კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო თსუ-ს პროფესორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა

- ბატონო კორნელი, თქვენთან საუბარი იმით მინდა დავიწყო, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ევროპული არჩევანის სასარგებლოდ თსუ-ში, ქუთაისისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებში სტუდენტებთან შეხვედრისა და ლექციის ჩატარების საშუალება არ მიეცა.

ამ თემაზე ამავე უნივერსიტეტების ადმინისტრაციების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციებმა დამაჯერებლობის განცდა, არ დატოვა.

ამას წინ უძღოდა პრეზიდენტის ინიციატივით ევროპული არჩევანის სასარგებლოდ კახეთში ჩატარებული ღონისძიებები, რომელსაც პრეზიდენტივე ინიციატივით ქვეყანაში აკრედიტებული ელჩებიც მონაწილეობდნენ. მაგრამ, უცნაური ის იყო, რომ კახეთში ამ ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლება არც დასწრებია.

რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული არჩევანის სასარგებლოდ უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა?

- თუ გავითვალისწინებთ ბოლო ათწლეულობის მანძილზე რა ახასიათებდა ქვეყნის მმართველობით სისტემას, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენი მმართველობითი ელიტა, ისევე როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები, ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან სახელმწიფო ინტერესების მსახურებასა და მმართველი პარტიის ინტერესების მსახურებას შორის.

საქართველოში, თუ არ ჩავთვლით კერძო უნივერსიტეტებს, განიცდიან სახელისუფლებო გავლენებს, ისევე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობები.

ჩვენი მმართველობითი ელიტა, ისევე როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები, ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან სახელმწიფო ინტერესების მსახურებასა და მმართველი პარტიის ინტერესების მსახურებას შორის

ასეა მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციურად როგორც ადგილობრივი თვითმმართველობებსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობებს არ აქვთ უფლება ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს უარი უთხრან სტუდენტებთან შეხვედრაზე.

მით უმეტეს, რომ იმ თემატიკაზე სასაუბროდ, რაც პრეზიდენტს ჰქონდა დაგეგმილი და რაც საერთო ეროვნული ინტერესებს წარმოადგენს.

თუ რამდენადაა ჩვენში დაცული ხელისუფლების სხვადასხვა შტოების დამოუკიდებლობა, ამაზე დასკვნებს საზოგადოება თავად გამოიტანს.

- რადგან ახლოვდება თარიღი, როცა ევროსაბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიანიჭოს, ამ თემაზე მსჯელობით უნდა გავაგრძელოთ საუბარი.

მმართველმა გუნდმა ევროკავშირთან დასაახლოებლად და ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკომისიას უკვე გადაეგზავნა. ვიცით, რომ მმართველმა გუნდმა პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შექმნა.

ოპოზიციურ სპექტრში ახლა მსჯელობენ უნდა მიიღონ მათ ამ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა თუ არა. ოპოზიცია ხელისუფლებას იმას საყვედურობს, რომ ევროკომისიისთვის სამუშაო გეგმის გაგზავნამდე ოპოზიციას უნდა სცოდნოდა თუ რა გეგმა შეიმუშავა ხელისუფლებამ.

გასაგებია, რომ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, მაგრამ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თემაზე მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაზე საპარლამენტო ოპოზიციამ არაფერი იცოდა?

და კიდევ - უნდა მიიღოს თუ არა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა ოპოზიციამ?

- ამ საკითხების განხილვაში მონაწილეობა არა მარტო ოპოზიციამ, არამედ საზოგადოებამაც უნდა მიიღოს.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით, მის განხილვაში მონაწილეობა საზოგადოებამ და პოლიტიკურად აქტიურმა არასამთავრობო სექტორმა უნდა მიიღოს. ამიტომ, მასზე მუშაობა ხელისუფლებას სულ სხვანაირად უნდა დაეწყო მუშაობა.

