სახელმწიფო მინისტრი - შერიგების პოლიტიკა ხორციელდება იმისათვის, რომ დეოკუპაციის პერიოდისთვის აღმოფხვრილ იქნას კონფლიქტი ადამიანთა დონეზე, დაძლეულ იქნას გაუცხოება და მიზანმიმართულად შექმნილი ნეგატიური განწყობები

შერიგების პოლიტიკა ხორციელდება იმისათვის, რომ დეოკუპაციის პერიოდისთვის აღმოფხვრილ იქნას კონფლიქტი ადამიანთა დონეზე, დაძლეულ იქნას გაუცხოება და მიზანმიმართულად შექმნილი ნეგატიური განწყობები, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თეა ახვლედიანის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ არის გააქტიურებული დეზინფორმაციული კამპანიები და ანტიქართული პროპაგანდა.

„პატივცემულო პარლამენტის წევრებო, პირველ რიგში, მოგახსენებთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე, რაც უფრო ფართო - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და მისი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც დეოკუპაციის განზომილების პარალელურად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში ხორციელდება იმისათვის, რომ დეოკუპაციის პერიოდისთვის აღმოფხვრილ იქნას კონფლიქტი ადამიანთა დონეზე, დაძლეულ იქნას გაუცხოება და მიზანმიმართულად შექმნილი ნეგატიური განწყობები.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციის თანმდევი მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ხაზგასასმელია, ადგილზე შექმნილი ის გარემო და განვითარებული პროცესები, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს დღემდე უწევს გამკლავება, და რომელთა პირობებში ვაგრძელებთ მაქსიმალურ ძალისხმევას სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების გზით.

ამ თვალსაზრისით, ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებთან ერთად, ვგულისხმობთ:

იმ უკანონო გადაწყვეტილებებს, რაც საოკუპაციო ძალის მიერ ორივე რეგიონში ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება და შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციას ისახავს მიზნად.

ამავე მიზანს ემსახურება, ადგილზე, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის და შეზღუდვების გამკაცრება, ასევე ორივე რეგიონში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აკრძალვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას დღემდე არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულად აღსრულების შესაძლებლობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს დღემდე შეზღუდული აქვს საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

კვლავ გრძელდება მოსახლეობის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების უხეში და სისტემატური დარღვევები, ეთნიკური დისკრიმინაცია, აქტიური რუსიფიკაციის და ასიმილაციის პოლიტიკა, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრებაზე წვდომის თუ სხვა სოციალური და ეკონომიკური უფლებების შეზღუდვა. ამ კუთხით, ვითარება განსაკუთრებით მძიმე რჩება გალისა და ახალგორის რაიონებში.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფება საოკუპაციო ძალის გავლენისა და წნეხის ქვეშ, რაც მათ შორის გულისხმობს შერიგების პოლიტიკითა და სამშვიდობო ინიციატივებით დანერგილი შესაძლებლობებით სარგებლობის სურვილის მქონე ადამიანების დევნას.

სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული გააქტიურებული დეზინფორმაციული კამპანიები და ანტიქართული პროპაგანდა.

სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ის მიზანმიმართული ნაბიჯები და განცხადებები, რაც გამიზნულია უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ და შესაბამისად, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ ადამიანებს შორის შერიგების, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგ“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