წმინდა ადმინისტრირების კუთხით, ვერ ვიტყვი, რომ ეს არის რაიმე კუთხის ბარიერი გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე თვეა დარჩენილი არჩევნებამდე, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ოპოზიციის შეფასებას გამოეხმაურა, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესული ცვლილება, რომლის მიხედვით, პარტიის საარჩევნო სიაში სხვა პარტიის წევრები ვეღარ შევლენ, ბარიერს და დისკომფორტს ქმნის ოპოზიციისთვის.
„წმინდა ადმინისტრირების კუთხით, ვერ ვიტყვი, რომ ეს არის რაიმე კუთხის ბარიერი გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე თვეა, დარჩენილი არჩევნებამდე. ეს არის იმის შესაძლებლობა, რომ თუ რომელიმე პარტიას შერწყმის და გაერთიანების სურვილი აქვს, შესაბამისი სამართლებრივი შესაძლებლობები არსებობს იმისა, რომ ასეთი ფორმალური მოწესრიგება მათ კენჭისყრამდე ბევრი თვით ადრე უზრუნველყონ. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ეს არის რაიმე ბარიერი, პირიქით, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი გზები იმისთვის, რომ ასეთი ფორმალური პროცესები განხორციელდეს“, -განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
რაც შეეხება კამპანიას, რომელიც ცესკომ დაიწყო და გულისხმობს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებაში, რომლის გამოყენებითაც მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო სხვა ქვეყნებს შორის უპრეცედენტოა, სადაც კამპანია 1 წლით ადრე დაიწყო.
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის, რომ უკვე ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, თუ გადავავლებთ თვალს სხვა იმ ქვეყნების გამოცდილებას, სადაც ტექნოლოგიები დაინერგა, ხორციელდება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები და ეს მასშტაბები კიდევ ეტაპობრივად უფრო და უფრო გაიზრდება, რაც მივუახლოვდებით ოფიციალურ საარჩევნო პერიოდს. ჩვენი მიზანია, რომ ამომრჩეველთა ცნობიერება მაქსიმალურად ამაღლდეს და თითქმის ყველა ამომრჩევლამდე უზრუნველვყოთ ინფორმაციის მიწოდება.
რაც შეეხება მიმღებლობას, ყოველი პილოტის შემდგომ, საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებდა ე.წ პროფესიულ ეგზიტპოლებს, სადაც უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ჩვენ ვეკითხებოდით ამ აპარატების გამოყენების მიმღებლობაზე, ნდობაზე,სიმარტივესა და ა.შ და 96-97%-იანი მოწონება და მიმღებლობაა ამ აპარატებთან მიმართებაში განვლილი პილოტის ფარგლებში.
იცით, რომ დედაქალის მასშტაბით 22 მეტროსადგურიდან 20 მეტროსადგურში განთავსებული გვაქვს ტექნოლოგიები და უშუალო პირდაპირი ინტერაქციის პირობებში ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს თავად გამოსცადოს და თავად ჰქონდეს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და 250 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ჩვენს სადემონსტრაციო ჩვენებებში“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
რაც შეეხება ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებაში „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს, მათ შორის მოსაზრებას, რომლის თანახმად, ის, რომ ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით საარჩევნო სიაში ამომრჩევლის დუბლირება ვერ მოხდება, მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, რადგან ეს პროცესი „არაკეთილსინდისიერი საარჩევნო მოხელეების ჩართულობით ხდება“, კალანდარიშვილი აცხადებს, რომ აპარატში ამომრჩევლის დუბლირება და მრავალჯერადი ხმის მიცემა წარმოუდგენელია, რასაც თავად ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნა ადასტურებს.
„საარჩევნო მოხელეების არაკეთილსინდისიერებაზე საუბარი ცოტა არ იყოს, როგორც მინიმუმ, არაპროფესიონალურია, იმიტომ, რომ ჯერ კომისიები დაკომპლექტებული არ არის, ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება კომისიებში, მიუხედავად იმისა, რომ ათიათასობით კომისიის წევრებს შორის, ნახევარი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულია და ნახევარი პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები არიან.