ოლიგარქიული მმართველობა არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რამაც ბოლო წლებში ქვეყანა უკან დაწია. თუ ხელისუფლებას გულწრფელად უნდა ამ პრობლემის გადაჭრა, ამ თემაზე საზოგადოებაში უნდა დაწყებულიყო დისკუსია.

ბოლო თვეებმა აჩვენა, რომ ჩვენს საზოგადოებას ერთიანი გაგებაც კი არ აქვს თუ ვინ არიან საქართველოში ოლიგარქები. ვხედავთ, რომ ამ თემაზე ხელისუფლებას სხვა წარმოდგენა აქვს, ოპოზიციას სხვა წარმოდგენა. სამწუხაროა, რომ ამ მსჯელობაში მონაწილეობა არ მიუღია საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორსა და აკადემიურ წრეებს.

ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით იგივე ევროკავშირი მოითხოვს ამ საკითხში ინკლუზიურობას, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობას. რაც სამწუხაროდ, არ ხდება. ამ საკითხების განხილვა-არგანხილვა შედგება თუ არა, მხოლოდ ოპოზიციაზე ჯოხის გადატეხა არ იქნებოდა სწორი.

ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით იგივე ევროკავშირი მოითხოვს ამ საკითხში ინკლუზიურობას, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობას. რაც სამწუხაროდ, არ ხდება. ამ საკითხების განხილვა-არგანხილვა შედგება თუ არა, მხოლოდ ოპოზიციაზე ჯოხის გადატეხა არ იქნებოდა სწორი

თუ ხელისუფლებას უნდა რომ ქვეყანამ ევროპული მიმართულებით თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე არსებულ პრობლემებზე საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული.

რაც შეეხება იმას, უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს. პარლამენტარები ხალხის მიერ არჩეული ხალხია და მათ უნდა შეასრულონ ის მოვალეობა, რაც მათ საზოგადოების ნაწილმა დააკისრა.

მაგრამ, ამისთვის საჭიროა გარკვეული პირობების შექმნა. ხელისუფლებამ მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, რომ პარლამენტარებისა და საზოგადოების ამ პროცესი მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყოს.

- 14-15 დეკემბერი მალე დადგება. დღე, როცა საქართველოს ევროკავშირის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

ზოგი ამბობს, რომ აუცილებლად მოგანიჭებენ ამ სტატუსს, ზოგი სიფრთხილეს იჩენს და ამბობს, რომ ეს კიდევ ბევრ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.

თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ?

- დიდია იმის შანსი, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა, არის თემა, რომელიც საქართველოს ნაკლებად ეხება და ეხება უკრაინა-რუსეთის თემას და შესაძლოა დააზიანოს ეს პროცესი. მხედველობაში მაქვს უკრაინასთან დაკავშირებით. კერძოდ, უკრაინაში ეროვნულ უმცირესობებთან უნგრეთის პოზიცია.

უნგრეთსა და უკრაინას შორის, ასევე ევროკავშირის ფარგლებში ვერ მოხერხდა ამ ქვეყნებს შორის პრობლემურ საკითხებზე კონსენსუსის მოძებნა. შესაძლოა, შეიქმნას ვითარება, რომ ვერც ერთმა ქვეყანამ, ვერც უკრაინამ, ვერც მოლდოვამ და ვერც საქართველომ ვერ წაიწიონ წინ ევროპული მიმართულებით.

უნგრეთსა და უკრაინას შორის, ასევე ევროკავშირის ფარგლებში ვერ მოხერხდა ამ ქვეყნებს შორის პრობლემურ საკითხებზე კონსენსუსის მოძებნა. შესაძლოა, შეიქმნას ვითარება, რომ ვერც ერთმა ქვეყანამ, ვერც უკრაინამ, ვერც მოლდოვამ და ვერც საქართველომ ვერ წაიწიონ წინ ევროპული მიმართულებით

თუ გავითვალისწინებთ ნატოში მსგავს პრობლემებს, კერძოდ, თურქეთსა და ფინეთსა და შვედეთს შორის პრობლემებს, ამ ქვეყნების ალიანსში მიღებასთან დაკავშირებით, ვნახეთ, რომ ამ ქვეყნებს შორის შესაძლებელი გახდა საერთო ენისა და კონსენსუსების მოძებნა. იმედი მაქვს, აქაც იგივე მოხდება და ეს პროცესი არ დაზარალდება. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო ამ ქვეყნებისთვის, არამედ თავად ევროკავშირის გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის.

