შალვა პაპუაშვილი - მამუკა ხაზარაძეს და დავით კეზერაშვილს თავად აქვთ აღიარებული, რომ ოლიგარქები არიან - მნიშვნელოვანია, ევროკავშირმაც მოძებნოს ინსტრუმენტები, რომ ასეთი ოლიგარქების საკუთარ ტერიტორიაზე პარპაში არ დაუშვას

მამუკა ხაზარაძეს და დავით კეზერაშვილს თავად აქვთ აღიარებული, რომ ოლიგარქები არიან. მნიშვნელოვანია, ევროკავშირმაც მოძებნოს ინსტრუმენტები ასეთი ოლიგარქების საკუთარ ტერიტორიაზე პარპაშის არ დაშვებისა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ მხარეს მუდმივად აქვს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაცია იმაზე, რომ „მნიშვნელოვანია ევროპის სივრცე არ იქცეს პლაცდარმად ოლიგარქების მხრიდან საქართველოს პოლიტიკაში ჩარევისა“.

„დღეს სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არის. მათ შორის, დავით კეზერაშვილი თავს აფარებს ევროკავშირის სივრცეს და სწორედ ზოგიერთი ჯგუფების მფარველობით. ამაზე ჩვენ ყოველთვის გვაქვს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაცია, თუ როგორ მოვახერხოთ ის, რომ საერთო ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, არ იყოს შელახული იმით, რომ კრიმინალები თავს აფარებენ ევროკავშირის სივრცეს, ისევე როგორც სხვა ოლიგარქები, რომლებიც ევროკავშირის სხვადასხვა კაბინეტებში დაიარებიან ხოლმე. ამიტომ ეს არის მავნე გავლენა ოლიგარქიული მმართველობისა ქართულ პოლიტიკაზე. დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ ორ ოლიგარქს - მამუკა ხაზარაძის და დავით კეზერაშვილის სახით, რომლებიც არიან თვითაღიარებული ოლიგარქები. აქ მტკიცებაც კი აღარ არის საჭირო. მათ თავად აღიარებული აქვთ, რომ მათ აქვთ პარტია, ისინი აფინანსებენ ტელევიზიებს და ისინი აფინანსებენ არასამთავრობო სექტორს. ასე, რომ თავად აღიარებული აქვთ, რომ ოლიგარქები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმაც მოძებნოს ინსტრუმენტები ასეთი ოლიგარქების საკუთარ ტერიტორიაზე პარპაშის არ დაშვებისა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მხრივ ევროკავშირში გამოწვევები არის. თუნდაც ეს ინიცირებული დირექტივა ამაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს, როგორ შეიძლება მოხდეს ამის სამართლებრივი რეგულირება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი