უმრავლესობის დეპუტატის სოზარ სუბარის შეფასებით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, პარტიებს იურიდიული პირები ვეღარ დააფინანსებენ, “არც არაფერს აშავებს და არც არაფერს აკეთებს“.
როგორც სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული კანონის მიღების ან არმიღების არანაირი ინტერესი არ არსებობს და მხოლოდ იმიტომ იღებენ, რომ ერთ-ერთი რეკომენდაციაა.
“უცნაური ვითარებაა - მხარს ვუჭერ კანონს, ხმას ვაძლევ, რომლის არსი არ მესმის, თუ რატომ ვიღებთ, მაგრამ რაკი მოითხოვეს და ეს ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, გავაკეთოთ.
როგორც ბატონმა ფრიდონმა (ინჯია) ბრძანა, მართლა ყველაფერი ხომ არ უნდა მივიღოთ, რასაც გვეტყვიან, მით უმეტეს, არსად მსგავსი კანონი არ არის. ბატონ ფრიდონს ვეთანხმები, უბრალოდ ეს ისეთი ეგზისტენციური საკითხი არ არის, რომელიც ქვეყანაში რამეს შეცვლის - არც არაფერს აშავებს და არც არაფერს აკეთებს - ამიტომაც, კი ბატონო, მხარს დავუჭერთ. ზოგადად, ძალიან უცნაურია, როცა ასეთი რეკომენდაციის მიღება გვიწევს.
ამ შემთხვევაში უცნაური ოპოზიციის პოზიციაა, რომელიც წლების განმავლობაში სულ სხვა რამეს ამტკიცებდა და გაჰყვიროდა. როცა საკითხმა კანონპროექტის სახე მიიღო, თქვეს, რომ ეს ოპოზიციის შეზღუდვაა, თუმცა ვერ ამტკიცებენ, სად შეიძლება ჩანდეს ოპოზიციის შეზღუდვა. მარტივი რამ შეიძლებოდა - ყოველ დღე ევროპის დედაქალაქებში რომ დარბოდნენ და ბრიუსელში ითხოვდნენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ჩასულიყვნენ და ეთქვათ, რომ ეს კანონი არ გვჭირდება, ეს არის შეთანხმებული პოზიცია და არ მივიღებდით.
ამ კანონის მიღების ან არმიღების არანაირი ინტერესი არ არსებობს, უბრალოდ, ვიღებთ იმიტომ, რომ არის ერთ-ერთი რეკომენდაცია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი, დაჩქარებული წესით, “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ.
საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ. ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
როგორც "ქართული ოცნება" განმარტავს, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას "დეოლიგარქიზაციის შესახებ", სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.