საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მოწმეთა დაკითხვამ დაადასტურა, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
როგორც ადვოკატმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმეებს კვლავ მოუწევთ ჩვენების მიცემა.
„მოწმეებს მოუწევთ ჩვენებების ხელახლა მიცემა. მათ ევალებათ, რომ სიმართლე ისაუბრონ. ყველა მოწმესთან მიმართებით მაქვს იმედი, რომ სიმართლეს ისაუბრებენ, რაც არის იმის გარანტია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოირიცხება", - განაცხადა ადვოკატმა.
შოთა თუთბერიძემ იმედი გამოთქვა, რომ მოწმეები არ დაემორჩილებიან შესაძლო წნეხს.
„დღევანდელ პროცესზე გამოკითხულ მოწმეებს ინფორმაცია წამების შესახებ ნამდვილად არ მიუწოდებიათ, მიაწოდეს ინფორმაცია აქციის დაშლის ეპიზოდის შესახებ, რომელიც მათ საკუთარი თვალით ნახეს. ამ მოწმეებმა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დაადასტურეს, არის ის, რომ საქართველოში ხორციელდება შერჩევითი მართლმსაჯულება. ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ ის არა აქციის დაშლის ფარგლებში, არამედ პოლიციის მიერ უკანონოდ დაკავების დროს არის ნაწამები. აღნიშნა, რომ ეს ადამიანები დღემდე არ არიან დასჯილები. საუბარია პოლიციის უფროსის და მისი მოადგილეების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. მოწმეებმა ისაუბრეს აქციის დაშლის ზოგიერთ ეპიზოდზე, მათ შორის, სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებაზე. არავითარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რომელიმე პირი, ან მესამე პრეზიდენტი რაიმე ფორმით მონაწილეობდა აქციის დაშლაში, არცერთ მოწმეს არ გაუჟღერებია. მოწმეთა დაკითხვამ დაადასტურა, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და შერჩევითი მართლმსაჯულება", - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.