მომავალ წელს არჩევნებია უნგრეთშიც და ევროკავშირი ცდილობს სტრატეგიული გადაწყვეტილებები წელს იქნას მიღებული.

- უნგრეთის პრემიერი ორბანი ევროკავშირს სთავაზობს უკრაინის საკითხი არ იქნას შეტანილი ევროკავშირის დეკემბრის სამიტის დღის წესრიგში.

საქმე იმდენადაა გართულებული, რომ ევროკავშირში არ გამორიცხავენ უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვან. ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირში საქართველოს ერთ-ერთი ლობისტია უნგრეთის პრემიერი ორბანი.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს უკრაინის საკითხში უნგრეთისა და მისი პრემიერის ორბანის პოზიცია?

- ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის მხარდაჭერა მისასალმებელია, მაგრამ, რაც შეეხება საქართველოსთვის უნგრეთის პრემიერ ორბანის მხარდაჭერას, ეს მხარდაჭერა ორლესულ ხმალს ჰგავს, რომელიც არავინ იცის საქართველოს როგორ შემოუტრიალდება.

საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა არის ის, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებას აქვს ერთიანი იდეოლოგიური და პოლიტიკური შეხედულებები. ორივე იზიარებს ევროსკეპტიციზმს, სოციალურ კონსერვატიზმს, ასევე აქვთ მეტ-ნაკლებად ერთიანი ხედვა აქვთ რუსეთის მიმართ. რაც ყველაზე მთავარია, ორივეს აქვს გარკვეული პრობლემები უკრაინასთან დაკავშირებით.

დეკორატიული უკუსვლა და ავტორიტარული ტენდენციები ორივე ქვეყანას ახასიათებს, რაც კიდევ უფრო აახლოებს ამ ქვეყნების ხელისუფლებებს. ეს არის ის ძირითადი იდეოლოგიური ღერძი, რის გამოც უნგრეთისა და საქართველოს ხელისუფლებები ერთმანეთთან თანამშრომლობენ.

ორბანის რეჟიმი ევროკავშირში რუსეთის ტროას ცხენად მოიაზრება და მისი იმიჯი ევროკავშირში საკმაოდ დაბალია. თუ უნგრეთსა და უკრაინას შორის კონსენსუსი ვერ მოიძებნა, ამან შესაძლოა დააზარალოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ანუ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი.

ორბანის რეჟიმი ევროკავშირში რუსეთის ტროას ცხენად მოიაზრება და მისი იმიჯი ევროკავშირში საკმაოდ დაბალია. თუ უნგრეთსა და უკრაინას შორის კონსენსუსი ვერ მოიძებნა, ამან შესაძლოა დააზარალოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ანუ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი

ამიტომაც იყო, რომ ევროპულ საქმეებში ჩახედული ხალხი მოუწოდებდა ხელისუფლებას რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა უნგრეთთან არ დაეკავშირებინათ. ახლა ამაზე საუბარი ზედმეტიც კია.

- ხელისუფლებამ უკვე თქვა, რომ მას შემდეგ რაც სტატუსს მოგვანიჭებენ, საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება.

კარგია თუ მოგვანიჭეს, მაგრამ როგორც თქვით, შესაძლოა პრობლემა ორბანი აღმოჩნდეს. ორბანი ერთი მხრივ ევროკავშირს სთხოვს არ განმიხილონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ხოლო მეორე მხრივ მხარს უჭერს რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს?

- საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ იყენებს უნგრეთს საკუთარი ინტერესების დასაცავად, მაგრამ, გვაქვს იმის უფლება ვივარაუდოთ, რომ უნგრეთიც მშვენივრად იყენებს საქართველოს საკუთარი ინტერესების გასატარებლად ევროკავშირში.

შესაძლოა, ამიტომაც იმუქრება უნგრეთის ხელისუფლება, თუ საქართველოს საკითხი გაჯანჯლდებოდა, ის ვეტოს დაადებდა უკრაინის საკითხს. უნგრეთისა და საქართველოს ხელისუფლებას ორივეს სჭირდება ერთმანეთი უკრაინის წინააღმდეგ, ორივეს ხელისუფლებას აქვს პრობლემები როგორც უკრაინასთან, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან.

- დამკვირვებელთა ნაწილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი, განიმტკიცა და გაზარდა“.

ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ამას წინათ ეუთო-ს მინისტერიალი ჩატარდა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ეუთო-ს მინისტერიალში ლავროვის მონაწილეობა ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ გააპროტესტეს. იყო საუბრები იმაზე, სავარაუდოდ, თუ რაზე დაუშვეს ეუთო-ს მინისტერიალზე ლავროვი. რატომ გაუხსნა მას ცა ბულგარეთმა და ასე შემდეგ.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე იმიტომ მისცეს ჩასვლის საშუალება, რომ მისთვის კიდევ ერთხელ ეთქვათ რას ფიქრობდნენ ეუთო-ს ქვეყნები რუსეთის მოქმედებებზე უკრაინაში.

ლავროვმა, როგორც მოსალოდნელი იყო ახლაც გაიმეორა ის მიდგომები რომელიც კრემლს ევროპასთან, ამერიკასთან და უკრაინაში ომთან დაკავშირებით აქვს.

გასაგებია რომ ეუთო-ს მინისტერიალი წელიწადში ერთხელ იმართება, ეს რუტინული დიპლომატიური სამუშაოა, მაგრამ, მინისტერიალის დასრულების შემდეგ, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა სურათი მივიღეთ?

- შედეგებზე საუბარი ალბათ ცოტა ადრეა, მაგრამ, ფაქტია, რომ დასავლეთის გარკვეულ წრეებში უკრაინაში განვითარებული გარკვეული პროცესების ფონზე, რომელიც ოპტიმისტური სცენარით არ ვითარდება, როგორ მოსალოდნელი იყო, უკვე ალაპარაკდნენ იმაზე რომ თუ უკრაინა ბრძოლის ველზე ვერ მოახდენს ვითარების გარდატეხას, გამომდინარე იმ პროცესებიდან რა პროცესები მიმდინარეობს აშშ-ში, ევროკავშირში, მხედველობაში მაქვს მემარჯვენე პარტიების ხელისუფლებებში მოსვლის პერსპექტივა, ვარიანტად განიხილება რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება.

ლავროვის ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობა რაიმეს წინაპირობა არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთი ხვდება, რომ დღევანდელი მოცემულობით ამ ომის მოგება არც ერთ მხარეს არ შეუძლია

მართალია, ამაზე ახლა ადრეა საუბარი, მაგრამ, ეუთო-ზე გამართულ მსჯელობას მე განვიხილავ როგორც უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებულ თემებზე მსჯელობის დასაწყისად. თუმცა, მე არა მგონია, რომ დასავლეთმა და ეუთო-მ უარი თქვან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს დაარღვევდა დღევანდელ მსოფლიოში დამყარებულ წესებსა და საერთაშორისო წესრიგს.

ლავროვის ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობა რაიმეს წინაპირობა არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთი ხვდება, რომ დღევანდელი მოცემულობით ამ ომის მოგება არც ერთ მხარეს არ შეუძლია.

- ბრძანეთ, რომ დასავლეთი უარს არ იტყვის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე.

ტერიტორიული პრობლემები საქართველოსაც აქვს. ბოლო დღეებში გააქტიურდა საუბრები აფხაზეთზე. ამის წინ უძღოდა სოხუმის ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბასა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ვახტანგ ყოლბაიას ონლაინ საუბარი.

შამბამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ „კონფლიქტები დიალოგით უნდა მოგვარდეს“. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი ვინც დიალოგის წინააღმდეგი იყოს, მაგრამ, ფაქტია, ისიც რომ თბილისი სოხუმთან უშედეგო დიალოგში 30 წელზე მეტი ხანია.

ვითარებაში, როცა აფხაზეთი რუსეთის მიერ ლამის სრულადაა ანექსირებული, აფხაზეთში რუსული ჯარი დგას, აფხაზეთის ფულად-საკრედიტო სისტემა რუსეთზეა მიბმული, სოხუმის ხელისუფლება უარს ამბობს აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებაზე, გალის რაიონში სოხუმის ხელისუფლება იქ დარჩენილ მოსახლეობას არუსებს ან ააფხაზებს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ახლა არავინ საუბრობს აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენაზე, ქართული მხრიდან მხარეებს შორის დიალოგის დაწყების მიზანი რა უნდა იყოს, გაუგებარია.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა აფხაზეთის თემაზე ბოლო დღეებში დაწყებულმა მსჯელობამ? თქვენი არით, რა უნდა იყოს თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის მთავარი თემები?

- დიახ, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონფლიქტების თემა დაკავშირებულია სამშრიან კონფლიქტთან. ჩვენ პრობლემები გვაქვს აფხაზეთთან და ოსებთან, ასევე არის რუსეთ-საქართველოს შორისო კონფლიქტი, რომელიც ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამას ბოლო პერიოდში დაემატა რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტი, რომელიც გახდა ჩვენი კონფლიქტების მესამე განზომილება.

იმისათვის, რომ არსებულ პირობებში მხარეებს შორის რეალური დიალოგი შედგეს, ამ სამი ფაქტორიდან, მინიმუმ 2 მაინც უნდა იყოს მოხსნილი. ასეთი ვითარება შექმნიდა წინაპირობას ქართველებმა და აფხაზებმა და ოსებმა დაიწყონ დიალოგი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ჩართული იყვნენ ის ადამიანები, ვინც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობდა.

როდესაც ამას ვერ ვხედავთ, ეს იწვევს პროცესების სტაგნაციას. ბუნებრივია, აფხაზები და ოსები რუსების მიერ არიან შეგულიანებული არიან მათი დამოუკიდებლობის აღიარებით. რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის წარმოდგენით საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. ეს კი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

ამიტომ, იმ ვითარებაში, რომელშიც მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან ვართ დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ სოხუმი მზადაა დაიწყონ თბილისთან დიალოგი.

იმ ვითარებაში, რომელშიც მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან ვართ დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ სოხუმი მზადაა დაიწყონ თბილისთან დიალოგი

რა თქმა უნდა, სახალხო დიპლომატიის საშუალებით ახალგაზრდებს შორის ურთიერთობები კარგია, მაგრამ, არც ეს პროცესი არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს.

თუ დავაკვირდებით შამბას განცხადებას, ის ერთი მხრივ საუბრობს დიალოგის აუცილებლობაზე, მაგრამ, მისი განცხადების მეორე ნაწილი იმაზეა, რომ აფხაზეთს საქართველოსგან ერთადერთი რაც სჭირდება, ეს არის ის, რომ ოფიციალურმა თბილისმა აღიაროს მათი დამოუკიდებლობა. დღევანდელ რეალიებში ეს რომ წარმოუდგენელია, ფაქტია.

ამიტომ, თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგთან დაკავშირებით ახლა უფრო მეტი სკეპტიციზმი არსებობს, ვიდრე რაიმე რეალურად ხელჩასაჭიდი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო