„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, სავალდებულო დეკლარაციის შევსების წესს, ყველაზე ხშირად დეპუტატები არღვევენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული გუნდის ხელმძღვანელის, სანდრო ქევხიშვილის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, სავალდებულო დეკლარაციის შევსების წესს, ყველაზე ხშირად პარლამენტის წევრები არღვევენ. აღნიშნულის შესახებ ქევხიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საუბრობს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესს, ყველა პარტიაში არღვევენ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში, ამ მხრივ განსხვავება კი, რეგიონებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის არის. უფრო კონკრეტულად კი, მისი თქმით, მუნიციპალური ადმინისტრაციების თანამდებობის პირების 55% დეკლარაციას არაჯეროვნად ავსებს.

„ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი დარღვევა პარლამენტის წევრებისგან იყო, თუმცა, აქ გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტის წევრებზე გარედან ბევრი მიმართვა იყო, ამიტომაც არის ეს ციფრი მაღალი, თუმცა, რაც უფრო გავდივართ რეგიონებში, მით მეტი დარღვევაა, ეს ტენდენცია იკვეთება. მაგალითად, მოსამართლეებში ყველაზე ნაკლები დარღვევებია, შარშანდელი მონაცემებით, შემოწმებული მოსამართლეებიდან მხოლოდ 6%-ში იპოვეს დარღვევა, რაც ძალიან დაბალია, ასეთი სიტუაცია რომ იყოს ყველგან, კარგი იქნებოდა. მოსამართლეები იურისტები არიან და იციან, დეკლარაცია როგორ შეავსონ, ალბათ, ეს ამით აიხსნება. ეს მაჩვენებელი მუნიციპალიტეტებში რომ ჩავდივართ, იქ იზრდება, მუნიციპალური თანამდებობის პირების 55%-ში დარღვევა იპოვეს - იგულისხმება მერები, მათი მოადგილეები და ა.შ.

ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონებს შორის, განსხვავება არის. მაგალითად, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ მოადგილეებში შარშან, ბიურომ დარღვევები 25%-ში აღმოაჩინა, როცა მუნიციპალური ადმინისტრაციების თანამდებობის პირების 55%-შია აღმოჩენილი, ანუ 2-ჯერ მეტი დარღვევა იყო ნაპოვნი. განსხვავების დიდი ნაწილი ალბათ, იმით აიხსნება, რომ ადამიანებმა არ იციან, დეკლარაცია სწორად როგორ შეავსონ. თუმცა, ამის დადგენა შეუძლებელია. არსებობს ის არგუმენტიც, რომ რეგიონულ დონეზე შეიძლება უფრო ფიქრობენ, რომ მათ დეკლარაციას არ შეამოწმებენ და შეუძლიათ, რაღაც არ ჩაწერონ. ჩაღრმავებული კვლევა, რომ მიზეზები დაედგინა, არ ჩატარებულა, ამიტომ რეალური მიზეზი არ ვიცით. რაც შეეხება განზრახ დამალვას, ვიმეორებ, ამის განზრახვის დადგენა რთულია, ეს მხოლოდ გამოძიებამ შეიძლება დაადგინოს. თუმცა, არის ბევრი შემთხვევა, თუნდაც, ჩვენი აღმოჩენილი, სადაც უფრო მეტად დამალვის მცდელობა იკვეთება, მუნიციპალიტეტებში ეს ხშირია. მაგალითად, მერიის და სხვა თანამდებობის პირები შეიძლება კონტრაქტებს კორუფციული გზით მათთან დაკავშირებულ ადამიანებს აძლევდნენ, ასეთი შემთხვევა ბევრია”, - აცხადებს ქევხიშვილი.

მისივე განმარტებით, დეკლარაციის დარღვევით შემვსებ პირებს ჯარიმები ეკისრებათ, თუმცა, სანქცია მსუბუქია.

„ჯარიმების გამოყენება საკმაოდ ხშირია, ჯარიმა დეკლარაციის წესის დარღვევის გამო ერთი თვის ხელფასის 20%-ია, ანუ მინიმუმ 500 ლარია. პარლამენტის წევრის შემთხვევაში, ეს 1000 ლარამდე გამოდის, რაც ცოტაა, რეალურად დარღვევის ციფრებიც ამას აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე სამწუხაროდ, არ მცირდება დეკლარაციის დამრღვევების პროცენტული მაჩვენებელი. თანამდებობის პირების დაახლოებით, ნახევარს ისეთი დარღვევა აქვს, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. 2017 წელს, როცა ეს მონიტორინგის სისტემა ამოქმედდა, დარღვევა 80%-ში იყო, თუმცა, იმის გამო, რომ მონიტორინგი არ ხდებოდა. ამ მონაცემებმა შემდეგ ნელ-ნელა დაიკლო, ბოლო 3 წელში, წელიწადში 50% დარღვევით ავსებს დეკლარაციას, ეს მაჩვენებელი ხან მეტია, ხან - ცოტა. თუ რატომ არის ეს, ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ სანქცია მსუბუქია, ჯარიმას იხდიან და მტკივნეული ამბავი არ არის”, - განაცხადა ქევხიშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება