დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაციას სთავაზობს.
გოცირიძის ინიციატივით პარლამენტს “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ და “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონებში ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომლის მიხედვით, საქართველოს აკადემიებს საბიუჯეტო დაფინანსება მხოლოდ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუნარჩუნდებათ. ამავდროულად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვეღარ მიიღებენ ანაზღაურებას აკადემიის ის წევრები, რომლებიც შესაბამის სტატუსს კანონის პროექტის ძალაში შესვლის შემდგომ შეიძენენ.
გოცირიძის ინიციატივის გათვალისწინებით, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო მხოლოდ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იმ ნამდვილ წევრებს, წევრ-კორესპონდენტებსა და სტიპენდიატებს დააფინანსებს, რომელთაც შესაბამისი სტატუსი აღნიშნული კანონის მიღებამდე ჰქონდათ. აკადემიის წევრებს დაფინანსება სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდებათ.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობა 2026 წლის 31 დეკემბრამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა დაუბრუნდეს, ხოლო სამინისტრომ ამავე ვადაში აკადემიის ფუნქციონირებისათვის საჭირო ალტერნატიული შენობის გამოყოფა უნდა უზრუნველყოს.
რომან გოცირიძის ინფორმაციით, კანონით დადგენილი მნიშვნელოვანი ვალდებულებების მიუხედავად, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია უფუნქციო დაწესებულებად იქცა.
“წლების განმავლობაში აკადემიის საბიუჯეტო დაფინანსების ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რომელიც ძირითადად ბიუროკრატიულ აპარატს ხმარდება. აკადემიკოსები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველთვიურად ანაზღაურების სახით არანაკლებ 1600 ლარს იღებენ. ამჟამად ამ ანაზღაურების მოცულობა დაახლოებით 1800 ლარია. საყურადღებოა, რომ 2013 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, მეცნიერებათა აკადემიის საბიუჯეტო დაფინანსებამ ჯამში 48.7 მილიონი ლარი შეადგინა.
საკმაოდ დიდ დაფინანსებას იღებს ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაც, რომლის 2024 წლის შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.365 მლნ. ლარით არის განსაზღვრული.
გარდამავალ სამწლიან პერიოდში უნდა მოხდეს მეცნიერებათა აკადემიის რეფორმა და მისი ჩამოყალიბება ევროპული ყაიდის ორგანიზაციად, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში მეცნიერების განვითარებას“, - აცხადებს რომან გოცირიძე.