაქტიურად ერთმანეთის ოპონენტები გახდნენ. „ჩემი აზრით, დაახლოებით იგივე სიტუაცია განმეორდა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში. ის ახსნა-განმარტება, რომ ზურაბიშვილი ემიგრანტების წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია და ა.შ., ჩემთვის პირადად მაინცდამაინც დამაჯერებელი არაა. ამ გადაწყვეტილებაშიც, როგორც ჩანს, რაღაც კონიუქტურული მოსაზრებები იყო ჩადებული. „მათ შორის ღირებულებითი კონფლიქტი წარმოიშვა. ჩვენს საზოგადოებაში ულტრალიბელარული ღირებულების მატარებელი ადამიანებიც არიან და არიან ულტრაკონსერვატორებიც. მათი ღირებულებათა დაახლოება ვერანაირად ვერ მოხდება. „ასეთი შეფასება („ოცნებისგან) ცოტა არ იყოს გადაჭარბებული მგონია, რადგან ამას ევროპა ხედავს და არ მგონია ეს დადებითად იქნეს აღქმული. ჯერ იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებული არ იყო, რომ ევროკომისარი ბორელი ჩამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ ეს არ მოგვწონსო. მე მაინც ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს კარგად არ იყოს აღქმული, მაგრამ შესაძლოა „ოცნებას" ასეც აქვს გათვლილი. ამას დრო გვაჩვენებს - ევროპაში რა რეაქციები ქნება. მაგრამ შეიძლება არანაირი რეაქციაც არ ჰქონდეთ, რადგან მათ დღეს იმდენი თავის ტკივილი აქვთ, რომ ასეთი წვრილმანი საკითხებისთვის არ სცალიათ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს - რა მინიშნება იპოვა „ოცნებამ" პრეზიდენტის ძმის განცხადებაში

„მმართველ პარტიაში ეჭვობენ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. როგორც „ოცნებაში" აცხადებენ, ამაზე მინიშნება პრეზიდენტის ძმამ გააკეთა. ანალიტიკოსთა მოსაზრება ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. ნაწილის აზრით, პრეზიდენტმა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება მართლაც მიიღოს, რითაც „ოცნებას" სერიოზულ თავსატეხს გაუჩენს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით თავისი ცნობილი განცხადების - „არა და არასდროს" - ერთგულია და უბრალოდ, „ოცნება" კიდევ ერთხელ ცდილობს მის დისკრედიტირებას“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს - რა მინიშნება იპოვა „ოცნებამ" პრეზიდენტის ძმის განცხადებაში

„ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეჭვობს, რომ პრეზიდენტის ძმის მიერ ინტერვიუს დროს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება პრეზიდენტთან იყო შეთანხმებული. „რთულია იმის მტკიცება, რომ აუცილებლად შეთანხმებული იყო, მაგრამ უფრო მეტი შანსია, რომ ეს ასე იყო და ალბათ, სალომე ზურაბიშვილის გარეშე მისი ძმა ამ განცხადებას არ გააკეთებდა. ეს ვარაუდია, რადგან მტკიცებით ფორმაში ამას ასე ვერ იტყვი. შესაბამისად, მათ შემოაგდეს თემა, შემოაპარეს, შემოაცურეს ეს თემა, მაგრამ არ მგონია, ადვილი იყოს თუნდაც სალომე ზურაბიშვილისგან, თუნდაც, იმ პირობებში, რასაც დღეს აკეთებს და რა პოზიციაზეც არის, პასუხისმგებლობა აიღოს იმ მკვლელობებზე, წამებაზე, იმ უსასტიკეს რეჟიმზე, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2003-2012 წლებში შექმნა. ამიტომ მე მგონია, რომ მაინც გაუჭირდება შეწყალება, თუმცა, ფაქტია, ის ამასთან დაკავშირებით ცოტას ნერვიულობს", - განაცხადა მდინარაძემ. რაც შეეხება თავად ოთარ ზურაბიშვილის განცხადებას, კითხვაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი, მან უპასუხა, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია. „საკმაოდ რთულია იურიდიული საკითხები და არ ვიცი რას ნიშნავს იურიდიულად მისი შეწყალება. ნამდვილად გამოკეთდა, ეს ვიცი, მაგრამ საჭიროა საბოლოოდ გამოკეთდეს. ვფიქრობ, რთულია იყოს ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი ციხეში. ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა. პოლიტიკურ გარემოში გამოსავლის პოვნა ცოტა რთულია, იმიტომ, რომ ერთია მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ახსოვს, რა რთული პირობები გამოიარა და შეიძლება შეწყალება მათთვის მიუღებელი იყოს. როცა არის გარდამტეხი პერიოდები და საჭიროა, წინ წავიწიოთ, ძალიან რთულია ამის გამო გათიშვა", - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან" საუბრისას“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მართლაც შეიწყალოს. „ის (ოთარ ზურაბიშვილი) ევროპაში ცხოვრობს და მისი ევროპული მენტალობიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს, ისევე, როგორც საფრანგეთში სარკოზი დაიჭირეს, მაგრამ ციხეში არ ჩაუსვამთ და შინაპატიმრობაში იყო და ა.შ. მისი რემარკა, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოსავალს ეძებს, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში ვოიაჟების დროს ეუბნებიან, რომ არ მოგვწონს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რომ ციხეშია. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს გამოსავალი იპოვოს, რომ ევროპელების წინაშე, ვთქვათ, პირშავად არ იყოს. „მაგრამ არ არის გამორიცხული პრეზიდენტმა სააკაშვილიც შეიწყალოს. ხომ შეიწყალა ნიკოლოზ გვარამია, ანუ პრეცენდენტი არსებობს და მან შეიძლება ამას კანდიდატის სტატუსის მიღების ხელშეწყობა დაუდოს სარჩულად. ანუ „ქართული ოცნება" ჩააყენოს ისეთ მდგომარეობაში, რომ „ოცნებამ" ვერ შეძლოს სააკაშვილის ხელახლა ციხეში შებრუნება იმის შიშით, რომ ამან მერე შეიძლება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ცუდი ზეგავლენა იქონიოს „ქართულ ოცნებას" რეალურად იმის იურიდიული მექანიზმი აქვს, რომ რადგანაც სააკაშვილის საქმეებზე განაჩენი არ დამდგარა და სასამართლო პროცესი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეუძლია რაღაც კონკრეტულ დანაშაულზე შეიწყალოს, ხელისუფლებას შეუძლია სააკაშვილი ისევ ციხეში დააბრუნოს. მაგრამ როგორ აღიქმება ეს ევროპაში - სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავი. თუ სააკაშვილი თავისუფალი აღმოჩნდა, ჩათვალეთ, რომ დაიწყება რევოლუციური პროცესი", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ“, - განაგრძობს გამოცემა.

„ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" დარწმუნებით ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის დანაპირებს „არა და არასდროს" აუცილებლად შეასრულებს და სააკაშვილს პატიმრობაში დატოვებს. „ოცნების" ამ განცხადებას კი ის პრეზიდენტის დისკრედიტირების კიდევ ერთ მცდელობად მიიჩნევს. „ქართული ოცნება" დიდი ხანია მუშაობს იმაზე, რომ პრეზიდენტის რეიტინგი რამენაირად შეამციროს, ან თუნდაც მისი ზრდა მაინც შეანელოს. ცდილობენ მოძებნონ ამაზე თემები, იქნება ეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, პრეზიდენტის განცხადება, თუ მოარული ხმები, რათა პრეზიდენტს რაღაცა ისეთი მიაკერონ, რაც გავლენა იქონიოს ელექტორატზე. ერთერთი თემა არის, რა თქმა უნდა, სააკაშვილის შეწყალება. „ქართულმა ოცნებამ" მშვენივრად იცის, რომ სააკაშვილი მიუღებელია ამომრჩევლის 2/3-სთვის. რომ ჩაატაროთ ამაზე გამოკითხვა, უმრავლესობა მხარს დაუჭერს სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებას. ეს იცის „ქართულმა ოცნებამ" და მუდმივად ცდილობს, რომ ისეთი რამ მოახვიოს თავს პრეზიდენტს, რაც მას შეუქმნის უარყოფით იმიჯს საზოგადოებაში. აი, ეს არის მიზეზი, თორემ ქალბატონმა სალომემ თქვა - „არა და არასდროს". დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეასრულებს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია