2023 წელი ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო: განხორციელდა მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 18 ემისია, რომლებიც 7 სხვადასხვა სექტორზე ნაწილდება. კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის ზომამ კი მიმდინარე წელს 1,8 მლრდ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ "თეგეტა ჰოლდინგისა" და "თიბისი კაპიტალის" ერთობლივ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიება "თეგეტა ჰოლდინგის" მიერ „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, 20 000 000 ლარის ობლიგაციები განთავსებას ეძღვნებოდა.
"თეგეტა ჰოლდინგმა", საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად, ლარში დენომინირებული, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა.
სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროგრესზე, მნიშვნელოვან მიღწევებსა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
"ბოლო 5 წლის განმავლობაში კორპორაციული საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში უფრო და უფრო ვითარდება და იზრდება. ბაზრის წინსვლის ნათელი მაგალითია მიმდინარე წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ტრანზაქციები. ამ მომენტისათვის კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა 1.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის მოცულობას ორჯერ აღემატება. მიმდინარე წელს ქართულმა კომპანიებმა ასევე გამოუშვეს მწვანე, გენდერული და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საცალო ინვესტორების ინტერესის ზრდა და აქტიურობა აუცილებელია კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის და მით უფრო მისასალმებელია საცალო ინვესტორების ნდობის ზრდა ლარში დენომინირებული გრძელვადიანი საინვესტიციო პროდუქტების მიმართ.
"ვფიქრობთ, აღნიშნული ემისია მიუთითებს ლარის მიმართ ინვესტორთა ინტერესის ზრდაზე და ვიმედოვნებთ, რომ მოცემული ტრენდი შენარჩუნდება მომავალშიც. ასევე, ეროვნული ვალუტის ფიქსირებული ინსტრუმენტები დაეხმარება ბიზნეს სუბიექტებს მოიზიდონ უფრო სტაბილური დაფინანსება და უკეთ მართონ საბაზრო რისკები. ინვესტორებისთვის კი ლარში დენომინირებული ფიქსირებული პროდუქტები შექმნის დაგროვების ალტერნატიულ საშუალებას“, - განაცხადა მიქაბაძემ.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მეშვეობით ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების როლის გაძლიერებასა და მათ შორის, განსაკუთრებით ფიქსირებული გრძელვადიანი ინსტრუმენტების დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რასაც ეკატერინე მიქაბაძის თქმით, ეროვნული ბანკი საკუთარი მანდატის ფარგლებში ხელს შეუწყობს და წაახალისებს.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.