მკვლევარი - გახშირდა ბუნებრივი კატაკლიზმები, რაც კლიმატის ცვლილების პროცესს ახლავს თან, ამის მაგალითებია შოვის და გურიის ტრაგედიაც - საჭიროა მონიტორინგის სისტემები, ადრეული შეტყობინების სისტემები

საქართველომ დაამტკიცა სტრატეგია, რომლის თანახმად, ქვეყანა 2050 წლამდე კლიმატ ნეიტრალური გახდება - კლიმატის შერბილების პროცესში მიღწეული ამ და სხვა პროგრესის პარალელურად, საქართველოში თვალსაჩინოა ის გამოვლინებები, რაც კლიმატის ცვლილებას ახლავს თან, მათ შორისაა მიმდინარე წელს ქვეყანაში მომხდარი არაერთი სტიქიური უბედურება, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლოდ საქართველოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბარია ევროკომისიის ახალ დოკუმენტშიც, რომელიც 8 ნოემბერს გამოიცა.

როგორია საქართველოს პოლიტიკა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ევროსტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით; რა პროცესებში აისახება ყველაზე მეტად კლიმატის ცვლილება საქართველოში და ასევე, რა საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს რუსეთ-უკრაინის ომი კლიმატური უსაფრთხოების მიმართულებით რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, აღნიშნულ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის საკითხებში მკვლევარს, გიორგი მუხიგულიშვილს ესაუბრა.

- ევროკომისიამ რამდენიმე დღის წინ გამოსცა ახალი დოკუმენტი, სადაც სხვა მრავალ სფეროსთან ერთად გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზეა საუბარი. ამ მხრივ რიგი ვალდებულებები საქართველოს ნაკისრი აქვს ასოცირების ხელშეკრულებითაც. უპირველესად, გვითხარით, რა წერია კლიმატის ცვლილების შერბილების თაობაზე ევროკომისიის 2023 წლის დოკუმენტში და რა რეკომენდაციები გაიცა ამ მიმართულებით?

- ევროკომისიის მიერ ახლახან მიღებული დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ უპირველესად, საუბარია იმაზე, რა პროგრესს მიაღწია საქართველომ, რა გაკეთდა. ერთ-ერთი აღნიშვნა, პროგრესის თვალსაზრისით ისაა, რომ საქართველომ დაბალ ემისიანი განვითარების სტრატეგია დაამტკიცა. ეს ჩვენთვის უფრო კონცეფციური დოკუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ 2050 წლამდე ქვეყანა კლიმატ ნეიტრალური გახდება. ეს არის პირველი ოფიციალური განაცხადი, რომ 2050 წლისთვის საქართველო კლიმატ ნეიტრალური გახდება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია.

ამასთან ერთად ქვეყანას მიღებული აქვს რიგი პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტები, როგორიცაა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, რომელიც პარიზის ხელშეკრულების საფუძველზე იქნა მიღებული. ეს არის კლიმატის სტრატეგია სამოქმედო გეგმასთან ერთად, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ განახლდება და უფრო ამბიციურ სამიზნე მაჩვენებლებსა და ღონისძიებებს ჩართვას ამ პროცესში.

მიუხედავად პროგრესისა, რჩება საკითხები, რომელიც კიდევ უფრო მეტად დახვეწას საჭიროებს როგორც პოლიტიკის დონეზე, ისე ინსტიტუციურად და ტექნიკურად დახმარების თვალსაზრისით. ასეთია, მაგალითად ის, რომ ადაპტაციის თვალსაზრისით ქვეყანამ მოამზადოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა; ასევე, გარკვეული სექტორებისთვის შეიმუშაოს საადაპტაციო ღონისძიებები და კლიმატის იმ ნეგატიური გავლენის პრევენცია მოხდეს, რომელიც ფართოდ ვლინდება საზოგადოებაზე, ეკოსისტემასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ასევე, მნიშვნელოვანია წყლის კანონის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც წყლის ინტეგრირებული მართვის თვალსაზრისით ბევრ წინ გადადგმულ ნაბიჯს მოიტანს ქვეყნისთვის, რადგან წყლის რესურსები არა მხოლოდ ენერგეტიკული დანიშნულების, არამედ სხვადასხვა სექტორისთვის, მათ შორის საყოფაცხოვრებო, სასმელ და სარწყავ რესურსად მნიშვნელოვანია. ამდენად, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოსთვის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია.

კლიმატის ცვლილების კუთხით ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარდა ადაპტაციისა, ქვეყანამ უნდა განახორციელოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები კლიმატის ცვლილების შერბილების თვალსაზრისით, რაც გულისხმობს იმას, რომ შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევები სექტორების მიხედვით. ეს იქნება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიისა თუ შენობების სექტორში და ა.შ. ამისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური რესურსია საჭირო. მარტო ჩვენი ბიუჯეტის ამარა ვერ ვიქნებით - საერთაშორისო ორგანიზაციები, კლიმატური ფონდები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ამ თვალსაზრისით.

- რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას - რა გზა გაიარა საქართველომ ევროსტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების თვალსაზრისით? რა შევასრულეთ და კიდევ რა ვალდებულებებია გათვალისწინებული ასოცირების ხელშეკრულებით, რაზეც ქვეყანა მუშაობს? ზოგადად, როგორია საქართველოს პოლიტიკური ჩარჩო ამ მიმართულებით.

- კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ასოცირების ხელშეკრულება მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველო ასევე არის, მაგალითად კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარე. საქართველო 90-იანი წლებიდან აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში, კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დაგეგმვის განხორციელების თვალსაზრისით, რომელსაც 2015 წელს პარიზის კლიმატის ცვლილების ხელშეკრულება დაემატა. საქართველო 2016-2017 წლებიდან უკვე არის ამ დოკუმენტის ოფიციალური ხელმომწერი, რის საფუძველზეც მან რიგი სტრატეგიული და პოლიტიკური დოკუმენტები შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც მიიღო გარკვეული სამიზნე მაჩვენებლები 2030 და 2050 წლებისთვის, რომ შეარბილოს კლიმატის ცვლილების გავლენა, გაატაროს საადაპტაციო ღონისძიებები და შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევები ცალკეული სექტორების მიხედვით.

- კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავება ერთ-ერთია, რისი შემუშავებაც საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესში დაიწყო. რა ეტაპზეა აღნიშნულ კანონზე მუშაობა და რას გულისხმობს ის?

- კლიმატის ცვლილების კანონი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს უკვე ოფიციალურად აყალიბებს საკანონმდებლო ჩარჩოს ქვეყნისთვის, რომ ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ 2050 წლისთვის კლიმატ ნეიტრალური გახდეს. ამის გარდა, კლიმატის კანონი მნიშვნელოვანია, რადგან ის ჩამოაყალიბებს ინსტიტუციურ ჩარჩოს, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი, რომელი უწყებები მიიღებენ ამაში აქტიურ მონაწილეობას; რა სახის სტრატეგიულ დოკუმენტებს შეიმუშავებენ და რა იქნება ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ 2030, 2040 და 2050 წლებში. რაც შეეხება კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავების პროცესს - ამ ეტაპზე დასრულებულია მწვანე წიგნის განხილვა, ამჟამად მიმდინარეობს თეთრი წიგნის განხილვა და მოგვიანებით, დიდი ალბათობით უკვე მიიღებს კანონს საქართველოს პარლამენტი. რაც უფრო მალე იქნება, მით უკეთესი ქვეყნისთვის.

- ევროკავშირმა შეიმუშავა „მწვანე შეთანხმება“, რომელსაც საკმაოდ ამბიციური და მასშტაბური მიზნები აქვს. გვითხარით კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს შეთანხმება და რა როლი აქვს მასში საქართველოს?

- მწვანე შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია მთელი კონტინენტისთვის, მისი მასშტაბებიდან და ინოვაციურობიდან გამომდინარე; ასევე, საჭირო ფინანსური რესურსებით. მწვანე შეთანხმება ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რომლის ძირითადი მიზანია, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ვერ გახდები წევრი, თუ იმ გზას არ მიჰყვები, რომელსაც ევროკავშირი მიჰყვება. შეთანხმება ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა, რომ საქართველომ კარგად გაითავისოს, რა გზაზე, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს, რა გააკეთოს ცალკეული სექტორების მიხედვით, იმიტომ, რომ მწვანე შეთანხმება არის კომპლექსური სტრატეგია, რომელიც მოიცავს ქვემიმართულებებს - დაწყებული ენერგეტიკით, დამთავრებული ციფრული განვითარებით. 8 ძირითადი და 5 სექტორთა შორისი მიმართულება აქვს. საჭიროა ყველა ამ მიმართულებით ქვეყანამ კომპლექსურად შეიმუშაოს სტრატეგიები, სამოქმედო გეგმები, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება. ერთი მხრივ, ეს იქნება ევროკავშირის როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარებით და ამით, სწორედ იმ გზას დაადგება, რასაც ევროკავშირი ადგას.

- გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილების შერბილებაზე ზრუნვა არ არის მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულება - ესაა პროცესი, რომელიც მოითხოვს როგორც ბიზნესის, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. როგორია ერთი მხრივ ბიზნესის, მეორე მხრივ კი საზოგადოების როლი?

- ცალსახაა, რომ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის პროცესში არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებები, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც და კერძო ბიზნესი, აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ ამ პროცესში, რადგან მათზეც ბევრია დამოკიდებული, პასუხისმგებლობაც ეკისრება. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს კერძო ბიზნესზე, საყოფაცხოვრებო სექტორზე და მათი ჩართულობა რომ არა, რეალურად ვერ განხორციელდება ის ამოცანები და მიზნები, რაც პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტებშია გაწერილი. ასე მოიქცა და იქცევა ევროპის ყველა განვითარებული ქვეყანა დაამტკიცა კიდეც, რომ მათი ჩართულობით უფრო მარტივად და ეფექტიანად მიიღწევა ეს მიზნები. მწვანე შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ ამ პროცესს მიღმა არავინ უნდა დარჩეს.

- რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები, რის წინაშეც ახლა საქართველო დგას კლიმატის ცვლილების შერბილებაზე მუშაობის პროცესში?

- მთავარი პრობლემები და გამოწვევები, რაც კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავების, მიზნების დასახვასა და პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებაში იჩენს, ესაა ადგილობრივი ფინანსური რესურსების ნაკლებობა, კვალიფიციური კადრები, საგანმანათლებლო პროგრამების ფაქტობრივად არარსებობა ქვეყანაში, რაც შემდეგ არის მიზეზი იმისა, რომ კვალიფიციური ნაკლებობაა და ხდება ხოლმე, რომ ეს საკითხები - პოლიტიკის დოკუმენტები, კვლევები და ა.შ. ხშირ შემთხვევაში თაროზე რჩება. საბედნიეროდ, გვაქვს საერთაშორისო დახმარებები, ევროკავშირის აქტიური მონაწილეობა, მის საფუძველზე აღებული ვალდებულებები, რომლითაც ქვეყანა ნელ-ნელა განავითარებს ამ პროგრამებს და ხელს შეუწყობს როგორც განათლების დონეზე ამ საკითხების წინ წამოწევას, ისე სხვადასხვა სექტორულ პოლიტიკაში კლიმატის ცვლილების საკითხების ინტეგრირებას. ეს არის მთავარი გამოწვევები, რაც პროგრესს აფერხებს.

- და ბოლოს, ზოგადად რომ შეაფასოთ, რა მდგომარეობაა საქართველოში კლიმატის ცვლილების მიმართულებით; საქართველოში ყველაზე მეტად რაში იჩენს თავს კლიმატის ცვლილება? დაგვისახელეთ კლიმატის ცვლილების გამოვლინების მაგალითები.

- ბოლო წლებს თუ დავაკვირდებით, კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოში, ჩვენს რეგიონში და მთლიანად კონტინენტზე, ევროპაში საკმაოდ შესამჩნევი გახდა. ძალიან გახშირდა ის ბუნებრივი კატაკლიზმები, რაც კლიმატის ცვლილების პროცესს ახლავს თან. ეს იქნება წყალდიდობები, ღვარცოფები და მეწყრები. ეს ხდებოდა ადრეც, ახლაც, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ინტენსიურია და ეს კლიმატის ცვლილების ზეგავლენითაა გამოწვეული. ამიტომაცაა, რომ რთულია ამ ყველაფერთან ადაპტაცია, როდესაც გავლენები ინტენსიური ხდება და ერთობლივი ძალებით ადაპტაციაა საჭირო. ბოლო წლების განმავლობაში გახსოვთ, ტყის ხანძრები, მავნებლები, რომლებიც ტყეებში ვრცელდება და განადგურებით ემუქრება ჩვენს ტყის სექტორს, რაც არის ერთ-ერთი ფაქტორი. ეს არის მეცნიერულად დასაბუთებული, საერთაშორისო დონეზე. არსებობს IPCC-ის ანგარიშები, რომლებზეც ასობით წამყვანი უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფები მუშაობენ და მათი კვლევების საფუძველზეა დადგენილი, რა არის ის გამოვლინებები, რაც რეალურად კლიმატის ცვლილებას ახლავს თან და რომელიც შეიმჩნევა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე რეგიონში. ამის მაგალითები ჩვენს თავზეც ვიწვნიეთ - წელს იყო შოვის ტრაგედია, შემდეგ გურიის, რომელიც ინტენსიური ხდება და კიდევ უფრო გახდება მომავალში. შესაძლებელია ასეთი ზეგავლენისგან თავის დაცვა, პრევენცია. არსებობს საუკეთესო პრაქტიკები ცალკეულ ქვეყნებში, რომელთაც გადატანილი აქვთ მსგავსი ზეგავლენები და შეიმუშავეს საადაპტაციო ღონისძიებები. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და მისთვის კლიმატის ცვლილების ზეგავლენა გამოიხატება ღვარცოფებში, წყალდიდობებში და ა.შ. მისგან თავდაცვისთვის საჭიროა მონიტორინგის სისტემები, ადრეული შეტყობინების სისტემები, ასევე ამ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა. გასაგებია, რომ შეიძლება თავიდან ვერ ავიცილოთ [სტიქიური უბედურებები], მაგრამ ადამიანთა სიცოცხლე მაინც გადავარჩინოთ.

- თითქმის ორი წელია, რაც რეგიონში, რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. ცხადია, ამ ინტენსივობის საომარი მოქმედებები, სხვადასხვა სახის საბრძოლო ტექნიკის გამოყენება და ა.შ. გავლენას იქონიებს კლიმატზეც. უფრო კონკრეტულად, რა საფრთხეების მომტანია ეს რეგიონისთვის?

- რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი კატასტროფა, რომლის უკანაც ადამიანი დგას, ამ შემთხვევაში რუსეთი, რომელიც ერთი მხრივ ძალიან უხეშად არღვევს უკრაინის სუვერენულ უფლებას, მეორე მხრივ კი იწვევს ისეთ მოვლენებს როგორიცაა ლანდშაფტის ფაქტობრივად განადგურება. კაჰოვკის ჰესის აფეთქება არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაგალითი, რომელიც შეიძლება ბოლო ათწლეულების განმავლობაში გვახსოვდეს. ამან საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა შავი ზღვის აკვატორიას. შედეგები დღეს კიდევ არ ვიცით. საქართველოში ჯერ ვერ გვეცოდინება, საკმაოდ დაშორებითაა, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ შავი ზღვის სხვა ქვეყნებმა - ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, აქტიურად დაიწყეს მუშაობა, რათა მოემზადონ იმ უარყოფითი გავლენისთვის, რაც შესაძლოა ამ პროცესმა მოუტანოს მათ სანაპიროებსაც. ამისთვის ერთობლივ სტრატეგიებზეც მუშაობენ, რა შეიძლება გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ მომავალში ბუნებრივი თუ სხვა საფრთხეები, რომელიც შესაძლოა ამ კატასტროფისგან მომდინარეობდეს. საქართველოც, იმედია, ჩაერთვება ამ პროცესში და მათთან ერთად კოორდინირებულად შეიმუშავებს ღონისძიებებს ამ უარყოფით გავლენების თავიდან ასაცილებლად.

ინტერვიუ მომზადდა ავტორის მიერ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის “გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრა- დობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) საქართველოში.

აღნიშნულ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ ასახავდეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მოსაზრებებს.

ლიკა რუაძე

"ინტერპრესნიუსი"

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა