ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო რეფორმას წითელი აუნთეს - გაკრიტიკებულია პრაქტიკულად, ყველა ნაწილში, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისია, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნით, არაორაზროვნად ამტკიცებს იმას, რაზეც „ლელო“ ბოლო წელიწად-ნახევარია საუბრობს.
სიორიძე აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის მტკიცებით, საარჩევნო ადმინისტრაცია საზოგადოებრივი ნდობის კუთხით, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას და აღნიშნული ცვლილებები ნდობის გაჩენას ნამდვილად არ უწყობს ხელს.
„ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ამ ისტორიული და სასიხარულო მოვლენის ფონზე, გუშინ ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა წითელი აუნთეს „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ და მათთვის დასკვნისთვის გაგზავნილ საარჩევნო რეფორმას. საარჩევნო რეფორმას, როლის მიზნადაც გამოცხადებული იყო ევროინტეგრაცია, ჯერ კიდევ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში, განსაკუთრებით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შენიშვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა. გაკრიტიკებული არის პრაქტიკულად, ყველა ნაწილში. ვენეციის კომისია არაორაზროვნად ამტკიცებს იმას, რაზეც „ლელო“ ბოლო წელიწად-ნახევარი საუბრობს. კერძოდ ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები უნდა იქნეს არჩეული 2/3-ის და არა შემოთავაზებული 3/5-ის უმრავლესობით და ანტიჩიხური მექანიზმით, როგორც ეს გათვალისწინებული იყო „შარლ მიშელის შეთანხმებით“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა. ის, რომ ცესკოში არის ლეგიტიმაციის კრიზისი და მოქმედი თავმჯდომარე და ორი წევრი, რომლებიც ანტიჩიხური მექანიზმით 6 თვის ვადით იყვნენ არჩეული და რომელთაც წელიდან-ნახევარია გახანგრძლივებული აქვთ უფლებამოსილების ვადა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ 6 თვიანი ვადის გახანგრძლივება არ შეიძლება და ეს ეწინააღმდეგება ანტიჩიხური მექანიზმის აზრს“, - განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივ დასკვნაშია აღნიშნულია, რომ „შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის“.