კომისია ორი წევრისგან არ შედგება, კომისია შედგება 17 წევრისგან, საიდანაც 8 არის პროფესიული ნიშნით არჩეული, ხოლო 9 უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული. ამასთანავე, კომისიაში უფლებამოსილება აქვთ დამკვირვებლებს, რომ დააკვირდნენ კენჭისყრის დღეს, პარტიის წარმომადგენლებს, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ა.შ. და ეს 2 ადამიანი (ნაკადის მომწესრიგებელი და რეგისტრატორი) თეორიულადვე თუ ვისაუბრებთ, საარჩევნო უბანზე მარტო არ არიან და იქ ძალიან დიდი წარმომადგენლობაა იმისი, რომ ასეთი ტიპის თეორიული გარიგების შემთხვევები და მანიპულაციები აღიკვეთოს. მიუხედავად ამისა, თუ ასეთ შემთხვევას, ისევ თეორიულად ვიტყვი, ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება კანონის შესაბამისად უმკაცრესი რეაგირება ყველა ასეთ იზოლირებულ შემთხვევასთან მიმართებაში.
გარდა ამისა, ამერიკულმა კომპანიამ, რომელმაც აუდიტის დასკვნა დაწერა, ცალსახად აღნიშნა, რომ აპარატში ამომრჩევლის დუბლირება, მრავალჯერადი ხმის მიცემა წარმოუდგენელია. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ან ჩვენ არ ვიცნობთ აუდიტის დასკვნას ან გარკვეულწილად იქ მოცემული ჩანაწერების ინტერპრეტაცია და სხვაგვარად წარმოჩენა ხდება ზუსტად იმისთვის, რომ ასეთი თეორიული მსჯელობების შედეგად, მოხდეს არასწორი აღქმების ფორმირება“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილმა, რამდენიმე კვირის წინ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ასეთი განცხადება გააკეთა: „საარჩევნო სიაში დუბლირება რომ ვერ მოხდება, არ ნიშნავს იმას, რომ მრავალჯერადი ხმის მიცემის პრობლემა აღმოიფხვრება და რისკი შემცირდება. მთავარი ის არაა, საარჩევნო სიაში დუბლირებულია თუ არა ადამიანი ან რამდენიმე საარჩევნო უბნის სიაში არის თუ არა. პრაქტიკიდან გამომდინარე, ვნახეთ 2021 წლის არჩევნების დროს იზა ჩირგაძის შემთხვევა, ქუთაისში. ადამიანმა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი იყო, პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ აიძულებდნენ, უბანზე სხვისი პირადობის მოწმობით შესული ადამიანებისთვის, ვინც ცდილობდნენ რამდენჯერმე ხმის მიცემას, არჩევნებში მონაწილეობის და ბიულეტენის ჩაგდების ნება მიეცა. დუბლირების საკითხი არაა ხოლმე გადამწყვეტი მრავალჯერადი ხმის მიცემის. აქ მარტივი სქემაა. სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი საარჩევნო მოხელეების, კომისიის წევრების ჩართულობით ხდება ხოლმე მრავალჯერადი ხმის მიცემა. მაგალითად, ორი ადამიანია საჭირო, რომ საქმის კურსში იყოს - ეს არის ნაკადის მომწესრიგებელი, რომელიც მარკირებას და პირადობის მოწმობას ამოწმებს უბანზე ამომრჩევლის შემოსვლის დროს და მეორე არის რეგისტრატორი. რეგისტრატორმა იცის ხოლმე, ვინ არის ადამიანი, ვინც უნდა მოვიდეს და გაატაროს ამ უბანზე მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ამომრჩეველი ამ უბანზე. ეს ადამიანი, შესაძლოა, თავისი ან სხვისი პირადობის მოწმობით მივიდეს. პირადი ნომრების ბაზა აქვთ ხოლმე, როგორც წესი. პარტიის კოორდინატორებმა, როგორც წესი, იციან, ვინ მივა არჩევნებზე, ვინ არა და იმ ადამიანებს იყენებენ მრავალჯერადად ხმის მიცემისთვის, ვინც არჩევნებზე მაღალი ალბათობით ვერ მიდის“,- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.