საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სამინისტროს დავალებით, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ავტოიმპორტიორებს და ავტომფლობელებს შეხვდებიან, შემდეგ კი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ოპტიმალური იქნება.
აღნიშნულით მინისტრი, იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ავტოიმპორტიორები 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის გადავადებას ითხოვენ.
კერძოდ, მოთხოვნა ეხება საშეღავათო პერიოდს და რეგულაციის რამდენიმე თვით გადავადებას მათთვის, ვისაც მანქანები გზაში ჰყავთ და 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ვერ ასწრებენ ჩამოყვანას.
“ჩვენ, ჯერ კიდევ, წლის დასაწყისში დავიწყეთ ბიზნესთან ამ თემაზე ძალიან აქტიური კომუნიკაცია. ძალიან დიდ ხანს ვიმუშავეთ მათთან ერთად, ძალიან ბევრი რამ გავითვალისწინეთ და ივნისის ბოლოს დადგენილება მივიღეთ, თითქმის, 6 თვით ადრე, ვიდრე მსუბუქ ავტომობილებზე რეგულაციას ავამოქმედებდით. საკმაოდ ხანგრძლივი იყო ეს ვადა, ყველა შესაბამისი იმპორტიორი ინფორმირებული იყო ამ საკითხებზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ პოზიციებს მოვისმენთ, ყოველთვის მზად ვართ, რომ მოვისმინოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს რეგულაცია საკმაოდ დიდი ხნის წინ არის მიღებული, მანამდეც აქტიური კომუნიკაცია გვქონდა, ამ საკითხებთან მიმართება ყველა საქმის კურსში იყო. ჩვენი სამსახურები, ჩვენი დავალებით შეხვდებიან და მოისმენენ ყველა პოზიციას, შემდეგ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სწორი და ოპტიმალური იქნება“, - აღნიშნა შამუგიამ.
ცნობისთვის, ავტოიმპორტიორები 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის გადავადებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია გამართეს.
ავტოიმპორტიორების თქმით, საშეღავათო პერიოდი უნდა მიეცეთ და რეგულაცია რამდენიმე თვით უნდა გადავადდეს მათთვის, ვისაც მანქანები გზაში ჰყავთ და 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ვერ ასწრებენ ჩამოყვანას.
ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეიზღუდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს. ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის 1-ელი იანვრიდან.