„როცა მოსახლეობის 90% ევროინტეგრაციას ითხოვს და შენ ამის წინააღმდეგ წახვალ, ფაქტია, ხელისუფლებაში ვეღარ დარჩები და ვერ შეინარჩუნებ. ამიტომ, თუ აკვირდებით, ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების რიტორიკაც შეიცვალა და დამოკიდებულებაც, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ძიძიგური ფიქრობს, რომ რომ არა მარტში საზოგადოების მასშტაბური პროტესტი და ე.წ. აგენტების კანონის ჩაგდება, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა.
„როცა მოსახლეობის 90% ევროინტეგრაციას ითხოვს და შენ ამის წინააღმდეგ წახვალ, ფაქტია, ხელისუფლებაში ვეღარ დარჩები და ვერ შეინარჩუნებ. ამიტომ, თუ აკვირდებით, ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების რიტორიკაც შეიცვალა და დამოკიდებულებაც. მათ ნათლად დაინახეს, რომ ხალხს ვერ შეეწინააღმდეგებოდნენ, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს, ასეთი მომენტია ჩვენს წინ სახეზე. მითხარით ერთი, სხვა აქცია ორგანიზების გარეშე რომელიც ჩატარდა, ევროინტეგრაციის გარდა, როცა ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში“,-განაცხადა ძიძიგურმა.
მისი შეფასებით, ხელისუფლებას და ოპოზიციას სურს კანდიდატის სტატუსის მინიჭება საკუთარ დამსახურებად მიიწეროს.
„ხელისუფლებას უნდა თავის თავზე მიიწეროს ეს გამარჯვება და ამბობს, ხალხთან ერთად, მაგრამ ეს ჩვენი დამსახურებააო. ოპოზიცია ამბობს, ხალხთან ერთად, მაგრამ ეს ჩვენი დამსახურებააო. სინამდვილეში, ხალხის დამსახურებაა, ლომის წილი მათ აქვთ. ეს შემართება და გულანთებული ბრძოლა დაინახეს ევროკომისრებმაც, მინისტრებმაც და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმაც. ამის შედეგია ის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ძიძიგურმა.
როგორც მან აღნიშნა, უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია.
„თუ ვინმეს ჰგონია, კიდევ რაღა გვემუქრება სოხუმისა და ცხინვალის პრობლემების შემხედვარეს, ყველას ვეტყვი, რომ უარესის უარესი შეიძლება არსებობდეს, როცა ისეთი აგრესიული მეზობელი გვყავს ჩრდილოეთით. ასეთ შემთხვევაში, მუდმივად უსიამოვნო სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. ამიტომ, უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენი შვილების მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაცია და ნატოში ინტეგრაცია“, - განაცხადა ძიძიგურმა.
გარდა ამისა, მან მთავრობის საქმიანობაც შეაფასა, რომლის ანგარიშის წარდგენაც პრემიერ-მინისტრს დღეს აქვს დაგეგმილი. ზვიად ძიძიგურის თქმით, ის მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს.
„მთავრობის საქმიანობისადმი ჩემი შეფასება არის კრიტიკული. ძირითადი შენიშვნები არის ის, რომ არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნიდან დაუსრულებელი გადინების პროცესი შეწყდეს. ფინანსთა მინისტრი გამოვიდა ამასწინათ და თქვა, რომ 8000 დოლარია ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა. თუკი 75 ათასი არის ერთ სულ მოსახლეზე გერმანიაში და წამყვან სახელმწიფოებში, ეს რას ნიშნავს? რუმინეთსა და ბულგარეთშიც რომ 20 ათასია, ეს რას ნიშნავს?ეს ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში 3-ჯერ უფრო კარგია ცხოვრების დონე, ვიდრე საქართველოში და ამას სჭირდება მიხედვა, დანახვა და ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ძიძიგურმა.